ენათმეცნიერმა აკაკი შანიძემ ახალგაზრდებს 1977 წელს 90 წლის იუბილეზე ძვირფასი წერილით მიმართა:
“ახალგაზრდებო! ვაჟებო და ქალებო! თქვენ მოგმართავთ კაცი, რომელიც 90 წლისა გახდა და რომელსაც თავისი სიცოცხლის გრძელ მანძილზე ბევრი რამე უნახავს და დიდი გამოცდილება მიუღია. ცხოვრება ისეთია, რომ ცოდნის გარეშე ვერას გახდები, განსაკუთრებით ჩვენს ურთულეს დროში. ამიტომ პირველი, რაც უნდა გირჩიოთ, ეს არის ცოდნის შეძენა განსაკუთრებით იმ დარგში, რომელიც თქვენ გიყვართ, რომელიც თვითოეულ თქვენგანს მოსწონს. როგორი ნიჭიც უნდა გქონდეთ, უშრომლად ვერაფერს გააკეთებთ. საჭიროა მუდმივი, შეუნელებელი და შეუწყვეტელი მუშაობა, რომ თქვენი ნიჭი სათანადოდ გაიფურჩქნოს და საჭირო საქმე გააკეთოს.
ცოდნის შეძენა კარგია, მაგრამ რას უნდა ემსახურებოდეს თქვენი ცოდნა? იგი უნდა მოხმარდეს ხალხს, ქართველ მასებს, ჩვენი ქვეყნის მშრომელებს, მხოლოდ ხალხისთვის სარგებლობის მოტანის სურვილი აძლევს ცოდნას აზრსა და სიმტკიცეს.
ახალგაზრდებო! თქვენი ბედი და ჩვენი ქვეყნის მომავალი თქვენზეა დამოკიდებული, ყველა თქვენგანს შეუძლია დიდი საქმე გააკეთოს და ვალი მოიხადოს ქვეყნის წინაშე. თქვენი გამარჯვებისა ახალგაზრდებო! აბა, თქვენ იცით!”