მწერალი ნინო ხარატიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს დაბრუნდება წარსულში და არ გახდება მონა:
“სიმართლე გვიქციეს თიხად, რომელსაც საკუთარი სურვილის და წარმოდგენის მაგალითზე გამოძერწავენ. დღეს იტყვიან ევროპას, ხვალ – ირანს, ზეგ – რუსეთს, მერე ისევ ევროპას, მერე ევროპიდან ჩამოსულ წარმომადგენლებს და დიპლომატებს არ შეხვდებიან, იტყვიან, რომ ცუდი დროა ვიზიტებისთვის და კანონის განხილვა მიდის და ყველა, ვინც ახლა ტაშს უკრავს და ვისაც რაღაც სარგებელი აკავშირებს ამ ძალაუფლებასთან, ის მზად იქნება ამ სასტიკ ხორუმში სისხლის ბოლო წვეთამდე იცეკვოს, გათელოს ყველა და ყველაფერი, რაც მათ გზაზე აღუდგებათ და ამას ჩვენს შემთხვევაში ამძაფრებს კიდევ უფრო სასტიკი, რაც მაგალითად საბოჭთა კავშირსაც კი გადაფარავს მისი სისასტიკით – მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი ინტერესი ამ პარტიის გარშემო შეყრილი ადამიანების არის ფული. როდესაც ფულია ერთადერთი მამოძრავებელი ძალა და საკუთარი კეთილდღეობა, მაშინ ყველანაირი იდეის და ყველანაირი პოლიტიკური მიმართულების წამიერად გამოცვლა, შეცვლა, გადაკეთებაა დასაშვები, რისი მომსწრეებიც ახლა ჩვენ ფაქტიურად გავხდით. იდეა ცოცხალია, იდეა შეიძლება შეცდეს, ის შეიძლება განვითარდეს ან მოისპოს, ის ორგანიზმია, რომელსაც კვება და მოვლა სჭირდება, დათმობაზე წასვლა. ფულს არაფერი არ სჭირდება, მხოლოდ საკუთარი თავის და მისი გაორმაგების გარანტირება. რუსული კანონის ჩრდილში გატარებული ოფშორის კანონიც ამის მკვეთრი და ძალიან დამთრგუნავი მაგალითია. ქვეყანა ფაქტიურად ხდება პირადი ბოსტანი. საბჭოთა კავშირში თუ იდეოლოგია და მის მერე მუტირებული სასტიკი ფორმა გვექცა ჩვენს მარყუჟად, რომლიდანაც 70 წელი ვერ გამოვყავით თავი, ფულის იდეოლოგია 70 წელსაც ვეღარ იკმარებს, იმიტომ რომ ფულის იდეოლოგია მხოლოდ გაზრდა, მოხვეჭა, გამრავლებაა. ის არასოდეს არ კმაყოფილდება – არც ერთი მილიონი და არც ერთი მილიარდი არაა საკმარისი იმისთვის, რომ ის გაძღეს. ფაქტი ამჯერადაც სახეზეა.
ჩვენ ოფიციალურად დაგვიანონსეს ევროპული, ადამიანური, ღირსეული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი სიკვიდილის ქრონიკა და მაინც უამრავი ადამიანი ვერ იჯერებს, უამრავ ადამიანს არ სჯერა, არ ანიჭებს სათანადო ყურადღებას იმას, რაც ახლა ჩვენს გარშემო ხდება, მიუხედავად ათი ათასობით მებრძოლი და აჯანყებული ადამიანისა, გულანთებული ახალგაზრდებისა, რომლებსაც არ სურთ მონობა, იმიტომ რომ თავისუფლებაში არიან დაბადებულები, მიუხედავად მოქალაქეების მართლაც რომ საამაყო ბრძოლისა, დარჩნენ ისინიც, ვინც ვერ უსწორებს ამ ქრონიკას თვალს, იმიტომ რომ ესეც ტყუილის დიქტატურის ყველაზე მახასიათებელი თვისებაა. იმიტომ რომ ვერც ერთი ჯანსაღი ადამიანი ვერ დაიჯერებს იმას, რომ ასეთი თავხედობა შეიძლება ვინმეს ეყოს და სახეში გითხრას შავზე თეთრი და ყველაზე მოწყლვადი ადამიანი შერაცხოს მტრად, მტერი – მეგობრად და ა.შ. და მაინც ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, სხვა გზა არ გვაქვს. უნდა დავარწმუნოთ ხალხის ის ნაწილი, ვინც ჯერ კიდევ იმის იმედით არის, რომ ტყუილი მას არ შეეხება, რომ ამ ქრონიკაში არაფერია ქვეყნისთვის მავნე, რომ ქართველობა უნდა დავიცვათ, რომ ევროპა რყვნის და რუსეთი ომისგან დაგვიცავს, რომ პარტიის მმართველის უკიდეგანო ფული მათაც რამეში გამოადგებათ. ეს მითები ჩვენი დასანგრევია, ჩვენ ეს ახლა უნდა მოვახერხოთ როგორც არასდროს. ჩვენ საზოგადოებისთვის საუკუნოვანი დაუსრულებელი გახლეჩვა და პოლარიზება უნდა გადავლახოთ და შევძლოთ ის, რომ ამ ტყუილს აღვუდგეთ წინ. არ არის ახლა განკიცხვის დრო, არც პაექრობის, ყველა გვჭირდება, თითოეული მოქალაქე და რაც მთავარია, ევროპა. ყველა, უკლებლივ ყველა, ვინც ამ ბრძოლაში ზურგს გაგვიმაგრებს, ყველა გვჭირდება. საქართველოს, ჩვენი 35-წლიანი სისხლიანი ტკივილიანი ბრძოლა არ შეიძლება გაბათილებულ იქნას მართლაც რომ თვითმარქვია, დაბოღმილი გაბოროტებული ელიტის კეთილდღეობისთვის. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? არ ვიცი. მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ როგორც ჩვენ ყველა, მაგრამ ის ვიცი, რომ იმის მჯერა – თითოეული ჩვენგანი ქმნის ამ საზოგადოებას და ქვეყანას, სადაც არ უნდა ვიყოთ, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, მე ვიცი, რომ ყველას ზურგით დაგვაქვს ჩვენი წილი საქართველო და იქნებ ერთხელ მაინც თუნდაც ამ გადასარევი, უშიშარი, თავისუფალი, ევროპელი ახალგაზრდების ხათრით ეს ვალდებულება ვიკისროთ და დავივიწყოთ “შევარდნაძისტი”, “ზვიადისტი”, “ნაცი”, “ქოცი” და გავხდეთ უბრალოდ ქართველები, რომლებიც დიდი საფრთხის და გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ყველას ჩვენი საქმე გვაქვს და ეს საქმე ჩვენი იარაღია. ყველას ერთად შეგვიძლია ჩვენი საქმის კეთება და ეს ხელობა მნიშვნელოვანი მიზნისკენ მივმართოთ. იქ ამოვიღოთ ხმა, სადაც ეს აუცილებელია, იქ გამოვაცხადოთ ბოიკოტი, სადაც ეს გარდაუვალია. იქ დავიხარჯოთ, სადაც კარგი საქმის კეთება შეგვიძლია და იქ ვიყოთ დაუმორჩილებლები, სადაც დამორჩილება ღალატის ტოლფასი იქნება. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი საზომი და მე მჯერა, რომ ეს საზომი არის სინდისი. ის გვიკარნახებს, მე ამის მჯერა, როგორ უნდა მოვიქცეთ ყველა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. ყველას გვაქვს ეს შესაძლებლობა.
მახსოვს თბილისში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროს ყველაზე მეტად მწყინდა და მტკიოდა რომ ყველანაირ უსამართლობაზე როდესაც ხმას ამოვიღებდი (ჩემ თაობაზე მაქვს ლაპარაკი) და ვითხოვდი პროტესტს, მაშინვე იწყებოდა, “ო, დაივიწყე, მაინც ვერაფერს ვერ შეცვლი”. ეს დამოკიდებულება შესაცვლელია. ეს მართლა საბჭოთა გადმონაშთია. ახლა ხმის ამოუღებლობა ნამდვილად ღალატის ტოლფასია. ამაზე მკაფიოდ ვეღარავინ ვეღარ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს. ვეღარ ვიტყვით “არ ვიცოდი”, “ვერ დავინახე”. ყოველი ამ სიტყვიდან, რომელიც 29 პარილს მათთვის საგანგებოდ აწყობილ ტრიბუნაზე გაისმა, იქ ყველაფერი ნათელი იყო. ჩვენ გვაქვს ნება, ხმა, სიტყვა და ეს ყველა სპეცრაზმზე ძლიერი იარაღია და ამ ნებას, პირველ რიგში, ჰქვია თავისუფლება. ყველაზე მაგარი სიტყვაა ქართულ ენაში – თავის უფლება.
ჩვენ არ დავბრუნდებით წარსულში, ჩვენ არ გავხდებით მონები, ჩვენ არ გვინდა პატრონი, მით უმეტეს, ამ ახალგაზრდა თაობას. ჩვენ გვსურს ვიყოთ ჩვენი თავის უფლები. ჩვენ გვსურს ღირსეული ცხოვრება, დემოკრატიული სახელმწიფო, ცივილური საზოგადოება, რომელსაც არ აქვს დაკარგული საკუთარი ხმა, სახე, რომელიც არ არის უბრალოდ სამართავი მასა მორიგი ზედა ინსტანციის ხელში. აღარც ზედა გვინდა და აღარც ქვედა, აღარ მოსკოვი, აღარც ქალაქზე გაშენებული სასახლეები. ყველა, ვინც აწი ქვეყნის სათავეში მოვა, უნდა აღმოჩნდეს საკუთარი ხალხის სიმაღლეზე და მხოლოდ მას გაუსწოროს თვალი.
ისტორია შეიძლება წრიულია და სასტიკი, მაგრამ ის ყოველთვის ხდება წარსული, ხანდახან წამიერად იქცევა აწმყო ისტორიად და ისტორიის დაუნდობელი განაჩენის ნამდვილად უნდა ეშინოდეს ყველას, ვინც საკუთარ კეთილდღეობას სწირავს ყველანაირ ზნეობას.”