6 მაისი, 2024

გიორგი კეკელიძის საამაყო გადაწყვეტილება

გიორგი კეკელიძის ცხოვრებაში არაერთი ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი მომენტი ყოფილა, თუმცა ერთ-ერთი საამაყო რუსეთის კულტურის სამონისტროს წარმომადგენლის უარით გასტუმრებაა, რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსული სამკითხველოს მოწყობა სურდა:

“პარტიულ პოლიტიკაში არასდროს ვერეოდი, არც ახლა და არც სამომავლოდ იქნება ეს ჩემი საქმე. მაგრამ საზოგადო ცხოვრებაში არსებობს აუცილებელი წითელი ხაზი, რომელიც, თუ საჯარო ცხოვრებით ცხოვრობ – უნდა იწვოდეს. ჩემთვის ეს – ოკუპაციაა.

ვამაყობ, რომ რუსეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და კიდევ ერთი კაცი უარით გავისტუმრე, როცა ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსული სამკითხველოს მოწყობა შემომთავაზეს. არ მგონია, მას, ვინც სულ უმცროსად და მონად გიყურებდა, ,,სახალხო დიპლომატიის” პრიმიტიული და მათგან შემოთავაზებული ფორმა გადააფიქრებინებს ჩექმის ჩაცმას შენს გასაჭყლეტად.

ვამაყობ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, უკრაინული სამკითხველო გავხსენით ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

“გავრილოვის ამბების” დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და წიგნის მუზეუმის შესასვლელში ანტისაოკუპაციო დროშები გამოვფინეთ და მომიტინგე ახალგაზრდებს კარი გავუღეთ.

ვამაყობ, რომ არასდროს დავთანხმებივარ რუსული ბიბლიოთეკების მიწვევებს, მათ შორის ქართული კულტურის დღეების თუ წიგნის კუთხეების მოწყობის მოტივით შეფუთულს ან თუნდაც ჩემი დაჯილდოების ,,სურვილით” ნაკარნახევს.

ვამაყობ, რომ ყველა რუსულ გამომცემლობას უარი ვუთხარი ჩემი წიგნების გამოცემაზე, რადგან მქონდა ერთი პირობა – თუ გამოსცემდნენ, გარეკანზე წაეწერათ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ცხადია, არავინ დათანხმდა.

ვამაყობ, რომ ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ახალი ბიბლიოთეკები და სკვერის ბიბლიოთეკები მოვაწყვეთ, რომ დათა პაპას სტიპენდია დავაწესეთ, რომ არაერთი ადამიანის გვერდით ვიდექი, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს.

ამავდროულად, არასდროს გამილანძღავს არცერთი ის ქართველი, ვინც ბედის უკუღმართობის გამო ათწლეულების წინ წასული, ახლაც რუსეთშია და ყოველდღიურ სარჩოს მძიმე შრომით შოულობს, მაგრამ სულ ვაკრიტიკებდი ყველას, ვისაც ფართო სიტყვა ეთქმოდა ან ტაშ-ფანდურით ეგებებოდა კრემლს. ოთხოზორია რომ მოგვიკლეს, მაშინ დავწერე: ,,გადმოგვირბენენ – მოგვიკლავენ. გადავირბენთ – ვუმღერებთ”. ასე ვფიქრობ დღესაც.

და მგონია, რომ ეს უნდა იყოს ყველა იმ ქართველის საქციელი, ვისაც აფხაზეთი და ცხინვალი ახსოვს, თუნდაც გადმოცემით. ნორმალური საქციელი. ჩვეულებრივი. და არა – გმირობა. ამ აზრს ვერ შემიცვლის ვერც შარშანდელი ტროლ-ბოტური ცილისმწამებლური იერიშები და ვერც ქართული ვითომ ლიბერალური ვიწრო წრეების გაუგებარი თავდასხმები ჩემ მიმართ. უმნიშვნელო და კომიკური.

ახლა წიგნს ვწერ, აფხაზურ ამბებს რომ ეხება დიდწილად და ყოველი აბზაცის მერე ცრემლი და ბრაზი მაწვება.

და ეს ცრემლი და ბრაზი ამბობს: რუსეთი მტერია!”