7 მაისი, 2024

მოუსმინეთ ლანა ღოღობერიძეს

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე თითოეულ ჩვენთაგანს მოგვმართავს:

“საუკუნეთა მანძილზე პატარა ქრისტიანული ერი, გარშემორტყმული დიდი აგრესიული იმპერიებით, იბრძოდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ეს ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა იმიტომ, რომ მას საფუძვლად ჰქონდა დიდი ჰუმანისტური კულტურა, რომელიც იმთავითვე გვაახლოვებდა ევროპასთან.

დღეს ისე ახლოს ვართ ამ სულიერ მოკავშირესთან, როგორც არასოდეს. ეს მთელი თავისი არსებით, გენეტიკური ინტუიციით, იცის ქართველმა ხალხმა, იცის ქართველმა ახალგაზრდობამ. იცის იმიტომ, რომ ეს განცდა მისი სულის თანდაყოლილი ნაწილია. ამიტომ იბრძვის ის ასე გულწრფელად, ასე თავგადაკლულად ევროპული მომავლის გადასარჩენად!

მე მართლა გულით მიკვირს, რომ ხელისუფლება ქართველთა ამ ყველაზე ბუნებრივ ტენდენციას ძალას უპირისპირებს!

როგორც ჩანს, ხელისუფალთ არ ესმით, რომ მათი წინააღმდეგობა განწირულია, განწირულია იმიტომ, რომ სულით ევროპული და თავისუფალი საქართველო, საუკუნეთა მანძილზე უამრავი წინააღმდეგობის დაძლევით, უამრავი მსხვერპლის გაღებით, და ამიტომაც დღეს ასე ბუნებრივად, ასე ლაღად და სიხარულით მიადგა ევროპას და შეაღო მისი კარი.

ეს იგრძნო ევროპამაც და ამიტომაც ასე ფართოდ გაგვიღო ეს კარები.

და თქვენ გგონიათ, რომ წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? შეძლებთ ჩვენს დაბრუნებას შავბნელ საბჭოთა კავშირში? ეს შეუძლებელია. ჩვენ ბედისწერამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე!

მე ქედს ვიხრი ქართველი ხალხის უკვდავი სულისკვეთების წინაშე, რომელიც დღეს რუსთაველზე შეუპოვრად მდგომ ყოველ პიროვნებაშია განსხეულებული!

ჩვენ გავიმარჯვებთ და შევქმნით თავისუფალ, დამოუკიდებელ, ევროპულ, სამართლიან ქვეყანას!

და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!

დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი – ქართველი ხალხის ეროვნული იდეაა. ამ იდეისთვის საუკუნეთა მანძილზე ვიბრძოდით, მაგრამ ამ ბრძოლაში ყოველთვის ვიყავით ტრაგიკულად მარტო. დღეს დაძლეული გვაქვს ეს ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა: გვყავს ნამდვილი მეგობრები – ევროპული ქვეყნები, აშშ, რომელთაც დაიჯერეს ჩვენი სულისკვეთების და ფართოდ გაგვიღეს თავისი სახლის კარები!

ამ მონაპოვარს ვერ დავკარგავთ!

მე მჯერა ჩვენი ხალხის სიცოცხლის ძალის. ის ისე ნათლად გამოჩნდა სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ყველა ერთად ვზეიმობდით ფეხბურთელთა ამ მშვენიერ გამარჯვებას. ასე სახალხოდ ვზეიმობდით იმიტომ, რომ ვაცნობიერებდით – ეს არ იყო მხოლოდ სპორტული მოვლენა, არამედ ევროპაში შესვლის რეპეტიცია! ის სიხარული ჩვენი ერის სულიერი ენერგიის ბუნებრივი გამოვლინება იყო!

მას ვერავითარი ხელისუფლება ვერ წაგვართმევს.

ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით, როგორც იმ დღეს, ჩვენი ბიჭების გაარჯვების დღეს, შევაბიჯებთ ევროპაში!

ამიტომაც: არა რუსულ კანონს! კი – ევროპას!”