იპოლიტე ხვიჩიას დიდებული წერილი

იპოლიტე ხვიჩიას – ქართული კინოს ნამდვილი ვარსკვლავის წერილი მისმა ერთ-ერთმა შვილიშვილმა გაგვიზიარა:

,,ბაბუ კაცთმოყვარე იყო. მეტყოდა ხოლმე: თუ ადამიანს სიკეთეს ვერ გაუკეთებ, შენი პრობლემებით მაინც ნუ დაამძიმებო.

მანანა, მთელი ცხოვრება გახსოვდეს: არავის დასცინო! არავინ დაამცირო!..
ბევრი არასოდეს მქონია, მაგრამ შეჭირვებული არასოდეს დამიტოვებია უყურადღებოდ. ისიც იცი, რატომ დავსდევ ნაცნობებს თუ უცნობებს, თუ რაიმე უჭირთ. უარი შესაძლებელზე ჩემთვის ჯერ არავის უთქვამს და მეც დიდი წარმატებით ვიყენებდი ამას, მილეთის საქმეები მაქვს შეიჭირვებულთა საკეთილდღეოდ გაკეთებული…
არასოდეს მქონია უცხოელ იუმორისტ კინოვარსკვლავთა ტოლი შემოსავალი, მაგრამ თუ ჩემთან ვინმე მოსულა, მითქვია მისთვის უარი?
სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან ხმამაღლაც შეიძლება იყვირო, ხომ ვიცით ჩვენ, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელია.
უფროს-უმცროსობის ქართულ ურთიერთობებს ანალოგი არ აქვს, გენაცვალე, აი, მანდ თუ შეეშალა კაცს, მერე ცუდადაა საქმე.
მე თქვენი სიყვარულით ვიყავი ძლიერი, შვილო! თქვენ თუ კარგად მყავდით, რასაც ვაკეთებდი, კარგად გამომდიოდა.
სიხარულის ჩუქება უნდა შეგეძლოს! მენდე, შენს გაბრწყინებულ სახეს რომ ვხედავ ხოლმე, გული მიკანკალებს.
იარე, შვილო, შემოიარე დუნია! ნახე, რაც სანახავია. გაიხარე, შეაფასე, მოსაწონი მოიწონე… თვალი არაფერზე დაგრჩეს, მანანა! სამშობლოზე უკეთესს ვერსად ვერაფერს ნახავ და არც არის!
თუ მოგბეზრდეს სხვაგან ყოფნა, დაგეგმილზე ადრე ჩამოდი, გვიამბე ნანახზე და განცდილზე, ცრემლის არ შეგრცხვეს, მონატრების ცრემლის. სირცხვილი ქურდობაა! სიძულვილია სირცხვილი, ცილისწამებაა სირცხვილი!
სამშობლოს მონატრება და ამის გამო ატირება სიხარულია!
იცოცხლეთ, შვილებო! გაიხარეთ, გამრავლდით! ღირსეულად მინდა იცხოვროთ!”