3 აპრილი, 2024

ბესიკ ხარანაული ქართველ ქალებზე

პოეტი ბესიკ ხარანაული ქართველ ქალებს უმნიშვნელოვანეს და უძვირფასეს სიტყვებს უძღვნის:

“ქართველ ქალთა თვალთა სიბრძნევ

ღმერთო ჩემო, ჩვენს ქალებში
ლამაზ თვალებს ვეღარ ნახავ,
თაობიდან თაობამდე
იმდენ სევდას დაუმარხავს,
რომე სხივი ვეღარ ატანს
იმ შორეთის შორეთიდან,
მხოლოდ ნაცრის არმურია
ნასაკირალ გორებიდან.
თითქოს ბევრჯერ გადირბინა
მწვანე ველი ცხენის ურდომ,
როგორც ხალისი მოუსპო,
როგორც სული გაუქურდო,
როგორც ჭები ამოუვსო,
ვერ იარონ კოკებითა,
თითქოს ჩვენი ცუდკაცობა
იმათ თვალებს მოეკითხა…
ქართველ ქალთა თვალთა სიბრძნევ,
შორეულო მეტყველებავ,
შენ თუ შუქი მომაშორე,
ბნელში მე რა მეშველება?
ნეტავი მას, ბედნიერსა,
ვინც იპოვნის რასაც ეძებს,
ვინც იპოვნის იმ ძველ იებს,
სიხარულით დაიკვნესებს,
ვისაც იმა თვალთა შუქი
სიკვდილსაცა გააქეზებს,
გულს დაიკრავს მახვილსა
და,
სისხლის მელნით დაიწებებს:
– ქართველ ქალთა თვალთა სიბრძნევ,
თქვენთვის მკვდარი ვიანდერძებ,
სიცოცხლეში შემომიშვით
თქვენს ლურჯ ზღვებში ვიანკესებ,
მზე ჩამიქრეს, მთვარე მიყვეს,
თქვენის შუქით ვიალერსებ,
სულ რომ ცეცხლზე მატრიალონ,
თქვენს სამღერად დავწერ ლექსებს.”