რატი ამაღლობელის მთავარი სათქმელი

პოეტი რატი ამაღლობელი ყოველითვის ცდილობს საქართველოსა და ქართველების გულისცემას უსმინოს:

“ეს აპრილი, ეს მაისი

ეს აპრილი, ეს მაისი
საქართველომ წაიღო,
უფრო მეტად წვიმა იყო,
ღრუბლიანი ცა იყო,
ყველგან ჩვენი დენა იყო,
ყველგან ხალხის ძვრა იყო,
პირადულმა თავის თავი
საერთოსთვის გაიღო,
გზა გზას შეხვდა, კვლავ შეერთდა,
რაც მანამდე გაიყო,
ჩვენი გული სიყვარულით
გაიხსნა და გაიღო,
ეს ქვეყანა უთვალავი
ერთიანი ხმა იყო
და ამ ხმაში საქართველომ
თავის თავი გაიგო.
წინ რომ შავი კედელია –
დაიბზარა, გაიპო,
ვინც შხამს ანთხევს –
თავისივე ფუძე-ჭერი დაილპო,
ის სულ მალე უნაყოფო
ხის ფესვებსაც გაიხმობს,
წავა, თავის შავ-ბნელ ჩრდილებს
ჩრდილოეთით გაიხმობს.

ჩვენ კი მზად ვართ, შინ და გარეთ
სავსე გულის ხმა ისმის –
დავდგეთ ერთად – დავიბრუნოთ
26 მაისი.”