თამარი ძველ ევროპულ წარმოდგენებში

მეფე თამარი არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც კარგად იყო ცნობილი.

ბექა ჭიჭინაძე:

თამარი ძველ ევროპულ წარმოდგენებში:

1. ,,საქართველოში არიან ამორძალები, რომელთაც დედოფალი ბრძოლაში მიუძღვება…”
ფრა არნულფი

2. ,,კავკასიის კარიბჭეს იცავს ამორძალი დედოფალი, რომელიც ამ მთასთან ცხოვრობს და რომელსაც გოგის და მაგოგის ტომები ხარკს უხდიან”.
ჯონ მანდევილი

3. „აღდგა ყველაზე მამაცი მოდგმა ქალებისა (რომელთაც უხმობენ ქრისტიანეთა სახელით), სარკინოზთა წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლებით და ნამდვილად არ იყო ეს დიდი ხნის წინ, როცა დედოფალი ამორძალებისა აღმოსავლეთის რეგიონიდან მოდიოდა მსახურებისათვის (იერუსალემში), გამოაცხადა საკუთარი თავი ტამპლიერად და უფლის საფლაველად”.
თომას კანტინპრესი

4. ,,ჭაბუკი ესე (ლაშა) დედამისის – დედოფლის, უძლიერესის თამარის (Regina potentissima) ნეშტს თან ატარებს, რომელმაც, სანამ ცოცხლობდა, იერუსალიმად წასვლის აღთქმა დადო”.
ჟილბერ დე ბუა

5. ,,საქებარია თქვენი განზრახვა აღასრულოთ თქვენი ნეტარხსენებული დედის ანდერძი”
კარდინალ პელაგიუსის წერილი ლაშას

ამგვარად, ევროპულ წარმოდგენებში თამარი აისახა, როგორც ,,ქალთა უმამაცესი მოდგმის” ძლევამოსილი ამორძალი დედოფალი, რომელიც ებრძვის სარკინოზებს, იცავს კავკასიის ცივილიზაციურ კარიბჭეს და თავის თავს აცხადებს ქრისტეს საფლავის მცველად და ტამპლიერად, რის გამოც ანდერძად იბარებს დაკრძალონ უფლის საფლავის მახლობლად, ყველაფერ ამის გამო თამარი იქცა არამხოლოდ ქართველ, არამედ ევროპელ/ფრანგ მოყმეთა/რაინდთა შთაგონებადაც: ,,ფრანგნი თამარის ქებასა მელექსეობდიან”, შთამბეჭდავია, რომ ქართული არქეტიპის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მარკერი – თამარ ქალის სახე იმთავითვე იქნა გაზიარებული დასავლეთ ევროპაშიც, როგორც “ტამპლიერი”, ,,უფლის საფლაველი” და ,,ძლევამოსილი”.