პუბლიცისტ ნიკო ნიკოლაძის აზრით, ჩვენი – ქართველების მთავარი მომწევი უცოდინრობაა:
“ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი, ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომით და ჯანით.
ჩვენს საზოგადოებაში ყველა დარწმუნებულია, რომ შველა ჩვენ ერთ მშვენიერს დილას ჩამოგვიფრინდება, ისე, რომ თვითონ ხელის განძრევაც არ დაგვჭირდება.
მტერმა კი არ დაგვცა, ჩვენმა სარწმუნოების დაკარგვამ წაგვახდინა, აღარ გვწამდა საკუთარი თავი, უცხოეთი კი ჩვენს თვალში რაღაც უზენაეს ქმნილებად იხატებოდა.
უცოდინრობაა ჩვენი მომრევი და არა მრავალრიცხოვანი მომხდური, ერთმანეთს შევესიეთ და შევაკვდით, ერთმანეთი მიწასთან გავასწორეთ, მტერ-მეზობელი კი შორიდან თვალყურს გვადევნებს და ლოცულობს: წამკიდებელი წაკიდე, ორივეს თავი წაწყვიტეო!
მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა ვინ იყვნენ, საიდან მოსული, რა რჯულის ან აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ. ამბოხება დავიწყოთო – დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, როგორც თხას – ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოეთხოვა მათგან ან ცოდნა, ან ახსნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ.
გინახავთ სადმე სხვა ერი, ასე მჩატედ რომ გაჰყოლოდეს პროვოკატორს?
ევროპისაგან განსხვავებით, საქართველოში, სადაც ყველაფერი მარტო ერთ კაცზე ტრიალებს და არა დაწესებულებაზე, ის კაციც ნელ-ნელა იმ შეხედულებას იღებს, რომ მე ვარ და სხვა არავინო, ყველა მე უნდა მემსახუროს და არა ქვეყანასო.
ქვეყნის, იდეალის ხსენება თანდათან ქრება დიდში და პატარაში. დესპოტის სამსახური და ქვეყნის სამსახური დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, რა მოერგება და რა მოუხდება საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას ჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას.
მეორეც, თუ ამისთვის ჭკუა-გონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყა, შეუფერებლად მოირთვა, მოიკაზმა და ხალხის თვალში სასაცილო გახდა. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში…
ერთი რეჟიმის შეცვლა მეორეთი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა სათანადოდ მომზადებული იქნება პროგრამა და გეგმა, აგრეთვე კადრები ახალი ხელისუფლებისათვის”.