27 იანვარი, 2024

ილია ჭავჭავაძის უცნობი ისტორია

მწერლისა და პოეტის ილია ჭავჭავაძის შესახებ მკითხველმა თითქოს ყველაფერი იცის, მაგრამ არის ისტორიები, რომლებიც უცნობია.

“არტ ინფო” გიზიარებთ იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებას ილია ჭავჭავაძეზე:

„მუშაობდა ასე. დაავიწყდებოდა ჭამაც და სმაც. ერთ ფინჯან ყავას თუ შეუტანდნენ და პატარა თეთრ პურს, თორემ სხვა საჭმელს არაფერს მიიკარებდა. მეუღლე ილიასი, პატივცემული ოლღა, შემოგვჩივლებდა ხოლმე: „ღამე წამოვდგები, მივალ ილიას ოთახთან და კარებს ცოტად შევაღებ, მინდა შევიტყო, ხომ არა უნდა რა. ვხედავ, რომ ილია წამოწოლილა ტახტზე, – კაბინეტში რომ უდგა, – ჩაცმული, გაუხდელი და სძინავს კურდღლურად. ფეხაკრებით გამოვბრუნდები, რომ არ გამოეღვიძოს“.

ასე გაშმაგებით იცოდა მუშაობა, საჭმელსაც აღარ ეკარებოდა, მხოლოდ თამბაქოზე კი ხელს არ იღებდა, პირში გაუქრობელი ედო პაპიროსი და მის ისეც პატარა კაბინეტში, ეხლა ჩაკეტილჩახურულში, ისეთი დახშული, შეკომლილი ჰაერი იდგა, რომ ახლად შესულს კაცს თავბრუს დაჰხვევდა. ილია ამას აინუნშიაც არ იგდებდა. და აბა ვინ გაუბედავდა ეთქვა: ილია, შეისვენე პატარა, ოთახი ცოტა მოასუფთავე, ჰაერი გაწმინდე.

გაათავებდა მუშაობას, გამოვიდოდა თავის დროებით საპყრობილედან და, ვინ იტყოდა, რომ რამდენიმე დღე უჭმელუსმელი ყოფილა, უძილოდ გაუტარებიაო, – ისეთი მხიარული, ჯანსაღი სახით გამოიყურებოდა. ვინ არ შენატრებდა, ვის არ შეშურდებოდა ილიას ჯანი: სწორედ რომ ქვითკირითა და რკინით იყო ნაშენი მისი აგებულობა, და, ძალათ რომ არ მოესპოთ მისი სიცოცხლე, ვინ იცის, იქნებ დღესაც ცოცხალი ყოფილიყო. გადამეტებულად ნუ ჩამითვლით ამის თქმას; აი იმისი და, ელისაბედი, ოთხმოცდა ცამეტი წლისა არ გარდაცვლილა? და რამდენად უფრო სუსტი აგებულობისა იყო თავის ძმა ილიაზე.

გაათავებდა წერას, მიატოვებდა კალამს და მთელი კვირაობით აღარ დაუბრუნდებოდა საქმეს. გადიცვამდა თავის ჭრელ ხალათს, დაიხურავდა თავზე ფესს და ჩაიკეტებოდა ისევ თავის კაბინეტში, მხოლოდ არა მუშაობისათვის: წამოწვებოდა მხართეძოზე, აიღებდა ხელში გაზეთს და მიეცემოდა აზიურ ფარ ნიენტეს, ჩვენებურად რომ ვთქვათ, განცხრომას, ზარმაცობას…

თუ ამ დროს მოვიდოდა ვინმე საქმისათვის, ახლოს არ მიიკარებდა, სალაზღანდარაოდ მოსულს სტუმარს კი დიდის სიამოვნებით გაუმასპინძლდებოდა. თუ ვინმე მახლობელი შემოვიდოდა და ეტყოდა: ილია, მოდი ერთი კამათელი გავაგოროთო, ილია დიდის სიამოვნებით დაეთანხმებოდა, მოუჯდებოდა ნარდს და კამათლების და ქვიშნარების ჩახაჩუხში ყველაფერი დაავიწყდებოდა“.