ტრისტან სარალიძის საოცარი ამბავი

მსახიობი ტრისტან სარალიძე უმრავლესობისთვის უმაღლესი დონის პროფესიონალ მსახიობთან, სიცილთან, კარგ განწყობასთან და უამრავ ბედნიერ წუთთან ასოცირდება. იუმორი იყო მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მასთან შეხვედრით მხოლოდ ბედნიერებით დაიმუხტებოდით. ხუმრობდა ყველაზე და ყველაფერზე, რა თქმა უნდა, იუმორისა და ზომიერების ფარგლებში, არავითარი გადამეტება და შეურაცხყოფა, ხუმრობდა საკუთარ თავზეც კი:

“ერთხელ, კაი ქინძმარაული დავლიე და გავწითლდი. სახლში რომ მივედი და სახლის კარი გავაღე, შეიცხადეს ჩემებმა: ვაიმე, რა წითელი ხარო… ვუთხარი, სანამ წითელი ვარ, ტაში დაუკარით და  გიხაროდეთ, თორემ რომ გავლურჯდები, მერე გეტირებათ ყოფის დღე-მეთქი. აბა, ლურჯს კი გამომიტანენ სახლიდან და…”

სანდრო ელოშვილი, რეჟისორი:

“ტრისტან სარალიძე – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა მეორე ადამიანის გაცინებას… ამიტომაც დედამიწას კიდევ ერთი მიზეზი დააკლდა ღიმილისთვის…
არადა როგორი აუცილებელია ეს ნიჭი, ეს ცოდნა დღეს? როგორ გვჭირდება…

ბოლოს, ისე იყო, კლინიკაში გვითხრეს სახლში წაიყვანეთო…
უკვე სახლის კიბეებზე, შვილებს, გოგას და ლევანჩოს გახედა:
ბიჭებო! თქვენს ქორწილში… ვერაფერსაც ვერ ვიზამო…
გულით გაგვეცინა! ახლაც, რომ მახსენდება მეღიმება…
რა მაგარია, არა?!
შენს მერე რომ ღიმილი რჩება…
შენს გარეშე ნაკლები მიზეზი როა გაღიმების…”