ცხოვრების საოცარი განმარტება გოგი ხარაბაძისგან

მსახიობმა გოგი ხარაბაძემ ცხოვრების საოცარი განმარტება შემოგვთავაზა:
„რა არის ცხოვრება?“
„ჟურნალისტებმა იციან ამ შეკითხვის დასმა: რა არის ცხოვრება? ზედიზედ რომ მკითხა რამდენიმემ, დავწერ და გამოგიგზავნით-მეთქი, ვუთხარი და შევასრულე:
ცხოვრება არის: შვილები, შვილიშვილები, დედ-მამა ანუ სამშობლო! ქალი! მეგობარი! რწმენა! პოეზია! მრავალჟამიერი! ღვინო! ქუჩა, მდინარე, ზღვა, მთა… ჰაერი! და დრო…
კიდევ ჭაბუამ თქვა ჩინებულად: „ცხოვრება არის ის, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა”…
მეც არსებობა გვერდით გადავდე და ცხოვრების ამბის მოყოლა ჩავიფიქრე. ყველა განცდა, ადამიანი, მოგონება ძველია, ჩემი საუკუნის – მეოცე საუკუნის, რომელშიც დავიბადე და რომელსაც ჩემად, მშობლიურად მივიჩნევ, მაგრამ ყოველივე ოცდამეერთეშია ფურცელზე გადმოტანილი.
სისხლიანი, სასტიკი და მძიმე იყო მეოცე.
უფრო მძიმე, გაურკვეველი და გამოუცნობია ოცდამეერთე.
აღმართია გაუთავებელი… აღმართში მიხდება ცხოვრებაც, წერაც… აღმართ-აღმართ მივუყვები გზას! მაგრამ არის ამ აღმართში მწვერვალების წვდომის სურვილიც და კიდევ რაღაც, ღვთიურთან მიახლოებულიც, რომელსაც საქართველოს ბულბულთან – აკაკისთან მივყავარ თითქოს…
ორივე ძვირფასი და ახლობელია ჩემთვის…”