ივანე ჯავახიშვილის საყურადღებო წერილი

ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის წერილები და ნაშრომები უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და ქართველებისთვის.

“არტ ინფო” გიზიარებთ ისტორიკოსის ერთ-ერთ წერილს, რომელიც საქართველოს მეფეს გიორგი ბრწყინვალეს ეძღვნება:

“საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, ბაგრატ მესამეს, დავით აღმაშენებელსა და არც ერთ მეფეს თანამედროვეთა შორის ისეთი სახელი არ მოუხვეჭია, როგორიც გიორგი ბრწყინვალემ დაიმსახურა. მისი ქება თანასწორად გვხვდება, როგორც ქართულს, ისე უცხოურ წყაროებშიც. მისი უარყოფა ვერ შესძლებიათ ისეთ პირებსაც, რომელთა პოლიტიკა მისას მთლიანად ეწინააღმდეგებოდა.

გიორგი მეფე ბევრი თვალსაზრისით შეგვიძლია შევაფასოთ და მოვიწონოთ: მეფე განმანთავისუფლებელი, რეფორმატორი, მეფე მთავარსარდალი, კანონმდებელი და ა.შ… თუმცა მე გიორგი ყველაზე მეტად მხიბლავს როგორც შვილი, შვილი რომელმაც ნატანჯი და ნაწამები მამის – დემეტრე თავდადებულის მკვლელების ბოგინს საქართველოში სამუდამოდ მოუღო ბოლო და ქვეყნა ნამდვილად გააბრწყინა. სწორედ ამაზე უთქვამს დიდებულ ქართველ ხალხს: “ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა”.