26 აპრილი, 2024

ოთარ ჭილაძის შემოძახება ქართველებს

– ჩვენ ამირანის გამჩენი ხალხი ვართ და ჩვენი ხსნა მხოლოდ ბრძოლაა, ანუ, ჩვენთვის ყველაფერი ბრძოლაა: ლხინიც, გლოვაც… ყველაფერი, რითაც საკუთარ ვინაობას ადასტურებს და საკუთარ მეობას წარმოაჩენს ადამიანი, – წერდა გენიოსი ოთარ ჭილაძე:

ჩვენ კი აგერ უკვე ორასი წელია რუსეთზე ვართ მიბმული და ამ ხნის განმავლობაში, ცხადია, ფერიც ვიცვალეთ და ზნეც. მაგრამ მე მაინც არ ვთვლი ქართველ ერს დამარცხებულად და არც ამის ხმამაღლა განცხადება მგონია მამულიშვილური გულწრფელობის მაგალითი. ამან, შეიძლება, კიდევ უფრო გაგვიმძაფროს დანაშავის კონპლექსი, ზედმეტი კი ყველაფერი ერთნაერად მავნებელია ცუდიც, კარგიც. ერი, რომელიც თუნდაც ქაოტურად, ალალბედზე იბრძვის თავისუფლებისთვის, უპირველეს ყოვლისა იმას ადასტურებს მონობაში დაკარგული სახის დაბრუნების სურვილით რომ არის შეპყრობილი და თუნდაც მარტო ამ სურვილისთვის იმსახურებს პატივისცემაც სხვებისგანაც თუ არა ჩვენგან მაინც. ასე, რომ კი არ დავმარცხდით, ცოცხლები აღმოვჩნდით. ანუ კიდევ ერთი შესაძლებლობა მოგვეცა ცდისა.

ეს ომი დიდი ხნის დაწყებულია და, როგორც უკვე ვთქვით, ღმერთმა იცის, როდის ან როგორ დამთავრდება, რუსეთი შეიცვლის ზნეს თუ ჩვენ ავილაგმებით პირისაგან მიწისა.
მართალია, ამ ეტაპზე, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, თავისუფლებისთვის აშკარად მოუმზადებლები აღმოვჩნდით, მაგრამ გადარჩენა თუ გვინდა, ისევ ქართველებად თუ ვაპირებთ დარჩენას და მართლა ქართული სახელმწიფოს შექმნას ვცდილობთ, ეს პროცესი როგორმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

ჩვენ კი, “მონობაში გადიდკაცებულთა” ამაზრზენმა სიხარბემ შვილივით ნაფერები ვაზი აგვაჩეხინა, ომებში გაბასრებული ხმალი ქარქაშში ჩაგვიჟანგა, წიგნი გადაგვაგდებინა და უთვისტომო მაწანწალებად გვაქცია.”