რამდენიმე დღის წინ კრისტის აუქციონზე მილიონ გირვანქა სტერლინგად გასაყიდად გამოტანილ იოანე ზოსიმეს ხელნაწერს საოცარი ისტორია აქვს.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
“ეს სწორედ ის ხელნაწერია, რომელიც რეზო თაბუკაშვილმა 1980-იან წლებში ნახა ნიუ იორკის ერთ-ერთ ანტიკვარისტთან, ჰანს კრაუსთან და 300 000 დოლარი დაუფასა. იხილეთ მისი დოკუმენტური ფილმი “ნაძარცვის კვალდაკვალ”. ბატონ რეზოს ძალიან წყდებოდა გული, რომ ვერ შეიძინა. მაშინ ხელნაწერი სარესტავრაციო და დაშლილი იყო, ახლა მეტნაკლებად რესტავრირებულია და მწყობრშია მოყვანილი.
P.S. ქალბატონ რუსუდან ლაბაძის დეტალური ინფორმაცია ხელნაწერის ისტორიაზე:
“შოენის კოლექციაში მოხვედრამდე ხელნაწერმა გრძელი გზა გაიარა. ამ კოდექსის (Codex Sinaiticus Rescriptus) ორი მესამედი 1855-57 წწ. ცნობილმა გერმანელმა ბიბლეისტმა, ტიშენდორფმა (როგორც რუსეთის იმპერატორის წარმომადგენელმა) სინადან პეტერბურგში წაიღო და დღეს რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება. [ეს ის ტიშენდორფია მე-4 საუკუნის სინური ბიბლია რომ აღმოჩინა]. მეორე ნაწილი (აუქციონზე რომ გაიყიდა) ცნობილი გერმანელი კოლექციონერის ფრიდრიხ გროტეს ხელში მოხვდა. გრიგოლ ფერაძის მიხედვით, 1929 წელს ხელნაწერი ჯერ კიდევ გროტეს ქვრივის საკუთრებაში, ბერლინში იყო. 1937 წელს გაიყიდა Erik von Scherling -ზე; 1954 წელს სოთბის აუქციონზე დეტროიტელმა Otto Fisher-მა შეიძინა; 1983 წელს ბუკინისტი Hans P. Kraus-ის კატალოგშია; ამის შემდეგ უკვე შოენის კოლექციაში ჩანს, როგორც MS 35. რეზო თაბუკშვილმა Hans P. Kraus-ის კოლექციაში ნახა. ხელნაწერს რესტავრაცია 1988 წელს ჩაუტარდა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში.
ხელნაწერი არსებული ყდით (შავი ტყავის ყდა მე-10 საუკუნისაა) დაახლოებით 200×150 მმ ზომისაა, შეიცავს ზემოდან გადაწერილი ტექსტის 70 ფურცელს. ძირითადი ტექსტი (პალიმფსესტები) ექვსი სხვადასხვა ხელნაწერის ნაწილებს მოიცავს, რომელიც ნაწერია ორ სვეტად პალესტინური არამეულის უნციალური დამწერლობით.
ზედა ფენა შესრულებულია ხუცური დამწერლობით, 22-26 სტრიქონი ერთ სვეტად. ხელნაწერის 66r-v და 69v -ზე ვრცელი კოლოფონია [ანუ მინაწერი], რომელიც გვამცნობს, რომ ის გადაიწერა და შეიმოსა ცოდვილი იოანე ზოსიმეს ხელით, სინის მთაზე, დასაბამითგან 6583 წელს. ქართული ტექსტი მოიცავს სახარების პერიკოპებს, წმ. პიმენ დიდის აპოფთეგმატას და წმ. არსენი დიდის წერილს (მეუდაბნოე მამა არსენ დიდი).
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ორივე ტექსტი (ამბა პიმენისა და არსენ დიდის) მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზეა შემორჩენილი ამ ხელნაწერის სახით.”