პოეტისა და მწერლის აკაკი წერეთლის შემოქმედება მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს ემსახურება და ამიტომაცაა, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო აქტუალურია.
“არტ ინფო” მის ერთ-ერთ ლექსს “ნეიტრალი” გთავაზობთ:
“აქეთაც ვარ, იქეთაც ვარ
მიყვარს შუა მე ტრიალი!…
მაგრამ არსად კი არა ვარ:
ჩემთვისა ვარ… ნეიტრალი.
მადლობა ღმერთს, რომ სხვებსავით,
არ მებნევა გზა და კვალი!…
გადავდივარ!… გადმოვდივარ!…
ისე, როგორც ნეიტრალი.
მე არა მსურვს, ჩემზე ვინმე
რომ გარისხდეს!… იყოს მწყრალი!…
იაც მამწონს, ვარდიც მიყვარს,
რადგანაც ვარ ნეიტრალი.
სამაისო მომზადებამ
ორად გაჰყო ჩვენში ძალი,
მე არც ერთს არ ვემატები:
განზედა ვარ, ნეიტრალი.
ამბობენ, რო საზოგადო
საქმე არის ყველას ვალი,
მაგრამ მე ჯერ ვალს არ ვიხდი,
სანამდი ვარ ნეიტრალი.
სულ სხვა-და-სხვა პარტიისა
ერთად შემხვდა ორი ქალი:
ერთი ერთს მთხოვს, მეორე სხვას…
დამაფიქრეს ნეიტრალი.
ერთს ის ვუთხარ, მეორეს ეს,
აქეთ თვალი!… იქით თვალი!!…
ბისმარკივით გამოვძვერი
დავრჩი ისევ ნეიტრალი.
საარჩევნო ლხინში ვიყავ;
იქ სუყველა იყო მთვრალი.
მეც ვსვი, მაგრამ ფხიზლათ ვიყავ,
რადგანაც ვარ ნეიტრალი.
ვინც ამ ქვეყნად პირდაპირობს
ვაი, მხოლოდ მისი ბრალი,
თვარა ყველგან კარგი ყმაა
ჩემისთანა ნეიტრალი!…
აქეთაც ვარ, იქეთაც ვარ
მიყვარს შუა მე ტრიალი!…
მაგრამ არსად კი არა ვარ:
ჩემთვისა ვარ… ნეიტრალი.”