გოდერძი ჩოხელის გენიალური წერილი

მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი ნამდვილად გამორჩეული შემოქმედი იყო ქართულ კულტურაში.

“არტ ინფო” მის გენიალურ წერილს გიზიარებთ:

შემინახე, დედაო მიწავ!

შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები…
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა.
გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა.
ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი.
ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით.
რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე.
ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი.
ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს.
მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი:
_ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი.
_ ღმერთის ნებაა!
იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა.
იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად.
შეეთვისა და განეთვისა:
ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას…
იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში…
დავიბადე!
აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში:
_ სად ვინა ხართ, გამოიხედეთ!
მე არავინ შემეხმიანა და ვიდრე გონების თვალს აღმიხელდი, ვტკბებოდი შენით.
ჩემი სხეული შენით აღივსო და მეც ისევე დამემართა, როგორც უცხო ადგილზე მოხვედრილ დამშეულ მგზავრს ემართება _ რომ მოისვენებს, ხორცს განიძღებს, მერეღა ძიობს მისი სული გულუხვ მასპინძელს.
მე შენ გეძებდი.
გეძებდი მანამ, სანამ შენ თვითონ არ ჩამოწვდი ჩემს გულ-გონებას:
_ ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს.
შენც ხომ ღვთის წილი ხარ, დედამიწავ!
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
მე სანთელს ვგავარ, შენს ბეჭებზე ორი ფერის ტაბლაზე ვიწვი: დღისით და ღამით.
უფლის განგებით სავსე არის ორივე ტაბლა:
ღამე სიზმრებით, ხოლო დღისით სახიერი ცხადი ხილვებით.
ჩამოდგა ჩემი დღის ტაბლაზე ჩაქრობის ჟამი.
ღამის ტაბლაზე მოსალხენად მიდის უფალი.
მე ვიღვენთები და შემოქმედს წყვდიადს ვუნათებ, რომ დღის ტაბლიდან სახიერი სიზმრეულში გადაიტანოს…
და სული ჩემი ჰგავს ქარბორბალას, ტრიალებს ჩემში და რაც მოაქვს, მიაქვს ისევე.
.
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები,
გაისხენი, გაისხენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა…
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
მე რომ ჩამომძახებენ:
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი, ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე, დედაო მიწავ!”