არაჩვეულებრივი რეჟისორის თემურ ჩხეიძის შემოქმედება არასოდეს დაკარგავს ინტერესს. მისი სპექტაკლები სავსეა გულწრფელობით, სიმართლით და სათქმელით, რომელიც მხოლოდ გაგაკეთილშობილებთ და ფიქრს გასწავლით.
მისი მუშაობა ნებისმიერ სპექტაკლზე მსახიობებისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო, თავად რეჟისორისთვის კი – ჭეშმარიტების ძიების საუკეთესო გზა, რადგან სტუდენტებთან კამათი მისთვის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი გახლდათ.
“ჩემთვის, ეგოისტურად, ის უფრო საინტერესოა, როცა სტუდენტი არ მეთანხმება: ჰო-ო, ესე იგი, ახლა მსჯელობას დავიწყებთ, ხომ ასეა?! აბა რა! ესე იგი, აქამდე მისმენდა, ფიქრობდა, ხომ მართალი ვარ? ესე იგი, მე შევძელი და რაღაცას შევეხე მასში, ან ბოლოს და ბოლოს, ისეთი ატმოსფეროს შექმნა მოვახერხეთ, რომ მას წინააღმდეგობის გასაწევად სიმამაცე, ან თავხედობა კი არ სჭირდება, არამედ თანასწორად გრძნობს თავს, – ვმეგობრობთ ჩვენ! – მისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მითხრას: “არ არის ეგრე, ბატონო თემურ!” და მეც სრული ინტერესით ვუსმენ – “აბა, რა არ არის ეგრე?!”
იცით რა, ეს არის აუცილებელი პირობა: ნებისმიერი პედაგოგი უნდა მიესალმებოდეს სტუდენტისგან საწინააღმდეგო აზრს. მხოლოდ ასე შეიძლება სტუდენტმაც გაიგოს რაღაც, და დიდი ბოდიშის მოხდით, პედაგოგმაც! ჩვენ ერთმანეთს ვზრდით, არა?”