19 მარტი, 2024

სამაგალითოდ დასჯილი თინათინ მღვდლიაშვილი

პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა არაერთ ქარტეხილს ღირსეულად გაუძლო და არანაირ სირთულეს არ შეუშინდა. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ 1993 წლის ოქტომბრის რეპრესიების დროს იგი დასახვრეტთა სიაში შეიყვანეს – მეტიც – როგორც სამხედრო დამნაშავე, სამხედრო კომენდატურის ჰაუპტვახტში, № 7 სამხედრო საკანში იჯდა.

თინათინ მღვდლიაშვილი, პოეტი:

“ისეთი მიტინგის ფრაგმენტი გამომიგზავნეს, რომ სხეულში გამცრა! სახელმწიფო გადატრიალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პატარა გოგონამ, მიტინგზე წაიკითხა ჩემი ლექსი ,,ოცდაათი ვერცხლი”. მომავალმა პუტჩისტებმა ხელზე დაიხვიეს ჩემი პატრიოტული ლექსი, ინგლისურ ენაზე გადათარგმნეს და მთელი მსოფლიო შეაზანზარეს, აქაოდა, აი, ოცდაათი ოპოზიციონერი დეპუტატის დახვრეტას, თვით ბავშვებიც კი მოითხოვენო! იგივე კითხვა დაუსვეს მოპუჩისტო სტუდენტებმა ბატონ ზვიადს უნივერსიტეტში შეხვედრის დროს. პუტჩისტები ამ პატარა გოგონას მოკვლას, დახვრეტას და, რა ვიცი, რას აღარ მოითხოვდნენ. შეშინებულმა მშობლებმა თავისი ლამაზი გოგონა უცხოეთში გადამალეს. მოგვიანებით, მე სახლში მომიყვანეს ეს პატარა გოგონა, ნინო ჩილიდი, რომელიც თავის კოლხ დედიკოსთან ერთად მიტინგზე ყოფილა, დედას ხელიდან გასხლტომია, ტრიბუნამდეც მიუღწევია და ჩემი ლექსი წაუკითხავს, რომელმაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამკიდა სახელმწიფო დამნაშავეები.

ლექსი ,,ოცდაათი ვერცხლი” არა ერთხელ წამიკითხავს მიტინგებზე, მაგრამ, სწორედ ბავშვის მიერ წაკითხულმა გამოიწვია აჟიოტაჟი, სხვა კონტექსტით გაჟღერდა და, ცილისმწამებლებმა, გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველ იარაღად გამოიყენეს!..

აღსანიშნავია, რომ ლექსი 1990 წელს დავწერე და გაზეთ ,,ქართული ფილმის” პირველ გვერდზე დაიბეჭდა, მაგრამ, მაშინ, რატომღაც, დუმდნენ!..

1993 წლის ოქტომბრის რეპრესიების დროს, ჩემი დასახვრეტთა სიაში შეყვანის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს ლექსი და, ზოგადად, ჩემი ქართველობა და საქართველოს პრეზიდენტის ერთგულება გახლდათ.

1993 წლის ოქტომბერში, მე, თინათინ მღვდლიაშვილი, როგორც სამხედრო დამნაშავე, სამხედრო კომენდატურის ჰაუპტვახტში, № 7 სამხედრო საკანში ვიჯექი!..

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ პერიოდში სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს ბატონი ზვიად გამსახურდია და მისი თანამოაზრეები, ანუ ქართველი ერი და, მათ მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა! ამის დამადასტურებელი ვიდეოც არსებობს.

ვიდეო გამომიგზავნა დეა ტატიაშვილმა.”