მოგისმენიათ ვაჟა ფშაველას კაფია?

ვაჟა ფშაველას შემოქმედების მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი მისი ლექსები, მოთხრობები თუ პოემები, მაგრა ცოტამ თუ იცის შემოქმედის კაფიების შესახებ. ვაჟას კაფია გიგი ხორნაულმა თავის წიგნში “ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი” შემოგვინახა:

„მართალია, ვაჟას ზეპირი კაფია არ ემარჯვებოდა, მაგრამ შემორჩენილია ხალხის მეხსიერებაში თითო-ოროლა ნიმუში მისი კაფიაობისა. სოფელ ღულელების მკვიდრმა ვანო ქისტაურმა გაიხსენა ერწოში ყოფნის დროს როგორ ეკაფიავა ვაჟა თორღვა ქისტაურს.
ვაჟა: – თქვენთან მწადიან ბაასი, ეხლა ძლივს შეგხვდით სწორთაო.
თორღვა: – დიდი ხარ, ვაჟა-ფშაველავ, მხარბეჭიანი, კოხტაო, ხელმწიფეს უნდა უმღერდე, რო თამარ მეფეს შოთაო.
ვაჟა: –დიდთან დიდია ვაჟაი, პატარიასთან ცოტაო, მოსისხლეს არას ვუმღერებ, მეცა ვცნობ თავის სწორთაო.
მოლხენის დროს უბრალოება უყვარდა, თავმდაბლობა, თავშეკავება, გაკრიალებულ რესტორანში შესვლა ერიდებოდა, სიამეს უფრო უბრალო სუფრა ჰგვრიდა. ასეთ დროს ერთთავად ღიღინებდა. უყვარდა ფანდურზე დამღერებაც, დინჯი დაბუბუნება.“