პოეტი ტარიელ ხარხელაური ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულზე – აღდგომაზე ძალიან კარგ წერილს გვიზიარებს:
“ქრისტე აღსდგა…
სამწუხაროა, რომ ამ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის მოსალოცად დღევანდელ ჩვენს დამჭლევებულ გონებას ვერაფერს გამოვწურავთ. არც დღევანდელობასა და არც სამყაროს საამისოდ არა სცალია. სწორედ იმ გონებას, რომლის წყალობითაც ასე დავშორდით ჭეშმარიტების გზას, არჩევანი კი უზნეო და უმორალო ცხოვრების წესზე დაგვიდია. დავიჯერო, ისე გამოგვიშრა გულები, რომ მადლი სიყვარულისა, შენდობისა და მიტევებისა აღარ დაგვიტოვა… დავიჯერო, სიძულვილის განცდამ ისე დაგვიკარგა სიყვარულის უნარი, რომ მაცხოვრის ამაღლების ბრწყინვალე დღესაც, ერთმანეთთან სიძულვილს ვამოციქულებთ. ნუთუ ისე დაგვიმჭლევდა გონება, რომ მსოფლიო ცივილიზაციის თვითმკვლელობის მესამედ მცდელობას ჩვენი ერთმანეთის სიძულვილითაც ვასაზრდოებთ…
გევედრები, უფალო! აარიდე ჩვენს გზას ჩვენი შვილთაშვილების თაობა, რადგან ამ გზით სიარულმა მოიყვანა დღევანდელობამდე სამყარო. ნუ გაანელებ მათში გაღვივებულ თავისუფლების სურნელს, რადგან ჩვენი გონებით ნასაზრდოებმა თავისუფლებამ აგვარიდა ჭეშმარიტების გზას.
დაიცავი, უფალო! გადააფარე შენი წყალობის კალთა ჩვენი საფიცარი სამშობლოს, საქართველოს მომავალს…”