ძალიან კარგი წერილი ვაჟა ფშაველაზე

გენიალურ ვაჟა ფშაველაზე ძალიან კარგი წერილი შემოგვათავაზა რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა:

“მეორე ცოლი ხშირად საყვედურობდა, ხვნა-თესვის დროს რა დროს წერააო, ვაჟას სიკვდილის შემდეგ, ისაც კი უთქვამს, სულ ქვეყანაზე რომ ფიქრობდა, რა მისცა ქვეყანამ? მშიერ-ტიტვლები დაგვტოვა და მიწაშიც მშიერ-ტიტველი წავიდაო…
გარიგებით მოიყვანა, ბავშვების მოვლას ვეღარ აუდიოდა…
პირველ ცოლზე გიჟდებოდა, თავადი ამილახვარის უკანონო შვილზე, ეკატერინე ნებიერიძეზე…
მეხუთე ბავშვზე იყო ორსულად, რომ გარდაცვლილა, ვაჟა ყვარელში იყო სანადიროდ, მაშინ ნადირობა გართობა კი არა ოჯახის შენახვის საშუალება იყო…
ბავშვები ვერ მიმხვდარან დედის გარდაცვალებას, მეზობლებს შეუმჩნევიათ ეზოში გამოსული ტიტველი პატარები და მაშინ გაუგიათ.
ვაჟას ძმას მესამე დღეს დაუმარხავს კეკე, იცოდა რა, ვაჟა ვერ ჩაუსწრებდა დაკრძალვას…
ყვარელში დასთან ჩერდებოდა, იმ ღამესაც, როდესაც ტყეში შეატყობინეს ცოლის გარდაცვალების ამბავი, დას გაუჩერებია და ზამთარში, ღამით არ გაუშვია მთაში…
არაყი დაულევია და ლექსიც დაუწერია…
იას უთხარით ტურფასა!
ხოდა, რაზე გამახსენდა… მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით, რომელ ლექსზე გეტირებაო…
რომელზე და ყვარელში, არყით მთვრალი გენია, რომელიც გაჭირვებისგან ტყე-ტყე დაეხეტებოდა, ოჯახი რომ დაეპურებინა, დაკრძალვაზეც რომ ვერ ჩადის, ისე ტირის საყვარელ ქალს, მუცელში რომ ვაჟას შვილი ჰყავდა:
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო.”