19 იანვარი, 2024

ლანა ღოღობერიძის საუკეთესო წერილი ოთარ იოსელიანზე

კინოს დიდოსტატზე ოთარ იოსელიანზე რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ არაჩვეულებრივი წერილი დაწერა:

“ძალიან, ძალიან სევდიანი იყო დამშვიდობება ოთართან. ბევრი ხალხი იყო თუ ცოტა, შესაბამისი პატივი მიაგეს თუ არა… ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა. ის დარჩა. დარჩა ერის სხეულში. სამუდამოდ. ოთარ იოსელიანი – დიდი რეჟისორი, შემოქმედი, რომელმაც შექმნა თავისი სამყარო, ხშირად უფრო მიმზიდველი და დამაჯერებელი, ვიდრე რეალობა. სამყარო, სადაც ყველაფერი ფარდობითია, ყველაფერი ზღვარზეა, სადაც ყველა მოვლენა ერთნაირად მნიშვნელოვანიც არის და უმნიშვნელოც, წარმავალიც, სადაც სიკვდილს ისეთივე ფასი აქვს, როგორც ორკესტრის რეპეტიციაზე წუთი-წუთზე მისწრებას. აი, ვის ესმოდა, ესმოდა კი არა, კანით გრძნობდა კინოს მაგიას! ვინ იყო ჭეშმარიტი კინემატოგრაფისტი! ის ჩვეულებრივ ყოფასაც კინო-კამერის თვალით აღიქვამდა, თითქოს თვითონ იყო კინო-კამერა. მონტაჟის დიდოსტატი. სულ პატარა დეტალით დიდი სურათის შექმნის ვირტუოზი! როგორ წავიდა ცხოვრებიდან მისი შაშვი მგალობელი! ისე უბრალოდ და უხმაუროდ, თითქოს არც არაფერი მომხდარა. იყო ეს ერთი ახალგაზრდა კაცი, მუსიკოსი, რომელთან ყოფნაც ყველას სიამოვნებდა… იყო და არა იყო რა… დარჩა მხოლოდ ერთი ლურსმანი, მისი ხელით მიჭედებული მესაათის ჯიხურის კედელზე… თვითონ ოთარმა კი დატოვა ბევრად მეტი. თავისი ფილმები და მათ შორის შედევრთა შედევრი – „იყო შაშვი მგალობელი“.