მოუსმინეთ ალექსანდრე ლორთქიფანიძეს

“წიგნების თაროს” წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ყველაზე გულწრფელ და ემოციურ ჩანაწერს გვიზიარებს:
“30 წლის შემდეგ
ჩვენ, ვინც ყოველთვის გამოვალთ გარეთ
და პურსაც მშიერ რაინდთათვის არ დავიშურებთ,
ვინც სამი ომი და სიცოცხლე გამოვიარეთ,
რომ არ გვქონოდა სინდისის ხმა გამოთიშული,
ვინც ბავშვობაში სიცრუე და იმედი ვჭამეთ,
ვისაც ყოველღამ კოშმარები გვესიზმრებოდა,
ვინც ვეზიარეთ უსახსრობას საერთო ჯამით,
ვიდრე სამშობლოს ტკივილისგან კანი ძვრებოდა,
ჩვენ, ვინც ვიხილეთ ნგრევა ძველის და ნგრევა ახლის,
ორპირობა და პირფერობა, პირისპირობა,
ვისაც სულ გვახსოვს სახელმწიფოს – ბებერი ძაღლის –
დადებული და გატეხილი ყველა პირობა,
თქვენი ტიტების, ვარდების თუ ცოცხების მიღმა,
ვინც გავიზარდეთ საკუთარი მომავლის შიშით,
ვინც ვერ მივენდეთ ვერც ბედსა და ვერც მწარე იღბალს,
ვერ ვისარგებლეთ ვერც ანდერძით, ვერც ჯილაგ-ჯიშით,
ვისაც მოგვბეზრდა უსასრულო ყიჟინები და
ტყუილ-მართალის რკვევა ფულის ტომრების გვერდით,
ბარაკებიდან, შტაბებიდან, ხიჟინებიდან,
ვინც გამოვედით სუფთა გულით, შიშველი მკერდით,
ჩვენ ახლა ვდგავართ, სადაც ადრე იდგნენ მამები,
სადაც დედები დაგვიჩეხეს ნიჩბებით მტრებმა,
სადაც ბრძოლით და ცრემლებით და ტანჯვა-წამებით
ისევ მოგვიხდა მარადიულ შიშებთან შებმა,
ჩვენ ახლა ვდგავართ ისე, როგორც სხვები არ მდგარან
და ჩვენი ლოცვა ისმის კიდევ უფრო ხმამაღლა,
შეხედეთ, ნახეთ, რუსთაველზე ქრისტე აღმდგარა,
შეხედეთ, ნახეთ, რუსთაველზე ქრისტე ამაღლდა,
შეხედეთ, ვისაც ყური არ გაქვთ სმენად რომ იქცეთ,
ისმინეთ, თუკი თვალისჩინმა დაგაღალატათ,
ვინც მზად ხართ ყველა ერთიანად ცეცხლის ალს მიგვცეთ,
ვინც დაგაბრმავათ, დაგამუნჯათ, დაგაავადათ
იმ საუკუნო “მეგობრობის” მონურმა სენმა,
ძალაუფლების წყურვილმა თუ წყურვილის ძალამ,
ჩვენმა ყვირილმა, ჩვენმა ცეკვამ, სიმღერამ ჩვენმა,
შეხედეთ, ნახეთ, ფუნდამენტი გამოეცალა
გუმბათს, რომელსაც დაავიწყდა კაპერნაუმი
და რომ ხალხი ფლობს ბეჭედსაც და ჯადოსნურ ჯოხსაც,
ხოლო ვინც ხალხში დაიძახებს სიტყვას “გაუმააარ”
აუცილებლად საპასუხოდ მოისმენს “ჯოს”-საც,
რადგან მშრალია რუბიკონი, წილი კი ვყარეთ –
ავიღოთ რომი, დავუბრუნოთ დიდება ქალაქს,
ჩვენ, ვინც ყოველთვის გამოვალთ გარეთ,
ჩვენ, ვინც ყოველთვის ერთობაში ვიპოვით ძალას!”