გურამ ქართველიშვილის საუკეთესო წერილი

მწერალი, ისტორიკოსი და დრამატურგი გურამ ქართველიშვილი თითოეულ ჩვენგანს გამარჯვების ფორმულას გვიზიარებს:
“ა რ ხ ე ი ნ ო ბ ა როგორც ასეთი… 
ყურები მაქვს გამოჭედილი საქართველოს გულშემატკივრებისგან და მაღალი იერარქებისგან სიტყვებით — ,,საქართველოს ბევრი მძიმე ეპოქისთვის გაუძლია და ახლაც გაუძლებსო”. რა სავალალოა რომ ეს ქართული არხეინობა უკვე მისაღებ აზრად დამკვიდრდა ჩვენში. არადა თქვე დალოცვილებო სად ამოიკითხეთ რომ რომელიმე მძიმე ეპოქაში ქართველები ასე ბარბაროსულად მოვქცეოდით სამშობლოს და გადავრჩენილიყავით?. სულ-ხორციანა გაგვეყიდა ის, ან ყველა ღალატზე თვალი დაგვეხუჭა და გავბრწყინებულიყავით?
ასეთ არხეინა მოიმედეებზე ერთი პასუხი მაქვს: – თუ ძნელბედობის ეპოქებში ქართველობა გადარჩა როგორც ერი, ეს ქვეყნისთვის თავდადებული პიროვნებების და თავდაუზოგავად მშრომელი ხალხის გამო მოხდა. გადავრჩით მაშინ როცა იერარქები ერს რაზმავდნენ მტერთან ბრძოლისთვის და ასე მიმართავდნენ განწირულ ქართველობას: — ,,ნუ მომედგრდებით, რამეთუ ჩვენ ვიქნებით წინამავალნი თქვენნი” და ამას ხმლით ხელშიც კი ასრულებდნენ ხშირად. გადავრჩით მაშინ, როცა მეფე ომში პირველი შედიოდა და მას თან ერის ნაღები ომზე ნაგეში თავად – აზნაურობა მისდევდა, ჯვარშემართულ და ხმალამოწვდილ სამღვდელოებასთან ერთად. როცა ქართული მიწის ნაგლეჯიც არ რჩებოდა მოუხნავი ჩვენი მიწათმოქმედი გამრჯე გლეხობისგან, რათა მუდმივი ომების გაუმაძღარი კუჭი ესაზრდოვებინა. როცა მთა სავსე იყო მგლებად დაზრდილი ქართველებით, ხოლო გაუტეხელი ბარი ქართულად ბარობდა. გადავრჩით მაშინ როცა მართლმადიდებლობა და ეროვნულობა ერთ სიტყვა ,,ქართველში” გვქონდა გაერთიანებული და ჯვარი, წიგნი, გუთანი და ხმალი ღირსეულად გვეჭირა ხელში. როცა შვილებს ვზრდიდით პრინციპით: – ,,ჯერ მამულს და მერე მე”.
მუქთახორობით, უსულგულობით, მასობრივი და დაკანონებული ღალატით, საკუთარი ისტორიის, ამაგდარი წინაპრების და უძველესი კულტურის მოთხრა-ლანძღვით, მიწის უცხოელებზე გაყიდვით, შვილების გადაგვარებით და იუდა მთავრობების მონობით არც არასდროს გადავრჩენილვართ და მითუმეტეს არც ამ არნახულ ყოფნა-არყოფნაში გამოვა ე მაგ აბსურდის ხორცშესხმა. ხოლო უფალზე ჩვენი საკეთებლის ამკიდებელ მოიმედეებს ვეტყვი, რომ უფალი მაშინ გვწყალობდა როცა ზემოთ მოყვანილი ერის სახე გვქონდა და არა ასეთი, სუიციდით დაკავებულის, ან უფლის მოიმედე არხეინის, რომელიც თვითონვე ანადგურებს ერის არსებობისთვის აუცილებელ საყრდენებს და თან ამ საყრდენების გადარჩენას ყოველდღე ევედრება ეკლესიებში უფალს ფარისევლის ,,დამაჯერებლობით”. არ არის ასე? ვაი რომ ასეა.
მეტად გავრცელებულ არხეინობას პასუხი ჭირდებოდა და მოგახსენეთ მე ცოდვილმა ჩემი აზრი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბევრი თანამემამულე ამ წერილიდან აზრს ნაკლებად გამოიტანს, ან თუ გამოიტანს მაინც არხეინობას ამჯობინებს, რადგან ვალდებულებებით არის შესისლხორცებული ამ ანტიქართულ რეჟიმს.”