დინა მირცხულავას საუკეთესო ამბავი

არაჩვეულებრივი ნოველების ავტორი დინა მირცხულავა თავისი უძვირფასესი შემოქმედებიდან  კიდევ ერთ ამბავს გვიზიარებს:

“დიდი ვიყავი, როცა სვეტიცხოვლის ტაძარში მოვინათლე.
უხუცესმა მღვდელმა (მამა არსენი) მცხო მირონი იმ დღეს და სხვათაშორისად უთხრა მედავითნეს, ხატი აჩუქე- ო.
– რომელი, მამაო.
– სულერთია.
რამდენიმე წამში გულზე პატარა „სულერთია“ ხატი მყავდა მიხუტებული.
ხატზე ღვთისმშობელს შვიდი ისარი ეჭირა და თავი ოდნავ გადაეხარა მარჯვნივ.
როცა დღეები მომდევდნენ, როცა დღეები ბოროტ ადამიანებს ემსგავსებოდნენ და კვალში მედგნენ.
და მაშინაც, როცა ადამიანები დღეებივით ავდარდებოდნენ, გადაუღებლად წვიმდნენ და წვიმდნენ და გზებს მიტალახებდნენ, შვიდისრიან ღვთისმშობელს გულზე მივიხუტებდი, ჩემებურად ვლოცულობდი და ცრემლებით ვაოტებდი.
მიტანდა.
მიძლებდა.
ვუყვარდი.
იქ, იმ უძველესი ტაძრის უხეცესმა მღვდელმა, მგონია, ზუსტად გამოიცნო, რომ მხოლოდ შვიდისრიანი ღვთისმშობელი თუ გამიმარტივებდა მოსალოდნელ სიმძიმეებს.
იმ წვიმიან დღეს მთელი სახლი გადავქექე ერთხელ კი არა, ასჯერ, მაგრამ ხატს ვერ მივაგენი.
გათენებისთანავე სვეტიცხოველში გავიქეცი.
ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები.
– ხატები არ იკარგებიან, ისინი მიდიან – წლების მერე კიდევ უფრო მოხრილიყო ბეჭებში მამა არსენი
– რატომ წავიდა ?
– შენზე მეტად სხვას სჭირდებოდა ალბათ და იმიტომ – როგორც იქნა ამომომხედა და შემათვალიერა.
– ტფუი სიბერე ! მომკალი და არ მახსოვხარო – მითხრა.
(ჯანდაბა !)
თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყო ეს.
წლების მერე, როცა ჩემი ძმა წავიდა და დედამ მთხოვა კარადის ზედა თაროზე ჩაკეცილი თეთრეულიდან, რომელსაც თითქმის არ ვხმარობდით – თეთრი ზეწარი ამერჩია- ხატი გადმოვარდა.
იმ დღეს მივხვდი, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გასაჭირი მედგა და ამიტომ დაბრუნდა.
იმ დღის მერე დავფოფინებ და ვეჩურჩულები:
ჩემზე მეტად ან ჩემნაირად არასოდეს არავის გაუჭირვო, ღმერთო, ამ ისედაც ჭირვეულ დედამიწაზე, რომ აღარასოდეს დამტოვოს შვიდისრიანმა ღვთისმშობელმა…”