პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალე წერილს გვიზიარებს, რომელიც საოცარი სიტყვებითაა აღსავსე:
“ნასახლარებო! გახსოვთ ის ბალღი, თქვენს დახავსებულ ლოდებზე ფეხშიშველს რომ უყვარდა სიარული…
აბა, ახლა კარგად დამხედეთ და დამაკვირდით – ვგავარ რაიმეთი?
ჩანს რამე? ხედავთ რამეს, თუნდაც მცირე მსგავსებას?!
ამ პატარა მზით ავსებულ მონაკვეთში ვეძებ საკუთარ თავს, ვეძებ ბავშვობას, ვეძებ იმ ხმას – ეს მძიმე და უსიცოცხლო ლოდები რომ გამოსცემენ, ჟამს ჭექა-ქუხილისას…
დღეს ყველაფერი მივიწყების ბურუსშია გახვეული…
განა ეს სახე ჰგავს მაშინდელს?! ესაც თქვენსავით დაბზარული და გაპარტახებულია. მხოლოდ დედაჩემის ხმა მესმის მუდმივად : –
სადა ხარ, ბიჭო! სად ჯანდაბაში წახვედი, სახლის გზა აგერია – ან არ მოგწყურდა, ან არ მოგშივდა?!
მომწყურდა და მომშივდა კიდევაც, დედაჩემო!
ბავშვობა, ბავშვობა მომწყურდა!
ტალახში ფეხშიშველი სირბილი მენატრება, დედაჩემო!
თონეში შენი ხელით ჩაკრული პურის სუნი მენატრება, დედაჩემო!
შენი თბილი, დაშაშრული ხელების სუნი მენატრება, დედაჩემო!
ის გამქრალი სახეები მენატრება, ჩემი სოფლის ორღობებში გაოფლილი სხეულის სუნს რომ დაატარებდნენ….”