მსახიობები მედეა ჯაფარიძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი ფილმებსა და სპექტაკლებში ხშირად იყვნენ პარტნიორები. ოთარ მეღვინეთუხუცესი მედეა ჯაფარიძესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ამბავს სიცილით იხსენებდა:
“სპექტაკლში “აურზაური არაფრის გამო” მედეა ჯაფარიძის პარტნიორი პირველად ვიყავი. ის ბიატრიჩე იყო, მე – ბენედიქტი.
ერთ რეპეტიციაზე ხელი ჯიბეში ჩამიყო. ვიფიქრე, ალბათ, როლისთვის რაღაც დეტალი მოიფიქრა-მეთქი. დამთავრდა რეპეტიცია, ჩავიყავი ჯიბეში ხელი და ვნახე, კვერცხი ჩაუდია. სხვა დღეს ვაშლი ჩამიდო. თან ისეთ დროს, რომ ვერ მოვახერხე მეკითხა, რატომ აკეთებდა ამას.
მივედი სახლში, მოვუყევი გურანდას ეს ამბავი და სიცილით მითხრა: – ჩემი ბრალია, მე ვუთხარი ქალბატონ მედეას, თუ ოთარი მშიერია, ცუდ ხასიათზეა, შეჭამს და კარგ ხასიათზე დადგება-მეთქი. თურმე ეს იყო მედეას მიერ ჩემი პროდუქტებით მომარაგების მიზეზი. მახვილ ჭკუასთან ერთად, ქალბატონ მედეას ასეთი გულუბრყვილობაც ახასიათებდა – მას ყველასი სჯეროდა.
არ შემხვედრია მსახიობი, რომელიც პარტნიორისთვის ამდენს იცლიდეს. ყოველი რეპეტიციისა და სპექტაკლის დროს გაძლევდა უამრავ შენიშვნას, მაგრამ სამართლიანს და იგივეს მოითხოვდა შენგან.”