12 იანვარი, 2024

რეზო გაბრიაძის ნება აღსრულებულია

გენიალური რეჟისორისა და მწერლის რეზო გაბრიაძის ნება აღსრულებულია.

ქუთაისში, რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქში, იქ, სადაც მისი ნაწარმოებების გმირები ცხოვრობდნენ, ქალაქის ძველი უბნების გადაკვეთაზე ეს საოცარი წყარო განთავსდა.
ასეთი იყო თავად რეზო გაბრიაძის ნება, რომელმაც ორი ერთმანეთის მსგავსი წყარო დაამზადა, თბილისისთვის და ქუთაისისთვის. ერთი წყარო, უკვე რამდენიმე წელია გაბრიაძის თეატრსა და ანჩისხატის უძველეს ტაძარს შორის დგას, მეორე კი, რიონის პირზე, დიდებული ბაგრატის ტაძრის ჩრდილში, წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში განთავსდა.

ერთიანი ქვისგან გამოთლილი წყარო სიმბოლურად გამოსახავს იმ ლოდს, რომლითაც მაცხოვრის საფლავი იყო დაფარული. ის ასევე შეიცავს მინიშნებებს ოთხთავსა და მოგვთა თაყვანისცემაზე – წყალი ჯერ ოთხ ნაკადად მოედინება ერთიანი წყაროდან, შემდეგ კი, სამ ჭავლად იღვრება მიწაზე.

წყაროს თავად ბატონი რეზოს მიერ დამზადებული კერამიკული ფილებისგან შედგენილი პანო ამშვენებს.