გენიალურ მხატვარზე ნიკო ფიროსმანზე – ნიკალაზე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ამბავს გვიზიარებს ქეთი კვირკელია:
“1918 წელს, თბილისში „ისპანკის“ ეპიდემია მძვინვარებდა, ბევრის სიცოცხლე გადაიყოლა თან….
„1918 წლის 4 მაისს, ანუ აღდგომის წინა დღეს‚ „მიხეილის“ საავადმყოფოში მიუყვანიათ „უცნობი წოდების“ მამაკაცი. საავადმყოფოს რეგისტრატორს არ სცოდნია‚ თუ ვინ და საიდან მოიყვანა ეს ავადმყოფი, რომელიც იმავე დღეს გარდაცვლილა.
„ავადმყოფი მოსაცდელში იმყოფებოდა. როდესაც მის გასასინჯად გამგზავნეს, ის უკვე მკვდარი დამხვდა“‚ – წერს მორიგე ექიმი.
1918 წლის მაისში შესული ყველა ავადმყოფის ვინაობა ცნობილია, გარდა ზემოხსენებული მამაკაცისა. მოუვლელი და მომაკვდავი ნიკალა გაცილებით ხნიერი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო, რის გამოც ექიმებს, რომლებმაც მისი გასინჯვაც ვერ მოასწრეს, 70 წლის ჰგონებიათ. მისი ცხედარი 5 მაისს გაკვეთეს. ოქმი შედგენილია 7 მაისს, საიდანაც ჩანს, რომ მას დაავადებული ჰქონდა:
გული
ღვიძლი
ელენთა
თირკმელები
ხოლო ორივე გაკვეთილი ფილტვიდან მოედინებოდა „ქაფიანი სითხე დიდი რაოდენობით“.
ოქმის მონაცემები ემთხვევა იმ ჩივილებს, რის გამოც ფიროსმანმა 1893 წელს რკინიგზის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. ხოლო, ცოტა ხნით ადრე იძულებული გახდა‚ შვებულება აეღო და აბასთუმანში წასულიყო სამკურნალოდ. როგორც ირკვევა‚ ის ტუბერკულოზით იყო დაავადებული.
საისტორიო არქივში ფიროსმანის დაკრძალვის ჩანაწერებიც მოვიძიე. მიხეილის საავადმყოფოში ეკლესიის სამეტრიკო წიგნში დაფიქსირებულია 1918 წლის 4 მაისს გარდაცვლილი „უცნობი წოდების“ მამაკაცი, რომელიც 9 მაისს დაუკრძალავთ. გარდაცვალების მიზეზი – ტუბერკულოზი. ბოლო გრაფაში – „ვინ აღუგო ანდერძი და სად არიან დასაფლავებულნი“ – აღნიშნულია: საავადმყოფოში გარდაცვლილ უპატრონო მიცვალებულთათვის კუკიის სასაფლაოზე გამოყოფილი ადგილი.
ამრიგად‚ ფიროსმანის გარდაცვალების თარიღი არის 1918 წლის 4 მაისი, ხოლო დაკრძალვის ადგილი – კუკიის სასაფლაო. 1918 წლის მაისში საავადმყოფოში არც ერთი უპატრონო ავადმყოფი არ გარდაცვლილა. ყველა გარდაცვალებულის სახელი და გვარი ცნობილია. ეჭვს გარეშეა, რომ 4 მაისს გარდაცვლილი უცნობი სწორედ მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილია….
1918 წლის 5 მაისს აღდგომა თენდებოდა…”