ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე ქართველებს მიმართავს და ყველაზე მთავარს შეახსენებს – გავუფრთხილდეთ ამ საოცარ ქვეყანას, საქართველოს და მასში და მის ფარგლებს გარეთ კიდევ უფრო საოცარ ქართველებს:
“ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, რამხელა სიმდიდრის პატრონია!
ჯერ ასეთი ლამაზი და განსხვავებული ბუნება ამ პატარა ტერიტორიაზე, ევროპის დასაწყისი – პირველი ევროპელები ხომ აქ აღმოაჩინეს (ზეზვა და მზია), კოლხი მედეა, ვისგანაც მედიცინა წამოვიდა, მინერალური წყლები და თვითონ სასმელი წყალი საოცარი, ხორბალი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო ადამიანისთვის ოდითგანვე, ღვინო – უძველესი ღვინის 600 ჯიში სწორედ აქედან მოდის.
ჩვენი ხალხური მუსიკა უძველესი და ცეკვა, გალობა… ასე განსხვავებული და საოცარი, პოლიფონია ურთულესი, ამდენი დიალექტი ამ პატარა საქართველოში და ყველა პატარა კუთხეს ხომ თავისი აქვს სამზარეულოც, მუსიკაც, ტრადიციაც და ბევრი სხვა რამ, არ არის განა გასაოცარი?
ამდენი ისტორიული ძეგლი (რაც შემოგვრჩა ამდენი მტრის შემოსევის შემდეგ) ასეთი ლიტერატურა და პოეზია, მხატვრობა, თეატრი, კინო, ბალეტი, საოპერო ტრადიცია და ნაწარმოებები, ამდენი ტაძარი… ქრისტიანობის დიდი მაგალითები.
ან გასაოცარი არ არის, როგორ გადავრჩით, როგორ დავამარცხეთ და გავუძელით საუკუნეების მანძილზე უამრავ მტერს და მომხვდურს? როგორ გავძლიერდით და მოვედით აქამდე? რამდენი გამორჩეული მეფე და დედოფალი, დიდი წმინდანები, გმირები… ჩვენი დამწერლობა, რუსთაველი და მსოფლიო მასშტაბის არაერთი გენიოსი. ქვეყანა, სადაც ადამიანი არასოდეს იდევნებოდა და არც ახლა იდევნება თავისი რელიგიის თუ წარმომავლობის გამო. ბევრია ასეთი ტოლერანტობის ისტორიული მაგალითები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში?
საოცარი აღმოჩენები, მეცნიერული მიღწევები, უნიჭიერესი ხელოვანები, მიმობნეული მარგალიტებივით მთელს მსოფლიოში, სპორტსმენები, ექიმები, მწერლები, მოჭადრაკეები, მეცნიერები!
რამდენი რამ? რამდენი ვინმე? რამდენი ნიჭიერება იყრის ერთად თავს ამ პატარა ქვეყანაში. განა ეს არაფერს არ ნიშნავს? განა ეს არ არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი ქვეყანა? არის და მერე როგორ და არა იმიტომ რომ ჩვენია!
ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და ყველგან, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ.
ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ ჩვენი ისტორია და წარმომავლობა, რადგან ეს განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას განუმეორებელს და უნიკალურს.
უნდა გავუფრთხილდეთ ამ საოცარ ქვეყანას, საქართველოს და მასში და მის ფარგლებს გარეთ კიდევ უფრო საოცარ ქართველებს!
ჩვენ ამით ვართ პირველ რიგში ქართველები და შემდგომ მდიდრები!
ეს ქვეყანა იმსახურებს ბედნიერებას, გაბრწყინებას და გამთლიანებას!”