იური (ციმციმა) ცინცაძის საინტერესო ისტორია

მოცეკვავე იური (ციმციმა) ცინცაძის უბადლო შესრულებამ ქართული საზოგადოება აღაფრთოვანა. სტატიები, გადაცემები, ვიდეოების სოციალურ ქსელში გაზიარებები – იური (ციმციმა) ცინცაძის ცეკვით მოხიბლულებმა ხოტბა-დიდება არ დააკლეს უნიჭიერეს ხელოვანს.

გიორგი კალანდია:

“ორი დღეა მთელი საქართველო აზიარებს იური (ციმციმა) ცინცაძის ფანტასტიურ ცეკვას! მეც ასე გავაკეთე, თუმცა აღფრთოვანებასთან ერთად უსაზღვრო სევდა დამეუფლა… იცით რატომ?! ციმციმა სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, სახალხო არტისტი იქნებოდა, უამრავი ჯილდოს და აღიარების მფლობელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, უამრავი აფიშის და გადაცემის მთავარი გმირი… საქართველომ კი ამ თვითნაბადი ოქროს არსებობა 2 დღის წინ შეიტყო, ისიც რუსეთის სახელმწიფო არქივში დაცული კადრების წყალობით. ჩვენი ძვირფასი ციმციმას ღვაწლი, საუბედუროდ, ვერცერთმა ქართულმა ქრონიკამ თუ არქივმა ვერ შემოინახა… აი, ამაშია საბჭოთა საქართველოს ტრაგედია, ჩვენი ეროვნული უბედურება… ჩვენ დიდ ადამიანებს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ვაღიარებთ. მანამდე კი… ეჰჰჰ… გოდერძი შარაშია, მადლობა ამ შესანიშნავი ჩართვისთვის…”