პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა თავისი სათაყვანებელი სამშობლო – საქართველო და მთელი პლანეტა საუკეთესო სიტყვებით დალოცა:
“ღამე მშვიდობისა, საქართველო! ღამე მშვიდობისა, შეშლილო კაცობრიობავ! ღამე მშვიდობისა, ჩემო დედამიწავ!
მიყვარს სამყარო, სხვადასხვა ფერის ადამიანები, საკუთარ ქვეყანაში, ჩვეულ გარემოში და უფლის მიერ ბოძებულ სივრცეში რომ ცხოვრობენ. მომწონს ყველა კულტურა, უკიდურესად ეგზოტიკურიც კი…
მიყვარს დედამიწელების მიერ შექმნილი ეროვნული დროშები, ასე ამაყად, ღირსეულად რომ მოაფრიალებენ ოლიმპიადებზე. მომწონს ნაირნაირი სამოსი, ლამაზი სამკაულები, ათასნაირი ჟღერადობის მელოდიები, ხალხური საკრავები, ცხოველები, ფრინველები,
მდინარეები, ზღვები, მთები, დაბურული ტყეები, ჯუნგლები, უცხო ხილი, საუცხოო ხედები, პირამიდები, ოკეანეები, მწვერვალები, სხვადასხვა ენები, დიალექტები, თეთრი ღამეები, მთვარე, მზე და ვარსკვლავები, მოკლედ, მთელი პლანეტა, მაგრამ, ასე მგონია, რომ ყველა ერს თავისი ქვეყანა უხდება, რადგან მხოლოდ თავის სამშობლოშია ადამიანი მშვიდი და ბედნიერი.
და, შეშლილი პოლიტიკოსები რომ არ ანაგვიანებდნენ ღვთის მიერ უზადოდ, უდიდესი ოსტატობით შექმნილ მიწიერ სამოთხეს – დედამიწას, მერწმუნეთ, სიცოცხლე ნამდვილად ფასდაუდებელი და სანუკვარი იქნებოდა.
მშვიდობიანი ღამე დედამიწას და დედამიწელებს! მშვიდობიანი ღამე ევროპას, აზიას, აფრიკას, ოკეანეთს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, ანტარქტიდას… მშვიდობიანი ღამე სამშობლოს მცველ მხედრობას, უძლურებაში მყოფ ავადმყოფებს, მართალ პატიმრებს,
სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანებს… მშვიდობიანი ღამე მეზღვაურებს და მეთევზეებს… მშვიდობიანი ღამე მწვერვალებთან მორკინალ მეკლდეურებს (უფალმა აშოროთ ცივი ღამისთევა)… მშვიდობიანი ღამე და გამარჯვება სპორტსმენებს… მშვიდობიანი ღამე პოეტებს, მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს და, ზოგადად, ყველა დედამიწელს… მშვიდობიანი ღამე შავ, კასპიის და აზოვის ზღვებს შორის მოქცეულ მარგალიტს – კავკასიას! მშვიდობიანი ღამე საქართველოს! ღამე მშვიდობისა აფხაზეთო, სამეგრელო, აჭარა, მესხეთ-ჯავახეთო, ქართლ-კახეთო, გურია, იმერეთო, თუშ-ფშავ-ხევსურეთო, ჰერეთო, ლორე, სვანეთო, ტაო-კლარჯეთო, რაჭა-ლეჩხუმო, სამაჩაბლო, დვალეთო…
შემოგევლოთ თქვენი თინათინი, ჩემო ძვირფასებო, ლამაზებო, გულხატულებო და თვალხატულებო! დაიძინა მზემ, გაიღვიძეს ვარსკვლავებმა… ღამე მშვიდობისა, ადამის ძენო! ჯანმრთელობა და ღვთის წყალობა თქვენკენ! ღვთისმშობლის ციცინათელები საქართველოს!
არა ომს! არა ძალადობას! მშვიდობა კაცობრიობას! ქრისტე ჩვენს გულებში! ქართველების პოეტი – თინათინ მღვდლიაშვილი.”