11 იანვარი, 2024

უსამართლო გადაწყვეტილება გიორგი კეკელიძესთან დაკავშირებით

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან გიორგი კეკელიძესთან დაკავშირებით ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა:

“პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა.

მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა.

მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება – გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.

P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა – მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს.

ჩემთვის ემოციურად ეს არ არის რიგითი ამბავი, შეიძლება რაღაც აზრით მთავარიც კი არის, რადგან ეს სივრცე ჩემთვის იყო არა რაღაც თანამდებობა, არამედ საუკეთესო გზა განათლების გავრცელების. და ათასობით დეტალი ხვალინდელი დღის და განვითარების ამ ქვეყნისთვის. და ძნელია, შეუძლებლად ძნელიც კი ამის ჩამომსხვრევა – თუმცა არანაირი ინტერვიუ არ იქნება ჩემგან, არანაირი ბრძოლა და ,,ბრძოლა” – გავუმკლავდები.”