24 დეკემბერი, 2023

უმნიშვნელოვანესი სიახლე თამარ მეფეზე

საქართველოში ერთ-ერთ უძლიერეს მეფეზე – თამარზე უმნიშვნელოვანეს სიახლეს გვიზიარებს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე:

“ასეთ ცნობას გადავაწყდი, რომ საფრანგეთის მეფე ჟან კეთილს (1319-1364), ლონდონში ტყვეობისას ეძინა ქართული აბრეშუმის ზეწრებში, რომელიც ჩინურ აბრეშუმზე მეტად ფასობდა ევროპაში და ყველაზე ძვირადღირებული ქსოვილი იყო, ამიტომაც მხოლოდ ევროპელი მეფეებისა და მთავრების საწოლებისთვის განკუთვნილი.

ალბათ, ბევრ რამეს შესწრებია ქართული აბრეშუმი შუა საუკუნეების ევროპელ მონარქთა პალატებში, სადაც ევროპის ისტორია იწერებოდა.

მარკო პოლო წერს: ,,საქართველოში ბევრია ოქროქსოვილი აბრეშუმი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ”.

საქართველოს ოქროს ხანა დასავლეთ ევროპაში სწორედ ქართული აბრეშუმის ოქროქსოვილებით იყო წარმოდგენილი.

ალექსანდრე თვარაძემ ყურადღება მიაქცია მე-13-საუკუნის დასაწყისის ცნობილ გერმანულ რომანს – ,,პარციფალს”, სადაც ჩვენდა საოცრად აისახა ოქროს ხანის საქართველოც. რომანში ლაპარაკია კავკასიაში არსებულ ,,ოქროს მთებზე” და უძვირფასეს აბრეშუმსა და ოქროქსოვილებზე, (შეადარე იბნ ისფანდიარი და მარკო პოლო), დაბოლოს, მთელი ამ სიმდიდრის მშვენება – მდიდარი კავკასიის (ტრიბოლიბითის) დედოფალი, რომელიც მდიდარ ქალაქ ტრაპიზონს თუ დარუბანდსაც (Tabronit) ფლობს.

ასე მართლდება თამარის ისტორიკოსის სიტყვები, რომ ფრანგნი (ევროპელნი) თამარის ქებათა მელექსეობდიან.”