გიორგი კეკელიძე: “უნდა ვიმოქმედოთ”

მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს, რადგან  უყვარს თავისი ქვეყანა და უნდა უკეთესი იყოს – ოკუპანტის ყოველგვარი საცეცისგან თავისუფალი:

“ეს დღეებია, კარგი კაცის, გელა ჩარკვიანის ჩანაწერს იმეორებს თურმე ბევრი: “განათლება არის გზა თავისუფლებისა და კეთილდღეობისკენ. მის გარეშე შეუძლებელია, როგორც ცალკეული პიროვნების, ისე მთელი საზოგადოების წინსვლა.

დემოკრატიულ ქვეყანაში განათლების როლი განსაკუთრებით მაღალია, რადგან მხოლოდ განათლებულ მოქალაქეს ძალუძს გააკეთოს სწორი პოლიტიკური არჩევანი”.

მართალია. უბრალოდ განათლების გავრცელებას ბრძოლა ჭირდება. შრომა. რუტინა. და არა მტრის მიერ შემოცურებული ფრაზა, მანტრასავით რომ იმეორებს ორმოცი წელი გაღმა და გამოღმა მყოფი – ,,რა დროს ეგ არის?!” დიახ, ოდესმე უნდა დადგეს ამ ნათქვამის გაუქმების დრო, რადგან სწორედ მისი სიცოცხლე ახალისებს ისეთ დროებს – ახლა რომ დგას. გუშინ, გუშინწინ და იმისწინ რომ იდგა.

როგორც რიტორიკაშია, ვთქვათ ისიც, რომ რასაც ახლა ვიტყვი, ეს ნათქვამი ყველას არ ეხება, მაგრამ ის, ვისაც არ ეხება – არის ცოტა, ძალიან ცოტა.

და აი, რა მინდა ვთქვა:

ჩემო ძვირფასო და ყოვლადშესანიშნავო მეგობრებო, თქვენ გგონიათ რომ აი, გუშინ რომ ახალციხის სოფლებში ვიყავი ან ხვალ რომ წავალ – მაგალითადვე – ახალქალაქის სოფლებში მცხოვრები ადამიანები, ყოველდღიური ფიქრით, მაინცდამაინც ცუდს მიესწრაფვიან – არა, რა თქმა უნდა. ამ ხალხის დილაც და საღამოც – ყოველდღიური შრომაა, თავჩახრილი შრომა და თავის და თვალის მოტყუების ამბავი. გადარჩენის და იმედის ძებნის საქმე.

მაგრამ ისინი ჩვენ არ გვიცნობენ. ვარსებობთ და არც. თითქოს პარალელური სამყაროებია და რა გასაკვირია, რომ ის, რაც უცხოა, მერე მტრულდება კიდეც – თუ ვინმე მონდომებულის მხრიდან, ამის ,,სურვილი” დაიბადა.

ბევრი თქვენგანისთვის ქართული სოფლები ხევის ტრაფარეტით იწყება და შორაპნის წარწერით მთავრდება – ბათუმისკენ მიმავალ გზაზე. ახალი გზით მაგათაც აცდებით და ალბათ საბოლოოდ ამოისუნთქავთ. ზოგიერთი, უფრო მონდომებული, მანქანას სოფლის სკოლის შენობის შესასვლელთან გააჩერებთ – ფეხსაცმელზე ტალახი რომ არ წაგეცხოთ, რომელიღაც სასტუმროს საკონფერენციოში ნასწავლ საათიან ტრენინგს ჩააბულბულებთ, ოღონდ იქ შეკრებილ ხალხს კი არა, საკუთარ თავს ელაპარაკებით და ბოლოს იკითხავთ: ,,სადმე ახლოს ცოტა ისეთი, ნორმალური ჰოტელი არ არის, რომ დაძინება შევძლო?”

ამ ქვეყანას დაძინება რომ ვერ გადაარჩენს, ამ ქვეყნისვე მთავარმა კაცმა თქვა ლექსად ოდესღაც. სიფხიზლის სწავლა რთული ამბავია? ,,მაი როის იქნება?” – იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ. უნდა დაველოდოთ? არა, უნდა ვიმოქმედოთ. ბრძოლა ღირს თუ დანებება? მე მგონია, რომ ადამიანს უწევს ერთი გენერალური, გარდაუვალი დანებება – სიკვდილი – დანარჩენ დროს დანებება უბრალოდ სირცხვილია სიცოცხლის – ამ აურჩეველი საჩუქრის – წინაშე. სხვა არაფერი.

მე აქ ვრჩები, დღეს და ხვალაც და საკუთარ ბრძოლას გავაგრძელებ, რადგან ერთი რამ ვიცი – ჩემი ქვეყანა მიყვარს და მინდა, უკეთესი იყოს. ოკუპანტის ყოველგვარი საცეცისგან თავისუფალი. არ ჩამოვთვლი, რა შევწირე ამ ამბავს – რუსეთუმე ტროლ-ბოტის თუ ტრაგი-კომიკური სასარგებლო იდიოტების გამო. არ ჩამოვთვლი და არ ვწუწუნებ – ბრძოლაა და ბრძოლა შეწირვასაც ნიშნავს. სხვანაირად არ გამოდის. ვიცი. თუმცა მე ამ აზრით საწუწუნო რა მაქვს – ამ ქვეყანაში უმრავლესი ადამიანის ჯერაც დაუმსახურებელ, დიდ სიყვარულს ვგრძნობ – ყოველ ნაბიჯზე რომ მხვდება. ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც, ვაკეთებ შეიძლება ძალიან ცოტას, თუმცა ვაკეთებ დღისით და ღამით – ამიტომაც და კიდევ სხვა, პერსონალური და საზოგადოებისთვის არცთუ უცნობი მიზეზითაც ვწერ ამგვარ თემებზე იშვიათად და მით უფრო ტელევიზიით ნაკლებს ვლაპარაკობ. ეს უბრალოდ ჩემი გზაა – განა გამორჩეული ან უკეთესი – უბრალოდ ჩემი. სხვამ იმ გზით უნდა სცადოს, რაც უკეთ შეუძლია.”