8 აპრილი, 2024

სანდრო ელოშვილის უმნიშვნელოვანესი თხოვნა

რეჟისორი სანდრო ელოშვილი თითოეულ ჩვენგანს უმნიშვნელოვანესი თხოვნით მოგვმართავს:

“9 აპრილის კადრებს რომ ვუყურებ…
იმ პატარა გოგონების და ბიჭების სახეებს, მათ სუფთა და გაურყვნელ თვალებს, მათ ლოცვას, “ტანკთან” ჯოხით მეომარ ბიჭს, უსინათლო დედა-შვილის სიმღერას… დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს!
დილის კადრებს… “გამარჯვებულ” ჯარისკაცებს და ბრძოლის ველზე მიყრილ ლეიბებს…
ტიტებით მორთულ რუსთაველს და დაშვებულ დროშებს…
ერთი ლექსის დასაწყისი მახსენდება ხოლმე…
“ამხელა წყალში, ამხელა წყალში, როგორ გაბედე თეთრო ხომალდო…”
მართლაც ქაღალდის გემსა და ოკეანის ტაღლებს შორის ბრძოლას გავდა ეს ყველაფერი…
როგორ გაბედეს?!
ალბათ ამას კითხულობდა ყველა…
განსაკუთრებით კი ის “პარტიულები” რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ იმ ღამეს მათ შვილებს სახლში არ ეძინათ…
9 აპრილზე როცა ვფიქრობ, მინდება ხოლმე გამთენიისას, გადავსებულ კლინიკებში, დაჭრილებსა და მოწამლულებს შორის, თხუთმეტი წლის, მომაკვდავი ეკა ბეჟანიშვილი მოვძებნო და ვკითხო…
ეკა, როგორ გაბედე, არ შეგეშინდა?
რომ ვიცი რასაც მიპასუხებდა, ამიტომ მინდება ხოლმე…
როგორც მანამდე, როდესაც დაშლისკენ მოწოდებაზე პასუხობენ…
“არა… ფიცი გვაქვს ნათქვამი!”
ხომ გსმენიათ ფიცის დადების ტექსტი როგორ იწყება… ღვთისა და ერის წინაშე…
ის ფიცია!… ღვთისა და ერის წინაშე ნათქვამი… ამ ფიცის, ამ ცრემლის, ამ სისხლის ფასი აქვს ჩვენს თავისუფლებას!
მაშინაც არსებობოდნენ “ტროლები” და “ბოტები”… მართალია სოციალური ქსელები არ არსებობდა, მაგრამ არსებობდა ტელევიზია, რადიო, გაზეთი და “ხმები”… ხალხში დაყრილი ხმები, რომ ძირითადად ნარკომანები არიან, ლოთები, უსაქმურები, კრიმინალები…
ალბათ მართლა იდგა ვიღაც ნაციხარი, ვიღაც უმუშევარი, ვიღაც ვისაც ჭიქის გადაკვრა უყვარდა, ვიღაცას “ანაშის” გაბოლება… მერე?
ჩვენ ხომ ამ მიზეზით ვიშლებით ხოლმე, მაშინ როდესაც ძალიან მნიშვნელოვნები ვართ ჩვენი ქვეყნისთვის…
“იმის გვერდზე ვერ დავდგები…”
ისინი არ დაიშალნენ! ის პატარა გოგონები და ბიჭები…
ერთმანეთს ხელი მაგრად ჩაჭიდეს და… არ დაიშალნენ!
მე დიდად ვერ დავიკვეხნი უშიშრობით, მაგრამ ალბათ მეც ვერ წამოვიდოდი…
ძნელია ის 49 წლის (ბრედ პიტია 60 წლის) საქართველოსთვის გაჭაღარავებული მერაბ კოსტავა დატოვო ასე რომ იწყებს…
“საქართველოს ისტორიაში, ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი…”
მიდი და წამოდი, როდესაც იცი, რომ შენი ქვეყნის ყველაზე დიდებული წამის მონაწილე ხარ!
და მერე სიჩუმე… ფოტოაპარატის ჩხაკუნი გულის ფეთქვასავით რომ ისმის… ხელში ანთებული სანთლები და ლოცვა…
ოხ, რა ხმაურიანი სიჩუმეა!
სიჩუმე ქარიშხლის წინ…
და ჩვენი დროშით, ჩვენი გემი… თუნდაც ქაღალდის… შედის ზღვაში… მეზღვაურები, რომლებიც ამ ღამეს გმირებად გადაიქცევიან!
მალე ყველაფერი მორჩება…
ბნელს ნათელი შეცვლის, მზე ამოვა, გათენებას დაიწყებს…
ტკივილს, ჭრილობას მხუთავი აირი და სიკვდილი გააყუჩებს…
ყურებში კი მხოლოდ ერთი სიტყვაა ჩარჩენილი… სა-ქარ-თვე-ლო, სა-ქარ-თვე-ლო!
მადლობა მამას რომ იქ იყო! მადლობა სხვის მამას, სხვის დედას იქ რომ იყო…
ყველაზე დიდი მადლობა მათ, დედები და მამები რომ უნდა გამხდარიყვნენ, მაგრამ თავისუფლებისთვის იმ მარადიულ პატარა გოგო-ბიჭებად დარჩნენ!
თუ თბილისში ვარ, ჩუმად ვიღვიძებ, ჩუმად ვიცვამ, ჩუმად მივდივარ ხოლმე… ღამის ოთხ საათზე… იქაც სიჩუმეა… ისეთივე სიჩუმე, მაშინ რომ იყო…
სანთლებს ვანთებთ, მერე ქარი აქრობს…
35 წელი გადის დღეს…
პირველად რომ წამიყვანა მამამ, ასე მითხრა ცოტა ხალხია, მეტი უნდა მოდიოდესო…
მას მერე ყოველ წელს უფრო “ცოტა ხალხია…”
შარშან მე და ჩემი მეგობარი ვიყავით… იქითაც ვიღაც თავის მეგობრით… ასე 50 ადამიანი, მეგობრიანად… და რა თქმა უნდა ირაკლი წერეთელი…

ამ ყველაფერს 8 აპრილს ვწერ… ამინდი ისე რა… წვიმს…
ღამის 4 საათი ის დროა, რომელსაც (გამიგია) სპეც დანიშნულების რაზმები სპეციალურად ირჩევენ, ამ დროს ყველაზე მეტად ეძინებაო ადამიანს…
მაგრამ მაინც მინდა გთხოვოთ ჩემს მეგობრებს!
არ დაგვეზაროს… გავიდეთ გარეთ… ღამით… ოთხ საათზე…
მადლობა ვუთხრათ თავისუფლებისთვის!
თუ წვიმა გაშინებს, მაშინაც წვიმდა…
თუ სიცივე, მაშინაც ციოდა…
თუ ხვალ მუშაობ…
გეტყვი რომ ის თხუთმეტი წლის ეკა ბეჟანიშვილი, ჩვენ რომ თავისუფლება მოგვიტანა…
“ხვალ” სკოლაში მიდიოდა…”