სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი წლებია გაჭირვებულებს ეხმარება და მათი მფარველი ანგელოზია. საბურთალოზე უფასო ტანსაცმლის მაღზია აქვს, სადაც ტანსაცმელთან ერთად გაჭირვებული ადამიანებისთვის რიგდება ფეხსაცმელი, სათამაშოები, ჭურჭელი, წიგნები და ყველა ის ნივთი, რაც შეიძლება ადამიანს ოჯახში გამოადგეს.
აკა სინჯიკაშვილი:
“ფილმივით ნამდვილ ამბავს მოგიყვებით – ასეთი რამე კინოშიც არ მინახავს.
საერთოდ, ტანსაცმელის დარიგება ძალიან რთული საქმეა. ვალდებული ხარ, ყველა მომსვლელს, სახეზე ან გამომეტყველებაზე სცნობდე. პირველ დღეს, ძირითადად ქუჩაში ტანსაცმელით მოვაჭრეები, ყველანაირი უფასო სერვისით მოსარგებლეები და სეირის მოყვარულები მოდიან. მეორე დღეს, ვინც ვახსენე, მათი ნათესავები და ისევ თვითონ ისინი და გარეთ ელოდებიან ახლობლებს. მათთვის შესაბამისი ნივთებია დალაგებული.
მესამე დღეს იწყება შედარებით ისეთი ადამიანების მოსვლა, რომლებსაც მართლა სასიცოცხლოდ სჭირდებათ ყველანაირი ტანსაცმელი, ჭურჭელი და საოჯახო ნივთები და ყველაფერს ვარიგებთ, რაც გვაქვს.
ეს ამბავი, ხუთშაბათს მოხდა.
უკვე, როცა ძალიან დაცოტავდა ხალხი, მაგრამ გარეთ მაინც იდგა რიგი. ირაკლი არ იყო, მაგრამ მოსულები თორმეტზე მეტი არ იყვნენ და მეც ცოტა მშვიდად ვიდექი შესასვლელში.
ნივთები, ჩვენთან, მხოლოდ შაბათს და კვირას მოაქვთ. არავინ არაფერს მოიტანდა და წასაღებად მოსულების იმედი მქონდა, რომ ერთმანეთში მაინც არ იჩხუბებდნენ, როგორც ყოველ დღეს და ყოველ ნახევარ საათში ხდება.
ეზოს მხრიდან სწრაფი ნაბიჯით ასე 25 წლის ბიჭი წამოვიდა და ყველამ ერთად შეხედა. სახეზე მთლიანად გაფითრებული იყო, ძველი პერანგი და გახუნებული შარვალი ეცვა. ერთი წამით ხალხის შერცხვა, მაგრამ ხმის კანკალით ჩუმად მაინც თქვა – “დილას ჩემი შვილი დაიბადა ჩემო ძმაო. ბიჭია, სახელიც არ ჰქვია ჯერ. იქნებ რამე ჩასაცმელი გქონდეს, რომ გამატანო, ჩემს თავს არ დავეძებ, მეტი ვერაფერი ვერ შევძელი ჩემო ძმაო”. დიდი, მრგვალი თვალები ჰქონდა.სიმართლით და წყლით სავსე.
გამეორება ვის სჭირდებოდა, ერთ წამში მოვედი აზრზე.ერთი წუთით დამელოდე შენ გენაცვალემეთქი და მივტრიალდი შესასვლელად. იმწამს ეზოში ლურჯი მანქანა შემოვიდა და პირდაპირ შესასვლელთან გააჩერა. დიდი კაცი გადმოვიდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ისეთი მძიმე ამბავი გადაეტანა, შეკითხვა არც ღირდა. ხელით მანიშნა არ შეხვიდეო. საბარგულიდან ორი დიდი ჩანთა ამოიღო და ჩემს და ცოტა ადრე მოსულ კაცს შორის დადო.
– “აქ ახალდაბადებული ბავშვის ტანსაცმელი და ნივთებია აკა” – მეუბნება და ამხელა კაცს ხმა თითქმის აღარ აქვს. – ” ორ წლამდე სანამ გაიზრდება, ყველაფერია აქ. წუხელ ჩემი ბიჭი უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო… იმას მიეცი, ვისაც დასჭირდეს”.
ვაშლისხელა ცრემლი გადაყლაპა და მეტი ვერაფერი თქვა. მეც ვერ ამოვიღე ხმა. ალბათ ფერიც არ მედო, თვალები დავხუჭე და უჩემოდ მოხდა ყველაფერი.
გასასვლელში მთასავით კაცს გულში ჩაეხუტებინა ფერდაკარგული გამხდარი კაცი.
– ამ ჩანთებს უკან ჩავდებ და მე მიგიყვან ძმაო.
– ნუ შეწუხდები ძმაო.
– ჩემი ბიჭისაა, დათუნას ვარქმევდი, კაცურად გეხვეწები წაგიყვან..
– დათუნას დავაქმევ ძმაო.
– ხო კარგად არის?
– კარგად არის ძმაო, ჯანმრთელია.
– მაგის სიცოცხლეს ვენაცვალე მე.
– თუ შეძლებ, მომინათლე ძმაო.
– როცა მეტყვი ჩემო ძმაო.
– შენი სახელი…?
……………………….
ვიდექით ცამეტი ადამიანი და არცერთს აღარ გვახსოვდა ვის რა გვიჭირდა.ხმაჩამწყდარები, დათუნაზე ვფიქრობდით ყველა. ორივე დათუნაზე.
და ადამიანებზე …”