სოფიკო ჭიაურელის ძალიან კარგი წერილი

ლეგენდარულმაა მსახიობმა სოფიკო ჭიაურელმა მომავალ თაობებს ძალიან კარგი წერილი დაუტოვა:

„მამა მაღმერთებდა, ყველაფერი მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი. იმდენად მოსწონდა, რომ დედა ბრაზდებოდა, როგორ შეიძლება ასე ყველაფერი მოგწონდესო?! შემდგომში, სცენაზე ან ეკრანზე რომ მიყურებდა, ლამის ტიროდა ხოლმე – შენ გენაცვალე, შენ შემოგევლეო.

მოსკოვში, მაგიდაზე მინა ედო, რომლის ქვეშაც სურათები ელაგა. ერთხელ დედამ თავისი ბავშვობის სურათი გაუგზავნა, სადაც ძალიან მგავს მე. მამამ ეს სურათი მინის ქვეშ ამოდო და ეფერებოდა. „რას ეფერები ამ სურათს, მე მომეფერე, აგერ არ ვარ?“ – უთხრა ვერიკომ. „მე ჩემს გოგოს ვეფერები“, – უპასუხა მამამ. ჩვენი ბავშვობის სურათებს შორის ისეთი დიდი მსგავსება იყო, მამა გაგიჟდა, როცა ვერიკომ უთხრა, ეს მე ვარო.

სულ უნდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი. მამიკო, მოდი, რა, მოდი, რაღაცას მოგიყვებიო, მეუბნებოდა. მე კი არასოდეს მეცალა: მოიცა, რა, მოიცა-მეთქი, ვეუბნებოდი და ჩემს ტოლებთან გავრბოდი. ახლა ვნანობ…

ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, უსმინონ მშობლების მონაყოლს, რადგან შემდეგ უამრავი კითხვა დარჩებათ უპასუხოდ…“