მოუსმინეთ თინათინ მღვდლიაშვილს

პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა მკითხველის წინაშე პირველად გამოიტანა სამსჯავროზე მისი მამაცი ლექსი – ,,ინკვიზიცია საღვთო ქალაქში”:

ინკვიზიცია საღვთო ქალაქში

ორი ძველი შეთქმული, – გიურზა და მელია,
დგანან საღვთო ქალაქში და პილატეს ელიან!..
და ელიან იუდას, – გამცემს, ისკარიოტელს,
ჟამი უდგათ სერობის, – კაიაფას, ჰეროდეს!..
და მოფრინდა ზეციდან რკინის თეთრი ფრინველი,
გავხდი დიდი დაცემის და ღალატის მხილველი!..
ავსულები დაძრწიან თითქოს გულისფიცარზე,
ჩამობობღდა მაქცია ივერიის მიწაზე!..
ქარია თუ წვიმაა?..წვიმაა თუ ქარია?..
ზეცა შროშანისფერი, ნეტავი, რამ არია?!.
ალბათ, ცაზე დაქრიან მალემსრბოლი მხედრები,
ამდენ საწუხარისგან ვბობოქრობ და ვხელდები!..
იქნებ, მთები დაიძრნენ ამ ჩემს გულის ძგერაზე? –
ამეტყველდა სატანა რუსთაველის ენაზე!..
წამიბილწა ავარამ მარგალიტი ქებული, –
უვიცია, პატარა და ბეჭამოგდებული!..
ვდგავარ გახევებული, ვით ვარ ამის ამტანი? –
მგელს მიართვეს ტარიგად უცოდველი ბატკანი!..
თითქოს, შხამი შემასვეს იუდასგან მოწვდილი…
ესეც კრავის ზეიმი!.. ესეც კრავის ქორწილი!..
და, ცრემლიან წამებში, მაგონდება წარსული, –
ურწმუნოთა თარეში, ცოდვა წრეგადასული!..
სისხლიანი სამსჯავრო, სისხლიანი ჩვევები,
და ქვესკნელის სამყარო! – ,,ესპანური ჩექმები”!..
ვატიკანის სივრცეში ფუნჯი მამათმავალთა,
მწვალებლური ,,ხატები” ეშმას შთამომავალთა!..
წმინდა პეტრეს ტაძართან მოედანი ,,რჩეული:’,
სენა – მყრალი გვამთაგან, ვერსალისთვის ჩვეული!..
ჯვაროსანთა ომები, – სისხლისღვრა და ხანძარი,
და ათონზე ღვთისმშობლის დარბეული ტაძარი!
ვითომ ქრისტეს სახელით! – ავზნიანი მკვლელები! –
და ქართველი ბერებით ჩაძირული გემები!..
მერე, სხივი მცირედი – ,,პაპთა ავინიონი”, –
სილა, მაგრად გარტყმული, – სამშობლოში ვიიონის!..
მერე, ღამე ბართლომეს, – ხორცი ასგზის ნაკეპი, –
უწმინდური ბალთაზარ და ორსული პაპები!..
ვითომ, ქრისტეს სახელით! – ჯვრები აალებული!..
და ლუციუს მესამე – ცეცხლით გააფთრებული!..
ვითომ, ქრისტეს სახელით! – მძვინვარება ავაზის! –
ტორკვემადას მოკლული სული ათი ათასი!..
მოხარხარე ალქაჯნი – წამებულთა კვნესაზე,
და ხალხების ჯალათი – ინოკენტი მესამე!..
ჯოჯოხეთის ზეიმი!.. ლუციფერის ხლართები!..
გარეგნული სიმშვიდე, მანტია და ბაფთები!..
პირქუშ საპყრობილეში დაფარული გვარები! –
და სულ ქრისტეს სახელით,
და სულ ქრისტეს სახელით,
და სულ ქრისტეს სახელით! –
სიკვდილი და გვამები!..
და მოფორთხავს აფთარი, როგორც უხსენებელი,
ავგული და ავთვალი, ავად სახსენებელი!..
მათ ხომ მუდამ ყოველი ,,იცოდნენ” და ,,იციან”, –
მობრძანდება თბილისში თავად ინკვიზიცია!..
ქარია თუ წვიმაა?.. წვიმაა თუ ქარია?..
ზეცა შროშანისფერი, ნეტავი, რამ არია?..
შრიალებენ ქარბუქში ჭადრები და ვერხვები
და სივრცეში დაქრიან მალემსრბოლი მხედრები!..
იქნებ, მთები დაიძრნენ ამ ჩემს გულის ძგერაზე,
ან მტრედები ატირდნენ ლექსთა ფოთოლცვენაზე?..
ქარი აბნევს თბილისში, აზრებს, ათასნაირებს…
იებსა და ენძელებს და იუდას ყვავილებს!..
ვდგავარ გამეხებული!.. ვით ვარ ამის ამტანი?! –
ღმერთო, გადამირჩინე უცოდველი ბატკანი!..
მიხოხავენ მცხეთისკენ რომის ტარტაროზები,
დგანან სვეტიცხოველთან მთავარანგელოზები!..
მიქაელი, გაბრიელ, – სატახტოში ელიან,
როდის მობრძანდებიან გიურზა და მელია!..
და იღვრება ზეციდან უფლის მადლი ულევი,
და ჯარებად მოდიან უხილავი სულები…
მზის სარკმლიდან ელავენ, როგორც იაგუნდები,
ზეთისხილის რტოები და ცხრა დასის გუნდები!..
სამთავროსთან ნინო დგას, ნათლით გაბრწყინებული,
და მოქრიან გიორგის ძმები განრისხებულნი!..
გუგუნებენ ზარები – ალავერდის, სიონის
და ფეხზე დგას სამზეო მთელი კავკასიონის!..
ღმერთო, შემაძლებინე ამ წამების ატანა,
როგორც ჩამოეხეტა, ისე წავა სატანა!..
წავა!.. წაეხეტება! – ენაგადმოგდებული! –
უვიცი და პატარა და ბეჭამოგდებული!..
მე კი მცხეთას დამრჩება ჩემი ძელი ცხოველი,
ჩემი ჯაჭვის პერანგი – თეთრი სვეტიცხოველი!..
და იჟღერებს მარადის, მარგალიტი ქებული,
ჩემი ენა ქართული, სულიწმიდით ცხებული!..
საქართველო ჩემია! – იცოდნენ და იციან. –
ვერ წამართმევს სამშობლოს პაპის ინკვიზიცია!..”
თინათინ მღვდლიაშვილი
2000 წელი, ენკენისთვის 7

**************************
შენიშვნები:
,,ესპანური ჩექმები” – ადამიანის საწამებელი მანქანა.
მოედანი ,,რჩეული” – იგულისხმება გრევის მოედანი (პარიზი).
ვიიონი – ფრანსუა ვიიონი, პოეტი-ყაჩაღი.
ბალთაზარი – ბალთაზარ კოზა, პაპი-მეკობრე, თაღლითი, უგარყვნილესი კაცი, ანტიპაპი!
პაპთა ავინიონი – პაპთა ავინიონის ტყვეობა. პაპთა დამცირებისა და ტყვეობის პერიოდი საფრანგეთის ქალაქ ავინიონში. 1303 წელს ფილიპე მეოთხე ლამაზის კანცლერმა,
ყაჩაღმა ნოგარემ 86 წლის ბონაფიციუს მერვეს სილა გაარტყა. პაპი, რომელიც ,,მელასავით დაძვრებოდა, ლომივით მეფობდა, ძაღლივით მოკვდა”
ორსული პაპები – ცნობილია, რომ ქალმა მოახერხა და პაპი გახდა. იმშობიარა რელიგიური მსვლელობის დროს. მას შემდეგ შემოიღეს ტრადიცია, რომ პაპობის კანდიდატს უნდა
დაემტკიცებინა ხორციელი მამაკაცობა. ამ სამარცხვინო რიტუალს, თვით ავხორცი ბალთაზარიც ვერ გადაურჩა.
ლუციუს მესამე – პაპი. 1184 წელს, მისი ინიციატივით და ფრიდრიხ პირველის მხარდაჭერით მიიღეს უფლება ეწარმოებინათ კომისიები ერეტიკოსთა დასაჭერად და საწამებლად. ადამიანებს ფატრავდნენ, ჭრიდნენ, ხარშავდნენ, ჭამდნენ, ყრიდნენ უფსკრულებში, წვავდნენ კოცონზე.
თომა ტორკვემადა – ესპანელი ინკვიზიტორი, დომინიკანელი. 1480 წელს შექმნა ახალი ინკვიზიცია. მასობრივად აწამა და მოკლა ათი ათასზე მეტი ადამიანი. სწორედ მაშინ მოკლეს მეცნიერი და პოეტი ჯორდანო ბრუნო, ექიმი სერვეტი, მეცნიერი ლუჩილიო ვანინი, მოაზროვნე ტომაზო კამპანელა. მამხილებელი ბერი სავონაროლა დაწვეს!..
ინოკენტი მესამე – პაპის პირველი ინკვიზიტორები იყვნენ 1198 წელს ინოკენტი მესამის მიერ დანიშნული სამოციქულო ლეგატები.
ბართლომეს ღამე – 1572 წლის 24 აგვისტოს სისხლიანი ღამე, როდესაც კათოლიკეებმა პარიზში წმ. ბართლომეს საზეიმო ღამეს გაჟლიტეს მძინარე ჰუგენოტები (ფრანგი პროტესტანტები). მოიკლა 30000 ადამიანი. ამ სისხლისღვრის მოთავე იყო ეკატერინე მედიჩი. პაპმა გრიგოლ მეშვიდემ დალოცა ეს სისხლისღვრა.
დაფარული გვარები – იგულისხმებიან საპყრობილეებში გამოკეტილი ადამიანები, რომელთა გვარებს, წარმომავლობას საგულდაგულოდ მალავდნენ. განსაკუთრებით ასაიდუმლოებდნენ დიდგვაროვნებს, მეცნიერებს, შემოქმედ ადამიანებს…
_________________
ინკვიზიცია — კათოლიკური ეკლესიის ტრიბუნალი, რომელიც XIII საუკუნეში შეიქმნა ერესთან საბრძოლველად. ინკვიზიციური ტრიბუნალი რთული დაწესებულება იყო, რომელიც საგამომძიებლო და სასამართლო ხელისუფლებას აერთიანებდა. ინკვიზიცია სრულიად დამოუკიდებელი იყო საერო ხელისუფლებისაგან. ის განსაკუთრებით მძვინვარებდა ესპანეთში და გამოიყენებოდა როგორც კონტრრეფორმაციის იარაღი.
საინკვიზიციო სასამართლო – 1215 წლის ლატერანის კრების კანონების მიხედვით საეპისკოპოსო სასამართლოებს ევალებოდათ ბრალდებულის პროცესზე დასწრება. ბრალდებულს ეძლეოდა შესაძლებლობა, ბრალდებაზე პასუხი გაეცა. აუცილებელი იყო მოწმეების სახელების ცოდნა, რადგანაც მათი გასაიდუმლოება ხელს უწყობდა ცილისწამებას.
განსხვავებული იყო ერეტიკოსობაში ბრალდებულის მდგომარეობა. ეჭვმიტანილს წინასწარ დამნაშავედ აცხადებდნენ. ინკვიზიტორი დამნაშავეს აიძულებდა, ეღიარებინა დანაშაული და მოეთხოვა ეკლესიის წიაღში დაბრუნება.
საინკვიზიციო სასამართლოსგან თავის დახსნა ძნელი საქმე იყო. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე თეორიულად შესაძლებელი იყო რომის პაპთან ჩივილი. თუმცა, ინკვიზოტორზე იყო დამოკიდებული, მიიღებდა თუ არა პაპისათვის გასაგზავნ წერილს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ოქროსმოყვარული პაპი ჩაერია საქმეში. 1245 წლის ლანგედოკის ეპისკოპოსების წერილიდან ირკვევა, რომ ისინი ჩივიან პაპ ინოკენტი IV–სთან რომ ბევრმა ერეტიკოსმა სასამართლოსგან თავის დაღწევა მოახერხა. თუმცა, ასეთი შემთხვევა იშვიათი ხდებოდა. კარკასონის ინკვიზიციის რეესტრში, 1249–1258 წლებში ორასზე მეტი საქმიდან ბრალდებული არც ერთ შემთხვევაში გასამართლებული არაა.ინკვიზიციისგან თავის დაღწევა იმდენად რთული საქმე იყო, რომ ფრანცისკანელი ბერის ბერნარ დელისიეს სიტყებით, წმინდა პეტრე და წმინდა პავლე ერეტიკოსობაში დადანაშაულების და საქმის აღძვრის შემთხვევაში ვერანაირად გაიმართლებდნენ თავს.
__________
ადამიანის კოცონზე ცოცხლად დაწვის ტრდიცია არსებობდა რუსეთშიც, რომელიც ოფიციალურად მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში იქნა შემოღებული მოსკოვის სამთავროში ერეტიკოსების და ჯადოქრების წინააღმდეგ.თუმცა ადამიანის ცოცხლად დაწვის პირველი ფაქტი დოკუმენტებით დასტურდება ჯერ კიდევ 1227 წელს, ნოვგოროდში, სადაც ოთხი გრძნეულობაში ბრალდებული იქნა დასჯილი სიკვდილით კოცონზე. ვინაიდან ქვეყანაში ხალხი ძალიან გუნათლებელი და ცრუმორწმუნე იყო, მასაში ხშირად ჩნდებოდნენ “ჯადოქრებიც” და სექტანტი-ერეტიკოსებიც, ამიტომ ცოცხლად დაწვასაც ხშირადაც იყენებდნენ. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენებოდა მე-17 საუკუნეში, ე.წ. “სტაროობრიადცების” მიმართ, რომლებიც პატრიარქ ნიკონის საეკლესიო რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ, რომელიც ღვთისმსახურების ბერძნულ ეკლესიასთან უნიფიკაციას ისახავდა მიზნად. ცოცხლად წვავდნენ აგრეთვე ღმერთის მგმობელებს და მართლმადიდებლობიდან სხვა სარწმუნოებაზე მოქცეულებს. უკანასკნელი ადამიანი რუსეთში ცოცხლად დაწვეს 1770-იან წლებში, როგორც ჯადოქარი.”