23 აპრილი, 2024

ივანე ჯავახიშვილის უნიკალური ვიდეო

ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის გამოსვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1938 წელსაა გადაღებული.
ვიდეო, რომელსაც “არტ ინფო” გიზიარებთ, უნიკალურია:
,,ის განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარულის გამოხატულება, რომელიც თქვენ ინებეთ, მე მიმაჩნია გადაჭარბებულად ჩემდამი. ქართული გულუხვობით აიხსნება ეს. მე ჩემს თავს, ჩემს მოღვაწეობას, სრულებით ისე დიდად არ ვაფასებ, როგორც თქვენ გნებავთ. ხშირად მე ჩემი მოღვაწეობა წარმომიდგენია ისე, როგორც ჭიანჭველა, პატარა, რომელიც ეპოტინება დიდ მარცვალს და მიაქვს, მაგრამ გამარტოებული მუშაობით, მარტო ერთ ადამიანს, არაფრის გაკეთება არ შეუძლიან.
ეს იყო ჩემი ღრმა რწმენა ყოველთვის, ეს რწმენა არის ამჟამადაც, როდესაც მე უკვე მოხუცებული გახლავართ და რასაკვირველია, სულ სხვანაირად უნდა ვიმსჯელო, ვიდრე მე ვმსჯელობდი, როდესაც ყმაწვილი ვიყავი. ცხადი არის ჩემთვის, რომ თუ ერთ ჭიანჭველას არ შეუძლიან დიდი საქმის გაკეთება და ის თავისათვის მიეზიდება მხოლოდ, ფუტკარს, ცალკეულს, გამომუშავებული თაფლით შეუძლიან მხოლოდ თავისი თავი გამოჰკვებოს, ფუტკრების სკას შეუძლიან ადამიანს მისცენ და აძლევს კიდეც იმ თაფლს, რომლითაც ჩვენ ყველანი ვიკვებებით ხოლმე სიამოვნებით. და თუ ჩემს მოღვაწეობაში, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო მოღვაწეობაში, უკვე საქართველოში, მართლაც ნაყოფიერი შედეგი მოჰყვა, ეს აიხსნება მარტო ჩემი მუშაობით კი არა, არამედ იმით, რომ მე ბედნიერი ვიყავი, რომ გვერდს მიმშვენებდნენ საუკეთესო მუშაკები, საუეთესო სულით გამსჭვალული, ერთი ნების ყოფის ქვეშე მოქმედი. ჩემს მოღვაწეობაში მე ვხელმძღვანელობდი ერთ ხალხურ ლექსით, რომელშიაც მშვენივრად არის გამოხატული ქართველი ხალხის ზნეობრივი მოძღვრება აუცილებლივ აუცილებლობის შესახებ, რომელსაც უნდა ადამიანი აკმაყოფილებდეს.
კარგი ვარ იმას ნუ იტყვი,
თავს ნუ დაუწყებ ქებასა,
კარგი ჩვენც მოგვეწონება
ცუდი არც თავის დედასა.
როგორ ვიკადრებ მე, რომ თქვენს წინაშე ჩემს შესახებ რამე ვთქვა იმაზე მეტი, რაც სხვებს შეუძლიან სთქვან. ეს არც საკადრისია ჩემს მხრივ და არც ამას მიკარნახებს ქართველი ხალხის ზნეობრივი მოძღვრება”.