უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია დავით აღმაშენებელზე

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი მეფის – დავით IV აღმაშენებლის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვიზიარა ისტორიკოსმა ბექა ჭიჭინაძემ:

“დავით აღმაშენებელი თავის თავზე ამბობდა:
მე იმ ეპოქის კაცი ვარ, როცა არსენი ხმელ პურს სჭამდა და ნოსელზე მუშაობდაო.
თავისი ეპოქის უმთავრეს მოვლენად მისი ბრწყინვალე გამარჯვებები კი არ მიაჩნდა, არამედ კულტურული აღმავლობა! გრიგოლ ნოსელი, რომელსაც მკაცრად მომარხულე არსენი თარგმნიდა, ძალიან რთული ავტორი, დიდი ფილოსოფოსი და თეოლოგია, რომელიც ქრისტიანული დოგმატების რაციონალურ თარგმნას ცდილობდა, ნიშნეულია, რომ ჩვენმა დიდმა მწიგნობარმა მეფემ, რომელსაც სხვათაშორის კითხვები ჰქონდა საქართველოს ეკლესიის მთავარ ლეგენდასთან (ქრისტეს კვართი სვეტიცხოველში, იგი ეჭვებს არ მალავდა და ამბობდა: ,,რაი ვუწყი თუ რაი არს კონქსა იმას შინა, ანუ რასა თაყუანისვცემ?”) თავის ფილოსოფოსად სწორედ გრიგოლ ნოსელი აირჩია, რომელიც ყოველთვის ასაბუთებს იმას, თუ რას და რატომ თაყვანისვცემთ, და არა ისე, როგორც სვეტიცხოველში, რაღაც ჩაფლულს, ბრმად სათაყვანებელს.

თუ ვინმე ოდესმე გადაწყვეტს დავით აღმაშენებლის რეალური ბიოგრაფიის დაწერას, ჯერ გრიგოლ ნოსელი და პროკლე დიადოხოსი უნდა შეისწავლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სათოფეზეც ვერ გაეკარება დავითის შინაგან სამყაროს, და ვერც გარეგანს, რომელიც სწორედ ამ შინაგანის ემანაცია იყო.

ჩანართი:
პოსტში, სადაც საუბარია დავით აღმაშენებლის ეჭვებზე სვეტიცხოველში ქრისტეს კვართის დაფლულობაზე, დამაბრალეს რომ მე შევთხზე დავითის ეს სიტყვები: ,,რაი უწყი თუ რაი არს კონქსა იმას შინა, ანუ რასა თაყუანისვცემო”.

გიზიარებთ წყაროს – ნიკოლაოზ კათალიკოსი, საკითხავი სუეტის ცხოველისაი, კუართისა საუფლოისა და კათოლიკე ეკლესიისა, 1908 წლის გამოცემა, თბილისი, გვ. 114

მეორე წყაროც, დავით აღმაშენებლის სიტყვები არსენ ბერზე, წარმოუდგენელი ეჩვენათ და მისი შეთხზვაც მე დამაბრალეს.

მოტანილი მქონდა დავითის სიტყვების ახალქართული პერიფრაზი: ,,მე იმ ეპოქის ადამიანი ვარ, როცა არსენი ხმელ პურს სჭამდა და ნოსელს თარგმნიდა”.

წლებია ქართულ წიგნებზე ხელი არ მიმიწვდება, მაგრამ არსობრივად ამ პერიფრაზში ყველაფერი სწორად მაქვს გადმოცემული, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი დეტალი გამომრჩა, ან ხარვეზით გადმოვეცი.

ზოგმა, მისი ჭკუით გამომიჭირა, დავითი სიტყვა ,,ეპოქას” როგორ იხმარდაო… რატომ არ შეიძლება ,,მე მაშინდელი კაცი ვარ”, პერიფრაზირებულად გადმოვცე, როგორც ,,მე იმ ეპოქის კაცი ვარ” ?

იხილეთ მეორე ეკრანის ანაბეჭდი, ქველი ჩხატარაიშვილის ნაშრომიდან, დავითის ამ სიტყვებს საგანგებოდ შეეხო ივანე ლოლაშვილი თავის დიდებულ ნაშრომში – არსენ იყალთოელი, 1978, გვ. 67

ადრე, ესეთი ყეყეჩი უმეცრება ძალიან მაღიზიანებდა, ესე იგი, რახან არ იციან, ან ძნელად წარმოუდგენიათ რამე, სინამდვილე ამათ წარმოდგენებში უნდა ჩაეტიოს და შეიზღუდოს, და იმის მაგივრად, რომ ზრდილობიანად გთხოვონ წყაროს მითითება, გესლს ანთხევენ.