ლევან წულაძე “ვეფხისტყაოსნის” მთავარ საიდუმლოზე

რეჟისორი ლევან წულაძე გენიალური “ვეფხისტყაოსნის” მთავარ საიდუმლოზე გვესაუბრება. მისთვის შოთა რუსთაველის ეს უკვდავი ქმნილება დანტეც არის, შექსპირიც, ბაირონიც, რადგან “ვეფხისტყაოსანი” სიყვარულისა და მეგობრობის ჰიმნია:

“გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად” – მეგობრობა, რომელსაც აქვს მიზეზი, ის არ არის მეგობრობა. ამას არაფერი კავშირი არ აქვს მეგობრობასთან. მეგობრობა არის ისევე იდუმალი და ამოუხსნელი, როგორც სიყვარული. ყველაზე ფასეული მეგობრობაში არის ის, რომ სწორედ ნამდვილი მეგობრობა ვერ უნდა იცნო. არ იცი რისთვის არის, ანალიზს არ ექვემდებარება. ჩვენი საუკეთესო ნაბიჯები, რომელსაც ჩავდივართ, ჩავდივართ გულის დამსახურებით.

მე მყავდა ბაბუა, რომელსაც არ ვიცნობდი, რომელიც 24 წელს გადაასახლეს და ისე მოხდა, რომ ვერც მოვესწარი. მაგრამ დამრჩა მისი ანდერძი და დამიბარა, რომ არაფერი არ წაიკითხოს “ვეფხისტყაოსნის” გარდაო. მახსოვს, როდესაც ბიძაჩემმა ეს მითხრა, ახალგაზრდა ვიყავი და, როგორ-მეთქი, ვუთხარი, დანტე არ უნდა წაიკითხო? არაო, ეს წაიკითხე კარგადო, აქ არის ყველაფერი, აქ არის დანტეც, აქ არის შექსპირიც, აქ არის ბაირონიც, ყველაფერიო.

გავიდა დრო და მე მივხვდი, რომ მართალია, ყველაფერი დანარჩენიც უნდა წაიკითხო, მაგრამ აქ ყველაფერია. ბაბუას ანდერძი მართალია. ამიტომ არის ეს მშვენიერი, ამიტომ არის მუდმივი, “ვეფხისტყაოსანი” იქნება ყოველთვის, რანაირადაც არ უნდა გაირყვნას და გათახსირდეს სამყარო, ის ყოველთვის დარჩება იმიტომ, რომ ეს ჩვენს შიგნით, ჩვენს სისხლშია.”