25 იანვარი, 2024

ყურადღებით მოუსმინეთ ლევან ღვინჯილიას

ენათმეცნიერი  ლევან ღვინჯილია თითოეულ ქართველს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართულმა ენამ მეგრელები, სვანები, ქართები და ლაზები ერთ ერად ჩამოაყალიბა და გააერთიანა:

“მეგრელები, სვანები, ქართები და ლაზები ერთ ერად ჩამოაყალიბა და გააერთიანა ქართულმა ენამ, თუმცაღა თავის დროზე, როდესაც ამბობენ, რომ ფარნავაზი და ქუჯი ეგრისელი ბჭობდნენ ამ საკითხზე, ამბობენ, რომ ქუჯი ეგრისელს ტერიტორიებიც მეტი ჰქონდა, გავლენებიც მეტი ჰქონდა, მაგრამ ისეთი შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა, რომ ქართლიდან გამოსულ მეფეს დაუდგა გვერდით და ქართული იქნა აღიარებული სახელმწიფოს მთავარ ენად და კიდევაც ამბობს ჩვენი მეისტორიე: “ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ფარნავაზმა განავრცო ენა ქართული და  არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.”

ხანძთელის ცხოვრებაში წერია: “ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულებს” – სადაც ქართულად ლაპარაკობენ, ქართულად ლოცულობენ, ის ტერიტორიაა საქართველოო.

ერთმა ჩემმა მოგვარემ  იურა ღვინჯილიამ ზუგდიდში გამოსცა მანიფესტი და გამოაცხადა სამეგრელოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, როგორც სახელმწიფო ათას რვაას რომელიღაც წელს არსებულ საზღვრებშიო და მდინარე კელასურამდე მდებარე გალი და ოჩამჩირე აქეთ შემოგვიერთა და სახელმწიფოს აყალიბებს იქ. ჩვენს მთავრობას სძინავს ამ დროს. შეიძლება ამ კამათის დროს ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა უხამსი უთხრასდა აგორდეს ცუდი ამბავი. ამ ერთი სულელის გამო უკვე დაიწყეს მეგრელების ლანძღვა და გინება. თავის დროზე მას ვუწოდე გზას აცდენილი კაცი და იმან არ დააყოვნდა და საპასუხო ეპითეტიც გამომიგონა – ნამეგრელარი ქართველიო. სხვათა შორის, სვანებიც მიისაკუთრა იმ რესპუბლიკაში.

ოვანეს თუმანიანს აქვს პატარა პოემა “ერთი წვეთი თაფლი” – როგორ დაჯდა ბუზი წვეთ თაფლზე, როგორ მიახტა ამას კატა, კატას როგორ გამოეკიდა იქვე მყოფი ძაღლი, ძაღლს ვიღაცამ დაარტყა, ამათ პატრონები გამოესარჩლნენ და დახოცეს ერთმანეთი ერთი წვეთი თაფლისთვის.

უნდა ავუხსნათ იმ ხალხს – როცა ერთ ენაზე ვლაპარაკობდით, მერე ფარნავაზმა და ქუჯი ეგრისელმა დაინახეს, რომ უკვე სხვა ენებიც არის გაჩენილი და გამოყოფილია მეგრული, ლაზური, სვანური ქართულზე, ანუ ის წინარე ქართველური   ენა იყო, რომელიც დაიშალა რამდენიმე ერთეულად. ვისაც მეგრულ-ჭანური 2 სხვადასხვა ენა ჰგონია, მათთვის 4 -ია, ვისაც ჰგონია, რომ მეგრულ-ჭანური არის იგივე ზანური, იგივე კოლხური ენა , მაშინ  – სვანური, ქართული და ზანური – 3 გამოდის. როცა ასე მოხდა, ერთმა ენამ იკისრა გამაერთიანებელი როლი. რელიგია, მართლმადიდებლობა დასავლეთ საქართველოში, სვანეთშიც და სამეგრელოშიც ყოველთვის ქართულენოვანი იყო. სოციალურ ქსელში გამოჩნდა მეგრულგვარიანი სასულიერო პირი,  რომელმაც დაიწყო წმინდა წერილების სწავლება მეგრულად. ვიკიპედია გაჩნდა მეგრულად… ამ ტექსტებს რომ ვუსმენ და ვკითხულობ, ენით აუწერელი უმეცრებაა მეგრული ენის ფლობის თვალსაზრისით. არ იცის ისეთ სისულელეებს წერს – როგორ უნდა თქვას ეს მეგრულად. ამას რომ თავი დავანებოთ, თვითონ ფაქტი – ის, რაც გამაერთიანებელია, შენ როგორც კი იმას ნაკუწებად დაანაწილებ, ვშორდებით ერთმანეთს მაშინ…”