მწერალი გურამ ოდიშარია აფხაზეთის ომს არაჩვეულებრივ ჩანაწერს უძღვნის:
“აფხაზეთის ომზე, საკენ-ჭუბერის ჯოჯოხეთზე, ბევრი დაიწერება, ყველაფერი აიწონება აფთიაქის სასწორით, სახელდაუდებელ მოვლენებს შეერქმევა სახელი… მაგრამ ეს იქნება ხვალ, დღეს კი – დაუყუჩებელი ტკივილებისაგან გაოგნებულია ნაწამები საქართველო. და ახლა უმთავრესია – ამ უკიდურესი გაჭირვების ჟამს სამარეებგამრავლებულ, ნაშიმშილევ მამულს სულის სიმხნევით, მართალი სიტყვით, სიყვარულით, რაინდობით, გონიერებით ვუმკურნალოთ. მხოლოდ ამ რწმენით ვწერდი ამ ნარკვევს.
ავტორი
გურამ ოდიშარია
დევნილთა უღელტეხილი
ძღვნად ჩემს ქალიშვილს სალომეს!
…უღელტეხილი ბევრად ადრე დაიწყო, უფალო, ვიდრე მასზე შევდგი ფეხი… და ეს მერამდენე საუკუნეა, რაც მე და შვილი ჩემი, მშობელი ჩემი, ახლობლები, ძვირფასი ადამიანები, ცოცხლებიცა და გარდაცვლილებიც, ისინიც კი, რომლებიც აწი უნდა დაიბადონ, ყველანი ერთად, მივაბიჯებთ ამ უღელტეხილზე, მივაბიჯებთ უხმოდ. თოვს და ყინავს… როგორ დაიღალა სხეული და როგორ მოიქანცა სული, გულისცემაც გაქრა თითქოს სადღაც, არადა მივაბიჯებთ და მივაბიჯებთ ჯიუტად და ერთგულად, გზას კი არ უჩანს ბოლო… შენ უშველე ყველა დევნილს, შენ დაიფარე ყველა გაჭირვებული, მამავ ჩვენო, ნათელო დიადო, რწმენავ… – დაახლოებით ასე ვესაუბრებოდი ღმერთს ორი ოქტომბრის, ალბათ ყველაზე საშინელ ღამეს საკენ-ჭუბერის უღელტეხილის უმაღლეს მონაკვეთში, სწორედ იმ ღამეს, როდესაც ჩემს თვალწინ და ჩემს ხელებში რამდენიმე ადამიანმა ჩიტივით დალია სული.
მამისეული სახლი სოფელ მაჭარაში 27 სექტემბრის საღამოჟამს დავტოვე. ჩემი ძველი ვოლგით მიმყავს დედა, ძმა, მეგობარი. მეუღლე და სალომე თბილისში არიან, ამიტომაც შედარებით მშვიდად ვარ, 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. კოდორის ხიდი ვერა და ვერ გაარღვიეს სხვადასხვა ნომრის, დასახელების კორპუსებმა და ბატალიონებმა. ხალხი იძულებულია ხსნის ერთადერთ – სვანეთისაკენ მიმავალ გზას დაადგეს (ყველას კარგად ახსოვს გაგრა). დევნილები ჩქარობენ, ვინ მანქანით, ვინ ფეხით… ცხენებითაც მიემართებიან მთებისკენ. ვიმეორებ, – ყველას კარგად ახსოვს გაგრა (და არა მარტო გაგრა). ჩამწკრივებული ჯარისკაცები არეული ნაბიჯით მოდიან მერხეულისკენ. მითუხთიხებენ მეომრებდაზვინული „ბმპ“ – ები რუსული „ბმპ“ უფრო უხდებათ მათ სახელად, ვიდრე ქართულად კოპწიად თარგმნილი – „ფეხოსანთა საბრძოლო მანქანა“. მზიანი შემოდგომის დიდებული დღეა, „შოკოლადის დღე“ ჩემთვის კარგა ხანია, ასე შევარქვი ზღვისპირეთის ასეთ დღეებს, ყანებში მწიფსს სიმინდი, ეზოებში ღუის იზაბელა. მოკლედ, მოსავლის აღების ჟამია. საღამოს მზის ქვეშ ლურჯად ზიმზიმებს ზღვა.
საცოდავი სანახავია დამარცხებული ჯარი.
მიდიან თავჩაქინდრული, სიამაყეშელახული მეომრები, თვალს ვერავის უსწორებენ, ზოგიერთი ნაცნობებს ემალება, მზერას არიდებს.
დედაჩემი თვალცრემლიანი ემშვიდობება მშობლიურ ეზო-კარს.კიდევ კარგი, – გვეუბნება დედა ძმას და მე, -მამათქვენი არაა ცოცხალი.
მსუბუქი და სატვირთო მანქანების, ავტობუსების, „ბმპ“-ების, „შილკ“- ების, „ბტრ“-ების ტრაქტორების გამონაბოლქვი ტრასას ნისლავს. ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ზოგან გზა სამხედრო ტექნიკითაა ჩახერგილი. ჯარისკაცებს მიაქვთ „მუხები“, ყუმბარმტყორცნები, ნაღმმტყორცნები. სქელ კვამლში მოჩანს სხვადასხვა სამხედრო დანადგარი (არც ვიცი მათი სახელი). ხალხი უყურებს და უკვირს, რატომ გატყდა არცთუ ცუდად შეიარაღებული, არცთუ მცირერიცხოვანი ჯარი.
მიუხედავად იმისა, მამაჩემი პროფესიონალი სამხედრო იყო და ოცდახუთი წელი რუსულ ჯარში იმსახურა, განსაკუთრებით ახლა ვგრძნობ, თუ როგორ მძულს იარაღი. მძულს კალაშნიკოვები და მაკაროვები, სემიონოვები … ჩემი რწმენით არასოდეს უკეთებია იარაღს კეთილი საქმე, მარად სიკვდილისა და შურისძიების უსასრულო ჯაჭვს აგრძელებდა მხოლოდ. როგორი ფარული სადიზმია ჩაბუდებული კაცთა კვლის ხელოვნების განმავითარებელთა მიერ თავიანთი პირმშოებისათვის შერქმეულ სახელებში: ავტომატური ნაღმმტყორცნი „ვასილიოკი“ (იცით, ალბათ, მინდვრის ყვავილია ერთგვარი), ან „ნონა“, „აკაცია“, თუნდაც საქვეყნოდ ცნობილი „ლიმონკა“. მე მინახავს „ვასილიოკებით“, „აკაციებით“, „ნონებით“ დაფლეთილი ბავშვები და მოხუცები, ქალები და მამაკაცები, სწორედ ამიტომაც მთელი ომის განმავლობაში ათასგზის შემძულდა იარაღი, მითუმეტეს, როცა დღეს ასე ადვილად უვარდება იგი შლეგ და გულღრძო ადამიანებს. მათ, რომლებიც თავიანთი ქმედებით გვიმტკიცებენ, თუ როგორ შორს ვართ ცივილიზებული სამყაროსგან, როგორ შორს და რა საცოდავად გარიყულები. უბედურია ქვეყანა, სადაც კეთილ სიტყვაზე მეტად ტყვია ფასობს, სიყვარულზე მეტად სიძულვილი.
მოძრაობა ჩერდება, ძრავას ვთიშავ და მანქანიდან გადმოვდივარ, მიახლოვდება ნირშეცვლილი ნაცნობი. იცი, რა ვნახე – მეუბნება აკანკალებული ხმით, – კელასურის ხიდზე ქალი გადმოდიოდა, აი, ახლა ორიოდე სააათის წინ… რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის, მძიმე ჩანთა მოჰქონდა თან. შევატყვე, ცუდად იყო ძალიან. ვკითხე, ქალბატონო, ხომ არ დაგეხმაროთ-მეთქი. ბუტბუტი არ შეუწყვეტია, ჩანთა გახსნა და „გრადის“ ნამსხვრევებით დასახიჩრებული შვილის ცხედარი მიჩვენა…
მერხეულში ნოდარ ნათაძეს მოვკარი თვალი. ჯარისკაცის ხაკისფერ ფორმაშია, ფეხით მიდის. გენწვიბში ასე მითხრეს – ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენესო. რატომ ტოვებ სოხუმსო, – თავს დასხმიან დევნილები, – ტელევიზიით რომ გამოგვაყრუე რუსების გინებით, რატომ გარბიხარ ახლა, მიდი, ებრძოლე რუსს, ამაზე უკეთეს შანსს სად იპოვნი. ან ჯერ ხალხი მაინც გახიზნე და მერე დატოვე აქაურობა… სად გარბიხარ თავდაცვის კომისიის უფროსო?!
ერთიც კია – რასაც სხვებს ვერ უბედავენ ნათაძეს ადვილად კადრებენ, სხვათა ცოდვებს მისას უმატებენ და სადაც წააწყდებიან, პასუხს მხოლოდ მას სთხოვენ.
სოხუმიდან საკენამდე არც მეტი, არც ნაკლები, 100 კილომეტრია. ის საღამო მანქანაში გავათიეთ, გუჯეჯიანების ეზოში, სოფელ აჟარაში. 28-ში საკენში ვართ, „აფხაზეთის სვანეთის“ ბოლო დასახლებულ პუნქტში. აქედან ჭუბერამდე 50 კილომეტრამდეა, ზოგიც – 65-აო, გვიმტკიცებს.
მთებში ყოფნისას რამდენიმე წინასწარმეტყველური სიზმარი ვნახე (სიზმარი დამემართაო, – ასე ამბობდა ხოლმე ნათესავის ბავშვი)… ჰოდა, მეც დამემართა რამდენიმე საშინელი სიზმარი და… ყველა უკლებლივ გამართლდა. განსაკუთრებით ერთმა დამზაფრა, ალბათ, ისიც ამიხდება მალე.
დედაჩემს ახლობლებთან ვტოვებ. იგი 12 დღის შემდეგ მანქანით მშვიდობიანად ჩამოჰყავთ სამეგრელოში. ძმა – 29 სექტემბერს მიემართება ჭუბერისკენ, მე და მეგობრები კი – 2 ოქტომბერს. სვანები გვაფრთხილებენ – მალე ჩამოთოვს და 10-15 ოქტომბრისთვის უღელტეხილი ჩამოიკეტებაო. ჩვენც ვჩქარობთ. თითო-ოროლა ვერტმფრენი მხოლო თითო-ოროლა ძუძუთა ბალღის და მათი დედების გადაყვანას ახერხებს.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში ხატულა ჩანთებიც მაქვს, 15 კილოგრამამდე ტვირთს (ძირითადად ტანსაცმელს) ცელოფანის ტომარაში ვუყრი თავს (როგორც ამას დევნილთა უმრავლესობა აკეთებს, და მე განსაკუთრებით ახლა ძალიან არ მინდა, სხვებისგან განვსხვავდებოდე).
წვრილი თოკისაგან მკლავების გასაყრელსაც ვახლაფორთებ და სუპერზურგჩანთაც მზადაა. მოკლედ, ესაა მთელი ჩემი ავლა-დიდება. მშვიდობით, მშვიდობით, პატივცემულებო – ფერადო ხალათებო, „აბსოუზიდან“ გამოტანილო ფეხსაცმელებო, ჩემო ძვირფასო პალტოვ, წყალქვეშა ცურვის ნიღბებო, კეკლუცი ქალივით ნატიფო – ყავის ფრანგულო სერვიზო… სრულ მზადყოფნაშია ჩემი ძველი მგზავრობაში გამოცდილი ქურთუკი, კაშნე, ხელჯოხი, ქუდი, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ უგზო-უკვლოდ მეკარგება.
დილის ექვსია. გურამ კაკულიასთან ერთად პურით (რობინზონ კრუზოს გამომცხვარ პურს რომ ჰგავს), დაკონსერვებული ხორცით და თაფლით ვსაუზმობთ. თან სულ თაფლის ქებაში ვართ – ჰო, ჰო, რა თაფლია, ბიჭო, რა თაფლი (თან დოდო აბაშიძეს ვბაძავთ – „რა თოფია, რა თოფიო“) მთებში თაფლი უნდა ჭამო, ხერგიანს თაფლი უყვარდა და ა.შ. მოკლედ, ერთმანეთსაც ვამხნევებთ, თავსაც ვიიმედებთ.
სანამ გზას შევუდგებოდეთ, რაღაცას ვიმიზეზებ, ჩემს მანქანასთან, ჩემს „ტიგრთან“ მივდივარ, საჭესთან ვჯდები და „ტიგრს“ ვემშვიდობები. არა მგონია, ძმაკაცო, – ვეუბნები, – ეს ჩვენი უკანასკნელი მგზავრობა იყოს. ყველაფრისათვის დიდი მადლობა, „ტიგრო“, განსაკუთრებით ბოლო წლებისთვის, შენ უფრო მეტად შემაყვარე სოხუმიც და ზღვაც, ქვეყნიერება. არავინ იცის, თუ რას ნიშნავ ჩემთვის, თუ როგორ მიყვარხარ; შენ ჩემი მაგიური ძმაკაცი ხარ, ჩემი მესაიდუმლე. ბევრჯერ არად ჩაგვიგდია მე და შენ სოფლის სევდა, ერთად გვიშენებია სახლი. კი გტოვებ, მაგრამ უნდა გამიგო, ვერ გადახვალ უღელტეხილს, „ნივა“ რომ იყო სხვაა, თუმცა ისიც ზოგან ტრაქტორმა უნდა ათრიოს ამ ოხერ აღმართებში. მაპატიე… იყავი ჯერ აქ, ცალანების ეზოში… და რაც უნდა მოხდეს, რა ჟამმაც არ უნდა განვლოს, მაინც მოგძებნი – ჩვენ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. განა მშვიდობით? ნახვამდის, ძმაკაცო, ნახვამდის!
„ტიგრს“ ხელს ვუთათუნებ და ათას მადლობას ვუგზავნი მის შემქმნელ ქარხანას.
იჩქარეთ, მანიშნებენ მეგობრები.
იწყება პირველი აღმართი.
აქვე უნდა აღვნიშნო, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ პერიოდში უსიტყვო მონოლოგები და დიალოგები, ირონია და ხუმრობა გახდა ჩემი თანამგზავრი.
მთელი ღამე წვიმდა და ელავდა.
დილითაც არ გვივიწყებს წვიმა – ერთ დროს ჩემთვის სინაზითა და რომანტიკით აღსავსე, ახლა უბედურების ქალბატონად ქცეული.
უღელტეხილის დასაწყისი მანქანებითაა გაჭედილი. „ზილები“ და „მაზები“, „ურალები“ და „გაზიკები“, „ნივები“ და „ვილისები“, კიდევ ვინ მოთვლის, ტექნიკის კიდევ რამდენი ღირსეული წარმომადგენელი უიმედოდ ელოდება თავის რიგს. მოწითალო პლასტელინივით ტალახს მხოლოდ ადამიანების ფეხები ჯაბნის.
სატვირთო მანქანების ძარები ცელოფანით, ბრეზენტით, ფიჭვის ხიდან ჩამოსხეპილი ტოტებითაა დაფარული, ისმის ჩვილთა ტირილი. ტყეში დანთებულ ათეულობით კოცონს ადამიანები უსხედან, თბებიან, საჭმელს იმზადებენ. ფაშფაშა ქალს ცხელი კვერებით სავსე ფეშხუმი მიაქვს ერთ-ერთი მანქანისაკენ. ვიღაც ცომს ზელენ, ვიღაც კარტოფილს თლის. ეტყობა, ზოგ ოჯახს თადარიგი ბევრად ადრე დაუჭრია, მანამდე, ვიდრე სოხუმი დაეცემოდა.
ხარებშებმული ურემიც აქაა, მუყაოს ქაღალდით გადახურული, ურმის სიღრმიდან ბავშვების შეშინებული, დაჭყეტილი თვალები მიმზერენ: ესეც შენი ბოშათა ბანაკი…
ვის არ შეხვდებ აქ. აი, რამინ ნინუა და მისი ჯალაბიც. ვესალმები რამინის ნირშეცვლილ გოგონებს, ვეფერები:
– აბა, თქვენ იცით, გოგონებო, ყოჩაღად იყავით!
– ოთხი დღეა, ტრაქტორს ველოდები, – მეუბნება რამინი, – მაგრამ ამ გზას რა გაათავისუფლებს, არადა ეს „მაზი“ თუ არ გადავიყვანე, როგორ ვარჩინო ცოლ-შვილი.
გზას ვაგრძელებთ. მოძრაობა ჭირს. ძნელია გვერდი აუარო ვიწროებში ჩახერგილ მანქანებს.
ხანში შესულ კაცს გზიდან გადაუხვევია, ისვენებს. მიმავალ ჯარისკაცებს ირონიულად უყურებს და ვიღაცას ხმამაღლა ეუბნება:
– შეხედე, ამგენს ნიჩბებიც არა აქვთ, არ კადრულობდნენ სანგრების გათხრას, ბაბა, და ასე მოიგებდნენ ომს?
– შენ რატომ არ გვეხმარებოდი, ბიძაჩემო, – გაავებულად გადმოსძახებს ახმახი ოფიცერი.
– იქნებ შენს მაგივრად მებრძოლა კიდეც?
– გააჩერე ენა, თორემ…
ოფიცერს ჯარისკაცები ამშვიდებენ.
– ეგ ანაღა დამრჩა, ბიძიკო, უკვე, მეტი არაფერი, – მწარედ იღიმება კაცი.
გზადაგზა უამრავი ნაცნობი მხვდება.
კვლავ წვიმს, ფეხები ღრმად გვეუფლება ტალახში. საშინლად სრიალებს ჩემი თხელლანჩიანი ფეხსაცმელი. ორი ნაბიჯი წინ, ერთიც უკან! ლენინური გზით მივიწევ.
იწყება კედლებივით აღმართები.
არა, ასეთი ფეხსაცმლით მთაზე ასვლა სიგიჟეა, მაგრამ მაქვს კი სხვა გზა? მოგვიანებით, უკვე თითქმის სიქაგამოცლილი, ვხვდები, რომ ელასტიური ბინტები შემოვიხვიეთ ფეხსაცმელზე და ლანჩების ღალატი ცოტათი მაინც დავთრგუნო ასე.
ძირს სრიალი!
ვერ გავიგე, აქაურებს მანძილის საზომი სხვადასხვა ერთეული გააჩნიათ, თუ ჩვენ გვამხნევებდნენ, როცა, მაგალითად, კილომეტრის ნაცვლად 2 ან 3 კილომეტრს გვეუბნებიან. თავდაპირველად გვითხრეს, 3-4 კილომეტრია აღმართები, მერე ადვილდება გზასავალიო. 3-4 კილომეტრის შემდეგ მწყემსი ამბობდა, კიდევ 7 კილომეტრი უნდა იწვალოთო. ზოგან – 2 საათი და ბანაკამდე მიხვალთ, ზოგან – კიდევ 8 საათი უნდა იაროთო და ა.შ.
მთაში ზედმეტი ფორიაქი არ შეიძლება, – მაფრთხილებდა წინა დღეს ნაცნობი მონადირე და მეც მორჩილად მივყვები ადამიანთა აღმა მიმავალ მდინარეს.
ათიათასობით წყვილი ფეხსაცმლის მიერ აზელილი ტალახი თვალისთვის უჩინრად მოიღვენთება ძირს.
ორიოდე კილომეტრის შემდეგ ქვემოდან ქალის კივილი ისმის. დევნილებს ტანში აჟრიალებთ. ოცდაათიოდე წლის ინფარქტგადატანილი კაცისთვის გულს უღალატნია. იქვე დაუკრძალავთ უბედური.
– გუშინ ქალმა მკვდარი ბავშვი იმშობიარა, – მეუბნება ვიღაც, – ქალიც მოკვდა. კიდევ ერთი მოხუცი ქალი დამარხეს ტყეში.
აქ არ არსებობს გიცნობ – არ გიცნობ. აქ ყველა ერთმანეთის ნაცნობია, – უფრო მეტიც – მეგობარი. გიახლოვდება კაცი, გეუბნება – მომიტეხე პური; თუ გაქვს, უნდა მოუტეხო, თუ მაქვს და არ მოვუტეხავ, მთა არ მაპატიებს. თუმცა „ჯერ თავის“ კასტისანი აქ ბლომად არიან. მოდიან და თავიანთ დაკარგულ ქონებას დასტირიან, სულთმობრძავ თანამოძმეს დაჰყურებენ და კვლავ თავიანთი თავი უჭირთ. უღელტეხილმა მათ არაფერი ასწავლა.
მთა დიდი სიყვარულივითაა, დიდი სიყვარული კეთილს უფრო აკეთილშობილებს, ბოღმიანს უფრო მატებს ბოღმას, ხარბს – სიხარბეს, ძუნწს – სიძუნწეს, გულუბრყვილოს – გულუბრყვილობას…
მთა ომივითაა, რენდგენის სხივებით ამჟღავნებს ყველას.
ტაძარივითაა მთა – ვისაც ცოტათი მაინც სწამს ღმერთის და ცოტათი მაინც უყვარს ადამიანი, აქ განიწმინდება.
მივდივარ და ვფიქრობ, რომ სწორედ ღმერთმა მომიყვანა ამ უღელტეხილთან, არ შეიძლებოდა სხვაგან გადაეხვია ჩემს შარას, არ უნდა ქცეულიყო იგი კომფორტაბელურ გზად, მე არც თვითმფრინავით უნდა დამეტოვებინა მშობლიური ქალაქი და არც გემით, მხოლოდ უღელტეხილი იყო და არის ჩემი ბედისწერა, ჩემი სიკვდილი და ჩემი სიცოცხლე, სასოწარკვეთა და იმედი.
გზის დასაწყისში საოცარი თანადგომა, ურთიერთსიყვარული იგრძნობა.
მე არასოდეს მივლია მსგავს გზებზე… და ამ საერთო უბედურების მიუხედავად, ვგრძნობ, რომ მთელს ჩემს არსებაში მანამდე უცხო ბედნიერება მეღვრება სიყვარულივით… უღელტეხილზე თვალნათლივ ვხედავდი, რომ ჩვენს შორის ბევრად მეტი სიყვარული ყოფილა, ვიდრე სიძულვილი, ამას ხედავდნენ სხვებიც, თითქმის ყველა. მშვიდობიანობის ჟამს მხოლოდ ერთგულები გრძნობენ სიყვარულის სიდიადეს, უმრავლესობას კი, ჩვენდა საუბედუროდ, თურმე რაღაც დიდი უბედურება სჭირდება თვალის ასახელად. მე ყოველივე ეს ღმერთის ნიშნად მივიღე მაშინ და დღეს სულით ხორცამდე მწამს, რომ ნამდვილად გადარჩება ჩვენი მამული დაღუპვას.
– მთაში შენს სხეულს ხშირად უნდა მიაყურადო, – მეუბნება სანდომიანი სახის ჭაღარა კაცი, – მთას ზედმეტი ლაპარაკიც არ უყვარს, ძალას წაგართმევს. არც ბევრი უნდა ჭამო. მაძღარი არც ცხენი ვარგა და არც კაცი.
და მეც ვაყურადებ ჩემს სხეულს და ნაწილ-ნაწილ ვამოწმებ, ასე ვთქვათ, რევიზიას ვუტარებ მას: გულს, შენ ჯვარი გწერია, ყოჩაღად მუშაობ ჯერ-ჯერობით, არაფერი გეშლება, „ტიგრის“ მოტორივითა ხარ. ღვიძლი და თირკმელები, თქვე სიმულიანტებო თქვენა, არ გამაგონოთ წუწუნი, თუმცა ბოლო დროს ხშირად გჭყიპავდით შაქრის არყითა და წყალწყალა ღვინით. ფილტვებო, თქვენც გვარიანად გაგბოლეთ ომის სიგარეტით – „ასტრათი“, მაპატიეთ, მაპატიეთ! აბა, შენ იცი, უსისტემო სისტემავ ნერვებისა, გამიწიე ძმობა, თუმცა გვარიანად კი დავაგლეჯინე შენი ლითონის ძაფები ომს, არ დაგინდე. იქნებ შენი ხათრით მაინც დამეტოვებინა სოხუმი და ზოგიერთივით მეც მეცხოვრა ჩრდილოეთის რომელიმე დიდ, მილიონი ნათურით გაჩირაღდნებულ ქალაქში, მეკეთებინა ფული, მეყიდა სმოკინგი და რესტორნებში მედარდა მერე ჟამის ცვალებადობაზე და სამშობლოს მთებზე: ჰაი, დედასა, ასეთ ტიალ დღეში რო ჩაგაგდებდი, იფიქრებდი განა? მაპატიეთ, მაპატიეთ, ახლა მაპატიეთ! შენ როგორა ხარ, ჩემო აქილევსის ქუსლო – მარცხენა მუხლო? მრავალგზის დაშავებულო და დაჩეჩქვილო, შენ ნაფეხბურთალ-ნამენისკარო, ივლისის დაბომბვისას ნაგრადალო, არ მიმტყუნო, იცოდე, ყოჩაღად იარე, ყოჩაღად! მთელი მსოფლიოს ტელერადიოკომპანიები შენ გითვალთვალებენ, თან სანაძლეოსაც დებენ – გაძლებ თუ არა, გაჯობებს თუ არა უღელტეხილი. უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ვერ გაუძლებ! გეყურება შენ, რას გიბედავენ? არ მომჭრა თავი, იცოდე, ფოლადად იქეც, ფოლადად! განა ტყუილად გმკურნალობდა კეთილი როდიკო მეიშვილი ასკურავას წამლით, განა ტყუილად ცდილობდა ამდენს? ხომ გაქცია მგლის მუხლად? აბა, შენ იცი ახლა, წინ იარე, წინ – ნათელი მომავლისაკენ! იჩქარე, ნელა!
პირველივე შეგონებისთანავე ფრიადოსანი მოწაფესავით მიჯერებს მუხლი, ყუჩდება მისი ტკივილი და მშვიდი რიტმით მივუყვებით უღელტეხილს. აღმართებს ბევრად უფრო ადვილად ვძლევთ, დაღმართებში კი მიფრინავენ. უკუღმართები ვართ, მუხლო, მე და შენ, უკუღმართები, უცხოები რაღაცნაირად, უცნაურები.
რამდენიმე აღმართის შემდეგ ვისვენებ.
ხის გადანაჭერზე ჩამომჯდარი ვაკვირდები სახეთა უსასრულო გირლიანდებს. გზა ვიწროა და დევნილების ნაკადი ძალუმად მიედინება მაღლა.
დღის პირველი საათია.
დავიღალე.
უკვე არ წვიმს, ოდნავ ჟინჟლავს, მაგრამ 20-25 ნაბიჯის იქით არაფერი ჩანს – დანარჩენი სამყარო ნისლშია ჩაძირული.
ადამიანები ჩუმად მიაბიჯებენ. მხოლოდ წებოვანი ტალახით დამძიმებული ნაბიჯების ხმა და გაწამებულ ბავშვთა ტირილი ისმის.
ახალგაზრდამ ჯანიან ქალს ფეხსაცმელები გადაუყრია და შიშველ, დასიებულ ფეხებზე ცელოფანი შემოუხვევია. შუახნის გლეხკაცი ფეხშიშველა მოდის. ვეკითხები, არ გცივა-მეთქი, ის კი პასუხად კეთილად მიღიმის მხოლოდ. 6-7 წლის ატირებული გოგონა მამას მხრებით მოჰყავს. გოგონას ერთი ფეხი კაშნით აქვს შეხვეული, მეორე – თავსაფრით; ეტყობა, გზაში დაშავდა. ჩემს გვერდით ახალგაზრდა მამა ჯდება, ხელებში მსუბუქ საბანში გახვეული ჩვილი უჭირავს, უკან ტანჯულსახიანი ცოლი მოჰყვება.
მოდიან და მოდიან უსასრულოდ, მოდიან ბავშვები და მოხუცები, ქალები და კაცები, მოდიან პროფესორები და მინისტრები, უეშმაკო ხელობის ხალხი – გლეხები და მეთევზეები, მოდიან მძღოლები და ქურდები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პატიოსნები და უნამუსო ადამიანები, კეთილები და ბოროტები, ვხედავ ალალმართალ მეომრებს, ვხედავ მარადიორებს, ომის სისხლიანი ფულით დადაღულ კორუმპირებულ სამხედრო ჩინოსნებსაც, ვხედავ მზესუმზირის გამყიდველს და უკვე გაპროლეტარებულ ვიწროშუბლიან მილიონერს, მეძავებიც აქ არიან და მედროვენიც, სხვანაირად არც იქნებოდა, უფალო… წმინდა მამებიც მოაბიჯებენ, მამა ანტონსაც ვცნობ შორიდან, სიმპათიურ, ნუ მიწყენს და ცოტაზე მეტად თეატრალიზებული ცხოვრებით გატაცებულ მამა ანტონს… მოდიან სოხუმის უმშვენიერესი ქალბატონები, თვალაყვავებული, ამაყი ქალები, თუმცა კი გაფითრებიათ სახე, დაღლიათ მუხლები, მაგრამ მათზე ულამაზესი ქალები მთელს მსოფლიოში არ მეგულება ახლა. ო, რა დიდებულად გამოიყურებიან ისინი ამ უღელტეხილზე… მოდიან სოხუმელები და სოხუმის რაიონელები, გულრიფშელები, გაწამებულები და გატანჯულები. მათ მთელი ერთი წლის განმავლობაში ყველა იმ იარაღის სიავე თავიანთ თავზე გამოსცადეს, რომელიც ავღანეთში მოქმედებდა და უფრო მეტიც – ავღენეთში არ იყო ზღვა და შესაბამისად სამხედრო კატარღები და გემები არ ბომბავდნენ ქალაქებსა და სოფლებს. ხანდახან მეჩვენება, რომ ყველა სახე ნაცნობია. თითქოს ყველა მინახავს ადრე, ჟამგამოშვებით და პირიქით – ნაცნობთა სახეებიც უცხო მგონია. რამდენჯერმე გარდაცვლილთა სახეებიც დავინახე – აბჟაყვის დაბომბვისას შვილთან ერთად დაღუპული თანაკურსელი – გულო ჩალაძე, ზაფხულში ყაჩაღთა მიერ წამებით მოკული ბიძაჩემი… რამდენი არიან ეს სახეები, შემოდგომის ფოთლებივით – ათასები და ათი ათასები…
მოდიან… მაგრამ მათ არ მოუძღვით წინ მოსე, არც ვინმე მწყემსი კეთილი, არც ხატად ჰყავთ ვინმე, არც რწმენა შერჩენიათ… მოდიან… უფალიც არ ახსოვთ, უკვე, ყოველ შემთხვევაში, ვინმეს ღმერთის სახელი ეხსენებინოს უღელტეხილზე, არ მაგონდება. არც არავის ძალუძს ხუთი პურით მათი დანაყრება, არც კლდიდან გადმომჩქეფარე უწმინდესი წყლით დარწყულება, მოაბიჯებს ჯვარის სიმძიმით გათანგული ჯვარცმული ხალხი! მოდიან… ჟამიჟამ თავს წევენ და წინ იმზირებიან. მათი მზერა კითხულობს – ვინ, ვინ მოგვიძღვის, ვინ ეწამება ჩვენთან ერთად ამ გზაზე?.. მე არასოდეს მინახავს ამდენი ნაღვლიანი თვალები.
ვდგები და გზას ვაგრძელებ, ვგრძნობ, რომ სახეთა თვალთვალმა დამღალა, მაშინებს მირიად თვალთა მზერა. სიარულისას მხოლოდ ერთმანეთის ზურგს ვხედავთ და ეს ბევრად ადვილი ასატანია.
მთელი გზა ვგრძნობდი, რომ ვიღაც გვსჯიდა, მაგრამ იგივე გონების მიღმური არსება გვიცავდა კიდეც, თან თითქოს ბეჯითად გვაკვირდებოდა – კიდევ რამდენს გაუძლებენო.
რად გავრბივართ დიდ-პატარიანად ამ უღელტეხილით? ეს რა ამბები ხდება, უფალო?! რა ცოდვა გვაბრუნებს ასე? გვადგა კი ქართველებს ასეთი გასაჭირი ამ საუკუნეში, ან თუნდაც გარდასულში? მივდივარ, ვერ ვაზროვნებ, ვაჩუმებ კითხვებს, მე, თვითგადარჩენის ინსტიქტით დამუხტული სუპერ-ზურგჩანთიანი ფეხმტკივანი არსება.
უკვე პირველი ისტერიის მოწმე ვხდები, ისმის სასწარკვეთილი შეძახილი: ჯობდა აფხაზებს მოვეკალი, ვერ გავუძლებ ამდენს! – აქვითინებული, მთელი სხეულით მოძაგძაგე ქალი ჩამოდანზე ჩამომჯდარა. ცოცხალ-მკვდარი ქმარი ნელი ნაბიჯით უახლოვდება ცოლს, აყენებს, იღებს ჩემოდანს და ხევში მოისვრის, თან ყვირის: თავს იკლავ, უბედურო? რამდენჯერ გითხარი, გადაყარე ეს ჭინჭები-თქვა. ტალახში ჩამჯდარი ქალი ზლუქუნებს: ბავშვების ტანისამოსებია იქ, შენი პალტო… ხომ ვერ ვიყიდით აწი!..
უღელტეხილი თანდათანობით მცირდება. ჩემოდნები და ჩანთები ტყვიასავით მძიმდება – ათი კილო ას კილოდ ქცეულა უკვე. მაღლა და მაღლა უფრო ჭირს…
ხალხი გზისპირას და ხევში ყრის ტანსაცმელს, დანა-ჩანგლებს, ძვირფას თეფშებს, ოჯახურ ალბომებს, ანტიკვარებს… იშორებს ქონების უკანასკნელ ნაწილსაც.
გზაში უცნობი კაცი მიყვება, თუ როგორ დაასაფლავეს მაჭარაში, გზისპირას სოხუმში დაღუპული ექვსი ჯარისკაცი: სამედიცინო მანქანამ – „კობრამ“ სასწრაფოდ ჩამოასვენა ისინი, ერთი მათგანი შუაში ისე იყო გადაჭრილი, თითქოს უზარმაზარი ცულით გადაცელესო. მესამე დღეა აზრზე ვერ მოვდივარ, რა იარაღი იხმარეს ასეთი.
გრძელდება დიადი გზა, ვუახლოვდებით მწყემსთა და მონადირეთა ბანაკს.
ბანაკამდე ერთხელ კიდევ ვისვენებ. უკვე არც ჟინჟლავს, გარემო კი მაინც ძველებურად მოქუფრულია.
გვარიანზე მეტად ვარ დაღლილი.
მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ვამჩნევ ჩემს გვერდით მდგარ უზარმაზარ ხარს. ქალაქელი კაცი ვარ და ვერ დავიჩემებ – საუცხოო ჯიშის ხარი ვნახე-მეთქი, მაგრამ დამატყვევა ამ უმშვენიერესმა ცხოველმა. ულამაზეს თვალებიანი, მეფური იერის, საკუთარ ქანდაკებას დამსგავსებული ხარი გაოგნებული დაჰყურებს აღმართზე ამომავალ, ტალახში ამოგანგლულ კაცთა მოდგმას. რა თქმა უნდა, მთიელ მასპინძელს არასოდეს უნახავს ამდენი ადამიანი, არასოდეს გაუგონია ამდენი გმინვა და კვნესა და არც ასეთი ჟამიჟამ მძიმედ ჩამოვარდნილი სიჩუმე. მთელი ჩვენი უბედურება ხარის გაქვავებულ სხეულში, მის მუშტისოდენა თვალებში ირეკლება, ძლიერდება და სულს მიხუთავს. ვნანობ, რად მივატოვე ხატვა, თორემ უეჭველად დავხატავდი ქართულ „გერნიკას“. ვნანობ, რად არ ვარ კინორეჟისორი, თორემ გადავიღებდი ფილმს, სადაც ერთ-ერთ სიუჟეტს ამ ხარს მივუძღვნიდი.
მოულოდნელად ხარს თვალები უფართოვდება – მოსახვევიდან უცხო შრიალი მოისმის. 10-15 კაციან ჯგუფს ახალთახალი ცელოფნისაგან ლაბადისმაგვარი მოსასხამები მოუჯვართავს და თითქმის მწყობრად მოაბიჯებს. ვერცხლისფერგადაკრულ, ლაპლაპა უცხოპლანეტელთა კომბინიზონის მსგავს სამოსზე წვიმის წვეთები ბრწყინავს. არაამქვეყნიური იერის ჯგუფი უხმოდ მოაბიჯებს, მიზანსწრაფულად. მე და ხარი თვალს ვაყოლებთ ამ ფანტასტიკურ სურათს. გარშემო ვიხედები, მათ მფრინავ თეფშს თვალებით ვეძებ, მაგრამ ამაოდ. უცხოპლანეტელთა ეკიპაჟი შრიალით იკარგება მოსახვევში…
ნესტოებდაბერილი ხარი თვალს არ აშორებს ხალხს.
მეჩვენება, სანთლებივით ანათებენ ხარის რქები.
აბა, ჩემო წიქარავ, კარგად იყავი, ძმაო, მხსნელო ჩვენო და დამპურებელო. გვაპატიე ადამიანებს სისასტიკე, შეგვინდე ცოდვები. ხომ ხედავ, სანამდე მოგვიყვანა ყოველივე ამან. გგონია, ვერ ვგრძნობ, თუ როგორ გეკუმშება ფუთიანი გული სიბრალულისაგან. ვიცი, გეცოდებით ძლიერ. ვერ გექცეოდით, წიქარავ, კაცურად, გვაჭმევდი და გვასმევდი, წაიფორთხილებდი და… გაკვდინებდით ჩვენ – სიძულვილს ადევნებულები, აგრესიული, მოჩხუბარი არსებები. გიღირდა კი ჩვენი ერთგულება?.. ნეტავ ვინ გამოგგზავნა, დალოცვილო, ჩვენდა პატრონად, ძმაო ჩვენო და ღვთაებავ?!
თანაკლასელი – ჯემალ დარცმელია მეწევა. როგორც ყოველთვის, გვიხარია ერთმანეთის ნახვა.
– გავაგრძელოთ გზა? – ვეკითხები.
– გავიდეთ ბოლომდე! – მპასუხობს.
და ჩვენ არ ვჩერდებით ბანაკში.
იწყება სიკვდილ-სიცოცხლის გზა – უღელტეხილის ალპური ზონა.
გზადაგზა ედელვაისები გვხვდება; დაბლა ვარდისფერები იყვნენ, მწვერვალზე – ყვითლები არიან.
დამკრიფე, რაინდო, დამკრიფე, და შეყვარებულს აჩუქე ჩემი თავი – მწარედ მეხუმრებიან ედელვაისები, დამცინიან ოხრები. ხომ ხედავთ რეკორდზე მივდივარ, პირდაპირ გინესის წიგნისკენ მივაბიჯებ. ცოტა მაცალეთ, გადავრევ ცელქ ჟურნალისტებს და აი, მერე ნახეთ თქვენ ულამაზს ქალთა გაგიჟება, ათი მწვერვალის ყვავილები არ მეყოფა მაშინ. იცინეთ, იცინეთ, ვნახოთ, ვინც გაიცინებს ბოლოს.
საღამოვდება. უბერავს ცივი ქარი. იწყება თოვა.
ჯემალი და მე ვჩქარობთ.
ზღვისპირელებმა მთის ერთი კანონი უკვე ვიცით – არ შეიძლება მწვერვალზე შეჩერება, იქ მხოლოდ ბალახი და ედელვაისი ხარობს, წამლად ერთი ხეც არ დგას – ცეცხლს ვერ დაანთებ. მწვერვალზე გაჩერება სიკვდილია.
ქარი და თოვლი ძლიერდება. ვიწრო ბილიკზე გასულები ისე შეგვაქანა ქარმა, კინაღამ უფსკრულში ამოვყავით თავი.
ვფრთხილობთ.
ნამქერი გზას ფარავს. ხელები მეთოშება. ქურთუკის ფართო ჯიბეში ჩაკუჭული ქუდი, სადღაც დამკარგვია. კაპიშონს ვისწორებ, მაგრამ, გაქვავებულა კაპიშონი ყინულიან ქარში, ხრიალებს ხელის მოკიდებისას. გახევებულა წინდებიც, ფეხსაცმლის ზონარს სქლად მოსდებია ყინული და შუშა კიტრივით გაბერილი აქეთ-იქით ხტის სიარულისას. ხელჯოხსაც კილოგრამამდე ყინული აკიდებია. ძლივს ვათავისუფლებ ზონარს და ჯოხს ჩაკირული ყინულისაგან.
მალე პირველ დაღუპულ ადამიანს დავადექით თავზე – სამოცდაათიოდე წლის მაღალი კაცი გზისპირას პირაღმა წევს, ძველმოდური ქუდი ახურავს.
– ადექი, ბიძია, – ეუბნება ჯემალი, მხარზე ხელს კიდებს და უმალ გველნაკბენივით აშორებს.
მკვდარიაო, მანიშნებს თვალით.
– იქნებ მოკლეს? – გვეწევა პატარა ტანის, ოციოდე წლის გრძელფარაჯიანი ჯარისკაცი.
სისხლის კვალს ვერსად ვპოულობთ.
ზემოდან სვანი მეომრები ჩამოდიან ჩქარი ნაბიჯით, თითქმის მორბიან.
– უკან დაბრუნდით, ბანაკში დაბრუნდით, თორემ ყველანი გაიყინებით! – იძახიან ისინი.
– მოიცათ, ამ კაცს რა მოუვიდა? – ვეკითხებით.
– გაიყინა, გაიყინა!.. მოკვდა!..
ცივი ქარი ძვლებამდე ატანს. გრძელ, ბეწვიან კაშნეს თავზე ვიხვევ.
– რა ვქნათ, ჯემალ?
– უკან აწი ეშმაკი ვერ დამაბრუნებს, ძლივს მოვათრევ ფეხებს, ტყუილად გამოვიარეთ ამდენი მანძილი?
ჯემალი ზურგჩანთიდან ორ საბანს იღებს, ერთს მე მაძლევს, მეორეში თვითონ იფუთება. მეღიმება, საბანშემოხვეული, გრძელულვაშა ჯემალი წამისუმალ არგენტინელ მწყემსს ემსგავსება.
სასტიკად გვცივა. ვერ ვპატრონობთ გარდაცვლილს, გაჩერება კი არ შეიძლება. გავრძელებთ გზას. პატარა ჯარისკაცი გვერდით მოგვყვება. ქარი თანდათანობით ძლიერდება.
ორმოცდაათიოდე ნაბიჯის შემდეგ 60-65 წლის ცოლ-ქმარს ვეწევით. უცებ ჩასუქებული ქალი ჩანთებს დაბლა ყრის და შუა გზაზე, ზედ ჩემს ფეხებთან ეცემა, ხელებს ჰაერში ასავსავებს, შემდეგ ერთს ამოიკვნესებს და… კვდება. თვალებს არ ვუჯერებ. ნუთუ ეს ცხადია?
– დეიდა! – ვანჯღრევ, – დეიდა!..
ქმარი ერთხანს დგას, ჩემოდანს დაბლა უშვებს, თავს აკანტურებს, ქუდი უვარდება. ჯერ მუხლებზე ეცემა, შემდეგ მოწყვეტით – ცოლის გვერდით.
– რა ცხოვრება გვქონდა და სად ვკვდებით… – აი, მისი უკანასკნელი, ძლივსგასაგონად წარმოთქმული სიტყვები.
ხან ერთს მივვარდებით, ხან მეორეს. ადამიანის სხეულისა და სულის გაყრას ჯერ არ შევსწრებივარ. არ მეგონა, თუ ასე ადვილად კვდებოდა კაცი.
პატარა ჯარისკაცი ისტერიულად ტირის, ნაცემი ბიჭივით.
– ამას რას ვხედავ, ამას რას ვხედავ… იმეორებს უსასრულოდ.
– წადი, იარე! – უწყრება ჯემალი ჯარისკაცს, – იარე, თორემ გაიყინები.
პატარა ჯარისკაცი გვტოვებს.
წინ კვლავ აღმართებია, კედელივით აღმართები.
მალე ლოდზე მუცლით გაწოლილ გაყინულ ქალს ვხვდებით, შემეგ ქურთუკზე სამხედრო ქამარშემორტყმულ წვერებიან კაცს.
საკუთარი უსუსურება ყელში ბურთივით გვებჯინება – ვერავის ვეხმარებით. ესაა შეძახილებით ვამხნევებთ მხოლოდ მგზავრებს:
– არ გაჩერდეთ, იარეთ! იარეთ! ტყის დაწყებამდე გაუძელით. არ გაჩერდეთ! ცოტაა დარჩენილი!
ბინტით თავშეხვეული სულიერი ავადმყოფი მოჰყავს დედასა და ძმას. თითქმის ყოველ მეათე ნაბიჯზე ეცემა ავადმყოფი და მასთან ერთად ორივე თანამგზავრიც. ავადმყოფი ხმას არ იღებს, თავაწეულს თვალები ცისკენ აქვს აპყრობილი. დედა და ძმა ქვითინებენ.
ოცდაათიოდე წლის კაცი ლოდზე ჩამომჯდარა სასოწარკვეთილ დედას ეფერება, ადექიო, ეხვეწება. ვერ დგება ქალი. ადექით, ქალბატონო, იარეთ, – ვემუდარებით ჩვენც. ახალგაზრდა კაცი პურს გვთხოვს. ორი დღეა, არაფერი გვიჭამიაო, გვეუბნება. პურს ვაძლევთ და გზას ვაგრძელებთ. ცოტა ხნის შემდეგ უკან ვიხედებით. ქალი ამდგარა და ძლივს მოლასლასებს. რამდენიმე დღის შემდეგ ვგებულობ, რომ ის დედა-შვილი დაღუპულა. ქალი იმიტომ, რომ უღელტეხილს ვერ მოერია, შვილი იმიტომ, რომ დედა ვერ მიატოვა.
არავის გაუფრთხილებია ეს ხალხი, არავის მიუცია რჩევა-დარიგება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. მთელი გზის განმავლობაში არც ექიმი შეგვხვედრია სადმე, არც მაშველი, არც პური დაურიგებია ვინმეს. განგებამ სიკვდილ-სიცოცხლის საშინელი მარათონის მონაწილე გამხადა – გაუძლებ ბედისწერის გამოცდას? – იცოცხლებ! არადა…
ნერვებდაგლეჯილი, გულდამძიმებული დევნილები შიმშილის, წყურვილის და ტვირთის სიმძიმის გამო იღუპებოდნენ. გამოსავათებულები ჩაიმუხლებდნენ სადმე, თვალს მილულავდნენ – და მორჩა – ზეციური საქართველოს საზღვრებამდე ისედაც თავიანთი ფეხით ამოსულები წამისუმალ გვტოვებდნენ უღელტეხილის, ბუნების, ადამიანის, ბედის მიერ ნაღალატევ თანამოძმეებს.
მოგვიანებით ჭუბერში ჩემზე სამი დღით ადრე გადმოსულ ნაცნობთა ჯგუფს შევხვდი. მოშიებულებს რომელიღაც კენკროვანი მცენარის ნაყოფი ეჭამათ, მოწამლულან და ძლივს გადარჩენილან. მეორე დღეს ერთმანეთს ვერ ცნობდნენ. მითხრეს, ერთმანეთს ვეკითხებოდით ვინაობასო.
ბერძნულ მითოლოგიაში დავიწყების ლოტოსს ჭამს გმირი და უმალ ივიწყებს, თუ ვინ არის და საით მიდის. ანალოგიურია ქართული ზღაპრების ბოღმის ყვავილიც.
არის ყოველივე ამაში ბედისწერის სისასტიკე, განგების მიერ ჩვენთვის ჩაუწვდომელი, უმკაცრესი, ლოგიკური განაჩენი.
დაახლოებით ათი საათია. ბნელა. ვუახლოვდებით უღელტეხილის უკანასკნელ აღმართს. საშინელ წყურვილს ვგრძნობ. მწვერვალზე წყაროები იშვიათად გვხვდება. ამიტომაც გზადაგზა მცენარეთა ფოთლებიდან და მაღალი ძაბვის ანძათა ხიმინჯებიდან პეშვით ვიღებ თოვლს და შაქარყინულივით მივირთმევ. მამხნევებს თოვლი, ენერგიას მმატებს.
ვეწევი პატარა ჯარისკაცს. იგი არ ტირის. ხმადაბლა მიყვება თანამებრძოლის ამბავს. მჟავე წყლების გზაზე (ჭუბერისკენ მიმავალი შედარებით მოკლე გზაა) ორბავშვიან ქალს დაწევია, დახმარება შეუთავაზებია და პატარები ზურგზე მიუბამს. ორიოდე საათის სიარულის შემდეგ ორივე ბავშვი გაყინულა…
ბოლო აღმართს ჯემალზე ადრე ავდივარ, ვჯდები ლოდზე და თანამგზავრს ველოდები. დაქანცულს ისე ტკბილად მეძინება, გაღვიძება არ მინდა. ვიცი, გავიყინები ასე, კარგად ვიცი, მაგრამ სადღაც შორს ზაფხულის ზღვის ურბილეს ფსკერზე მძირავს ეს უცხო, ნარკოტიკული ძილი…
ჯემალი მაღვიძებს, სახეზე ხელს მირტყამს (არც თუ სათუთად).
– ადექი! – მიყვირის, – ადექი!
– თუ ძმა ხარ, ცოტა მადროვე, მეთაურო, სულ ხუთი წუთი… და დაგეწევი, – ვცდილობ, ღიმილისმაგვარი რამ გამოვხატო სახეზე.
მაგრამ „მეთაური“ მკაცრია, არ მეთანხმება და ჯიბიდან რაღაც შუშა ამოაქვს.
– უყნოსე!
– ეს რა არის?
– ოდეკალონია, „კრასნაია მოსკვა“…
– დაგვღუპა ამ „კრასნაია მოსკვამ“ და შენ კიდევ…
ოდეკალონს ვყნოსავ, სახეზე ვისვამ და ერთ ყლუპს ვსვამ კიდეც (ფრიად პატივცემული ხალხიც სვამს ოდეკალონს).
ყველას, ვინც ძვირფასი ადამიანი დაკარგა საკენ-ჭუბერის გზაზე, მინდა ვუთხრა – ნეტარი სიკვდილით გარდაიცვალნენ ისინი. დაღუპულებს, რომლებსაც გზადაგზა ვხვდებოდი, მშვიდი სახე ჰქონდათ და ტანჯვის არავითარი ნიშანი არ ეტყობოდათ. ერწმუნეთ ამ სტრიქონების ავტორს, რომელმაც კინაღამ გაიზიარა მათი ხვედრი – დაქანცულს ტკბილად, ძალიან ტკბილად ეძინება ყინვაში, ვით ახალწლის უმშვენიერეს ღამეს იმ ბავშვს, რომელსაც დედა სათუთად შემოუკეცავს საბანს. ვიცი, არ დაგამშვიდებთ ჩემი სიტყვები ჭირისუფლებს, მაგრამ სულ სხვაა, როცა უღმერთო გზის შემდეგ მშვიდად უბრუნდები მშობლიურ სახლს – მარადისობას, სადაც ადრე თუ გვიან ყველამ უნდა მოვიყაროთ თავი.
გზას ვაგრძელებთ. იცვლება ჯოჯოხეთური სპექტაკლის დეკორაცია – ამოდის მთვარე.
ქვემოდან რახრახი მოისმის. „ბმპ“ ამოდის. განზე ვდგებით. გვეწევა მთვარისფერსახიანი ხალხით სავსე „ბმპ“. მთვარის შუქზე ყველას სახე აქვს შეცვლილი, ჯემალიც სულ სხვა კაცი მგონია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბოსხის რომელიღაც ტილოს პერსონაჟი ვიყო. ლოდები, ქვები და შუქ-ჩრდილები დახოცილი ადამიანები და ცხოველები მგონია. „ბმპ“-ს ლულაზე მოხუცი კაცი სქელი თოკითაა მიბმული. კაცს ნაცნობი სახე აქვს. შოთა შარტავა – აფხაზეთის პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე. კაცი, რომელმაც მართლა პატიოსანი ცხოვრებით იცხოვრა. უკვე არაფერი მიკვირს – არც გამარჯვების ღვთაებასავით „ბმპ“-ს ლულას ამოკრული შარტავას ხილვა, პირიქით, იგი ძველებურ, ლამაზ გრავიურაზე გამოსახული ფრეგატებისა და კარაველების ჭვინტზე მიმაგრებული გამარჯვების ქალღმერთის ნატიფად თლილ ფიგურას მაგონებს. შოთა შარტავას შვილსაც შოთა ერქვა, მეცნიერი კაცი იყო, 15-16 მარტის შემოტევისას დაიღუპა გუმისთაზე, მხოლოდ ორი დღის შედეგ გამოასვენეს ბრძოლის ველიდან, ძლივს ააგლიჯეს ავტომატი, მაგრამ ვერა და ვერ გაუსწორეს სასხლეტზე გაქვევებული საჩვენებელი თითი. საფლავშიც ისე წევს იგი – მოკაკვული თითით, თითქოს ისვრისო. სამარეშიც აგრძელებს ომს. ცრემლი მერევა, მეცოდება შოთა, ყველა მეცოდება, წარმოიდგინეთ, ისიც, ვინც მას ესროლა. რა საბრალოა და პატარა ადამიანი. არადა, ეს არ არის გადაღლილი კაცის სენტიმენტალური განწყობილება, ეს რაღაც სულ სხვა გრძნობაა, ჩემთვის მანამდე უცნობი, ამამაღლებელი. რამდენიმე დღე არ მშორდებოდა ეს გრძნობა, თან დამყვებოდა, რაღაცისაგან მიფარავდა თითქოს, მაფრთხილებდა. უმცროსი შოთა შარტავა და „აიდგილარას“ თავკაცი – სერგეი შამბა ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერთ ეზოში იზრდებოდნენ, თამაშობდნენ ომობანას, ერთად სწავლობდნენ თბილისში, ერთ ბინაში ცხოვრობდნენ… და მაინც იომეს, ესროლეს ერთმანეთს…
გზაზე კიდევ რამდენიმე გაყინულ ქალს ვხვდებით.
კიდევ ერთი „ბმპ“ გვეწევა. ვაჩერებთ.
– წაიყვანეთ, ძმებო, წინ მოხუცები მიდიან, ძლივს არიან.
– არ გვაქვს ადგილი, ვერ ხედავ? – ხელებს მხრებზე მადებს „ბმპ“-ზე მჯდარი ახალგაზრდა კაცი.
იგი ტირის.
– რა გატირებს? – ვეკითხები.
ჯარისკაცის ფარაჯაში გახვეულ ცხედარზე მანიშნებს.
– ცოლს მივასვენებ… „ურალით“ მომყავდა… გადავარდა „ურალი“… მუხრუჭები, მუხრუჭები… სიტყვას ვერ ასრულებს, ხმამაღლა ტირის.
„ბმპ“ გზას განაგრძობს. ახალგაზრდა კაცი თვალს არ მაშორებს.
მივყვებით მთვარით განათებულ დაღმართებს.
უკვე სრულიად გაგვიქრა სიკვდილის შიში – 3-4 კილომეტრის იქით ტყე გამოჩნდა. ტყეში აქა-იქ ცეცხლი ბჟუტავს.
ხშირად გვხვდება წყაროები. თითოეულ მათგანს ვეწაფები, ვივსები მათი ძალით, დიდი ხნის უნახავი მეგობარივით ვესაუბრები. „მეთაური“ მიკრძალავს, არ დალიო ამდენი წყალიო, მაგრამ მე მაინც ჩემი გამაქვს.
– მეთაურო, არ მიმატოვო! – ხუმრობით ვეძახი წინ წასულ ჯემალს, – არ მიმატოვო, თორემ მოჩვენებად გამოგეცხადები დავით აღმაშენებელთან ერთად.
– ამაზე უარესი რა უნდა მომელანდო, – იცინის „არგენტინელი“ ჯემალი.
მართლაც, დოკუმენტურ ფილმებში ნანახ, სტალინგრადთან დამარცხებულ გერმანელ ჯარისკაცს ვგავარ ბინტებგადახვეული ფეხსაცმელებით, ტალახში ამოლუმპული შარვალ-ქურთუკით.
მალე ჰალუცინაციები გვეწყება – თოვლიდან ამოშვერილი უზარმაზარი ლოდები მომთაბარე ტომთა ქოხები გვგონია.
– არ მიიხედო უკან, ვიღაცეები გვაკვირდებიან, მძარცველებია, ალბათ, – მეუბნება ჯემალი და ვგრძნობ, როგორ უჭერს იგი ხელს უბეში გადამალულ რევოლვერს.
„ვიღაცეები“ ქვები აღმოჩნდა, გადამთიელთა ქოხმახები კი, როგორც ახლახან მოგახსენეთ ლოდები.
ამ დროს კი თურმე ჩვენს ქვემოთ, მოსახვევში, რეალურად არსებული ყაჩაღები რეალურად არსებულ ლოდებთან და კლდეებთან ჩასაფრებულები, ძარცვავდნენ დევნილებს, ჯარისკაცებს ართმევდნენ იარაღს, სხვებს – ქურთუკებს, ფულს, ოქროულობას, უკანასკნელ ნივთებს…
გზაში იარაღის გამო მოკლული ახალგაზრდა კაცის ცხედარიც ვნახეთ და გაყინული რკინისჩაჩქანიანი მეომრის გვამიც.
გამკითხავი არავინაა, მფარველი, მითუმეტეს. გაუძლებ ადამიანთა უგვანობას? – იცოცხლებ! არადა, დაიღუპები.
სოკოებივით ამოსულ, გაყინულ ქვებზე ფეხი ხშირად მისხლტება. რამდენჯერმე ვეცემი. მარჯვენა გვერდს სერიოზულად ვიზიანებ. ხელით ვითვლი ნეკნებს – ჯერ არც ერთი არ დამკლებია.
შუაღამისას ვაღწევთ ტყემდე, უამრავ კოცონს ერთს ჩვენსას ვუმატებთ. ზანტად იწვის სველი და ნედლი შეშა. ამაოდა ვცდილობთ გათბობას. ვითონ ვნაყრდებით, ვითომ ვშრებით და სიცივისაგან აძაგძაგებულები დაძინებასაც ვცდილობთ ვითომ.
ერთი უცნაური ამბავიც უნდა გავიხსენო – თითქმის მთელი გზის განმავლობაში მარილის გემოს ვგრძნობდი, თითქოს ზღვაში ახლადცურვანასწავლი ბლომად ვყლაპავდი მლაშე წყალს. მივდიოდი და სულ ჟოლოს მურაბის გემოს ვიხსენებდი, ჟოლოს მურაბიანი წყალი მენატრებოდა. რომ ეკითხათ – ყველაზე მეტად რას ინატრებო, ჟოლოს მურაბას-მეთქი, ვეტყოდი. კოცონთან მჯდომს უცხო კაცი მიახლოვდება. მურაბა არ გინდა? – მეკითხება და ლიტრიან ქილას მაწვდის. მოქანცულს თავის აწვაც მეზარება. ვართმევ ქილას. ჟოლოს მურაბაა… მივირთმევ მურაბას, ნეტარებისგან თვალებს ვხუჭავ და ერთხელ კიდევ ვრწმუნდები, რომ საოცარია ეს სიზმარ-ცხადი ქვეყანა.
კოცონებსგან მოშორებით ჭრელ ქსოვილში გახვეული რამდენიმე ადამიანი წევს.
– რად არ მოდიან ესენი კოცონთან, არ ცივათ? – ვეკითხები ენის ბორძიკით მურაბის პატრონს.
– ესენი მკვდრები არიან, – მპასუხობს მისი მშვიდი ხმა.
– ჰოო, – ვამბობ მეც მშვიდად, მათარიდან წყალს ვსვამ, ქილას უცნობს ვუბრუნებ და ვცდილობ, დავიძინო.
მეორე დილით ექვს საათზე ვდგებით და გზას ვაგრძელებთ. მშვენიერი, მზიანი, სასტიკი დღეა. გზადაგზა კვლავ გვხვდება მიცვალებულები, მაგრამ უკვე სხვასამყაროსეული, ყინულიანი მზერით; ჩვენი ძვირფასი, ჩვენი დევნილი მიცვალებულები. წვანან ისინი მშვიდად, ხელში ქაღალდის ნაგლეჯი უპყრიათ თავიანთი სახელითა და გვარით, ზუსტად ისე, ვით ახალშობილებს სამშობიარო სახლში. დამთავრდა სრბოლა მათი, დამთავრდა დევნა, მაგრამ… ისინი მაინც განარძობენ თავიანთ სვლას, თავიანთ ლტოლვას უკეთესი საქართველოსკენ, სადაც ყველაფერი რიგზეა, სადაც ადამიანები პატრონობენ ერთმანეთს, სადაც კაცი ქვეყნის ერთგულია და ქვეყანა – კაცის, და არავინ კლავს ერთმანეთს არც იარაღით და არც დევნით.
ოთხ საათზე ჭუბერში ვართ. ვწვებით უზარმაზარ, გადაჭრილ მორებზე და ვგრძნობთ, როგორ ვიძინებთ უკიდეგანო სიცარიელის ოკეანეში…
შემდეგ იყო კონტეინერმზიდით მგზავრობა ზუგდიდამდე. მანქანაში ორმოცდაათამდე კაცი ვართ. ჭერზე წყლადქცეული ამონასუნთქი ჰაერი თავზე გვეპკურება. საცოდავად ბჟუტავს ერთადერთი ნათურა. გზაში ვჩერდებით – ჰაერს ვანიავებთ. ხაიშში და ჯვარში რამდენიმეჯერ გვაჩერებენ, ჩხრიკავენ არაქათგამოცლილ მგზავრებს, იარაღს ეძებენ. სოფელ ლიაში მანქანა გვიფუჭდება (თუ არ ვცდები, სამუშიების სახლის კართან). გამოდის მასპინძელი, მგზავრები სახლში შეჰყავს, ბავშვებს და ქალებს ჩაიზე და პურზე პატიჟებს, კაცებს ახალ ღვინოს გვაჭაშნიკებინებს, გვლოცავს, გვაიმედებს, გვითანაგრძნობს, გვაცილებს, გვებოდიშება. ორ ღამეს ზუგდიდში, ბაჩანა ძანძავას მოსიყვარულე ოჯახში ვათევ.
შემდეგ იყო – სენაკი, კაცური კაცის – ალეკო ცხაკაიას სახლი.
შემდეგ კი ცხენისწყალი იყო, რომლის გაღმა და გამოღმა მდგარი ქართველები ერთმანეთს ესროდნენ. ვთხოვეთ ერთს და ვთხოვეთ მეორე მხარეს, გავეტარებინეთ. იფიქრეს, დაგვინიშნეს დრო და ქართველი დევნილები გაგვატარეს ქართველებმა. გადავედით ხიდზე თუ არა, მაშინვე კვლავ დასცხეს ერთმანეთს. ყოჩაღად იბრძოდნენ, ვერაფერს იტყვი. სადღაც მაღლა, ღრუბლებს მიღმა კი ცრემლად იღვრებოდა დედა საქართველოსი… ხითხითებდა სატანა…
თითქოს ვძლიე უღელტეხილს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავჯაბნე თითქოს, მაგრამ… იგი სამივე ჟამში გაიხირა, წარსულისა და მომავლის, აწმყოს მაგიურ ტრიპტიქად მექცა და ჩემს სულში და სისხლში დაიდო ბინა თავისი ცოცხლებითა და გარდაცვლილებით, „უცხოპლანეტელებით“, გაოგნებული ხარებით, „ბმპ“-ს ლულაზე მიბმული მოხუცებით, კვნესით, ვაებით, უსაშველო სინანულით… ვიცი, არასოდეს შეწყდება მასზე მოძრაობა, რამეთუ დევნილთა უღელტეხილია იგი, ერთად-ერთი უღელტეხილი მსოფლიოში, რომელიც მოგზაურობს და მოგზაურობს მთელს დედამიწაზე, დამუხტული დევნილთა ენერგიით, უზარმაზარი ხომალდივით მოივლის ოკეანეებს, ზღვებს, კონტინენტებს, სახელმწიფოებს, მსუსხავი ქარით გათანგული, დაწყევლილი და დიადი, პირმშო თვითმკვლელი, საკუთარ გულს საკუთარი ფრჩხილებით ჩაფრენილი, დასისხლიანებული საქართველოსი, გადასასვლელი სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ. ჯვარცმული უღელტეხილი!
დევნილთა უღელტეხილი ყველაზე მაღალი უღელტეხილია დუნიაზე, მამულის უწმინდესი ჰაერით გაჟღენთილი, ყველა ამქვეყნიურ წვრილმანზე და დავიდარაბაზე, ფულზე და ღალატზე, სიბრიყვეზე ზემდგომი უღელტეხილი – გოლგოთა სრულიად საქართველოს ცოდვებს მიეზიდება… მის შუაგულში დგას მკერდში მომაკვდავშვილჩაკრული ახალგაზრდა მამა და წყევლის, ხმამაღლა წყევლის პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, – გუშინდელებს და დღევანდელებს, ქართველებსა და არაქართველებს, კაცებს, ქალებს… ჩვენ ყველას, უკლებლივ! ყველას ვინც მიზეზთა და მიზეზთა გამო თავისი წილი თიხა და ღორღი მოიტანა, შექმნა, ააგო, აღმართა, ააბობოქრა ეს უღელტეხილი. მწყევლის მე, რომელიც ამ სტრიქონებს ვწერ ახლა და თქვენც, ღრმადპატივცემულო, რომელიც ამ სიტყვებს კითხულობთ.
რა ვქნათ ჩვენ, რა გზას დავადგეთ, რით ვუშველოთ მომაკვდავ ბავშვებს, რომლის წინაშე მთელი ქვეყნიერება, მთელი ამერ-იმერი საქართველო, ყოველი ჩვენთაგანი დამნაშავეა?!”