6 იანვარი, 2024

ნაირა გელაშვილი ქრისტეშობაზე

მწერალი ნაირა გელაშვილი ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულს თავისი ლექსით გვიზიარებს:
შობის ღამე
“უსინათლო ვარ,
ჯერ სიცოცხლე არ დამინახავს,
მივდივარ სადღაც,
წელიწადი მთავრდება, მგონი…
ეს კი ვიცი, რომ ფიფქებია,
ჯოხთან შეზრდილ
ხელს რომ მინამავს,
ვიცი, რომ ახლა
თოვლი მოდის ბეთლემში,
თოვლი…
მუშკ-ამბრის სუნი…
ჩაიარა…
მირთის, მიხაკის…
მგონი, მუსკატიც ურევია…
გუნდრუკი, მური…
უცხოელები უნდა იყვნენ…
ბეწვი და ტყავი…
ცხენებსაც უცხო სუნი უდით,
არიან სამნი…
ნეტავი რისგან შემეძრა გული?
ვარსკვლავიო, იძახიან: „ეჰა, ვარსკვლავი!“
„ბრმა ხარო?“ – ერთი მეკითხება.
„ბრმა ვარ, ბატონო.“
„მაგრამ დამთავრდა სიბრმავე და
დამთავრდა გლოვა!
ი ს უკვე გ ა ჩ ნ დ ა!
შ ე მ ო ვ ი დ ა!
უკვე ა ქ ა რ ი ს!
მოდის სინათლე ნაჩუქარი,
შენთანაც მოვა!“
ბარდნის. მივყვები მათ ნაკვალევს,
ბასრ-უცხო სურნელს…
მგონი, მივედით,
თოვს და ვდგავართ რაღაცა კართან…
გამოდის სუნი
თივის, ჩვილის, რძისა და ქალის,
ცხოველის, კვარის…
მესმის: „გახსოვდეს,
დაინახავ ორივე თვალით,
როცა ეს ჩვილი გაიზრდება
სიბნელის ლახვრად!“
უკვე წავიდნენ……
ჩამიარა ცხენების სუნმა,
ვდგავარ, მაბრუებს
სურნელება ჩვილის და თივის,
(და თივა რაა?
გამომშრალი ყვავილი, მოლი…)
შევდივარ შიგნით,
დაღლილი ვარ, ამათთან მინდა,
ო, როგორ თბილა…
თოვლი მოდის ბეთლემში, თოვლი…”