27 დეკემბერი, 2023

თემურ ჩალაბაშვილი – უჭირისუფლოთა ჭირისუფალი

პოეტ თემურ ჩალაბაშვილს მისმა კოლეგამ ემზარ კვიტაიშვილმა უჭირისუფლოთა ჭირისუფალი უწოდა და აღნიშნა: .”თემური უჭირისუფლოთა ჭირისუფალია, თემურ ჩალაბაშვილს ფიროსმანის დროს რომ ეცხოვრა, დღეს ფირსომანის საფლავი გვეცოდინებოდაო.” სწორედ მისი ინიციატივით და მონდომებით დაიდგა მთაწმინდის პანთეონში ფიროსმანის მემორიალური დაფა.

ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი:

“თემური, ყველასგან გამორჩეულია, სტამბულში, საქართველოს გატანილი სპილენძის თუნგები შეიძინა და შინ ბედნიერი დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს სხვა ვერაფერი ჩამოუტანა…

თემური შვილებივით ზრდის ახალგაზრდა პოეტებს და ცრემლებჩამდგარი შეჰხარის მათ ნიჭსა და კაიკაცობას… კახეთში გაზრდილმა ვაზი ახარა შუა ქალაქში და პირველი მოსავალი ხელუხლებლად ჩიტებს დაუტოვა….

თემური წარმოუდგენლად მამაცი და მეტისმეტად მორცხვია, თემური მდიდარია თავისის სიღარიბით, – თემური გულით მთელ საქართველოს დაატარებს, სულით კი საქართველოს ტოლია. მისი ლექსები მშობლიური მიწის ხნულებში მიმოფანტული ოქროს მარცვლებია, რომლის ნაყოფიც მუდამ დაატკბობს სიყვარულის განმადიდებელ, მართლმადიდებელ ქართველებს…
თემური დედის ჩამოტანილ უბრალო, შემოდგმოს ყვავილებს სუფრის თავში დგამს… მისთვის უცხო და მიუღებელია რაც მშობლიური არ არის… ბებიიის ლოცვებით გამთბარი პოეტი ლექსს დაჰყავს უმისამართოთ და გზადაზა ჩურჩულებს : “ღმერთო, კი მომკალ, როცა ქართველი არ წაიკითხავს “ვეფხისტყაოსანს.”

უნიჭიერესმა პოეტმა საკუთრი თავი საოცარ ლექსში “ავტოპორტრეტი” დაახასიათა:

“ვცოცხლობ, იმედს არ ვკარგავ,
დედამიწა ბრუნავს.
მოვკვდე, როცა
დავკარგავ –
გაოცების უნარს.
სადად ვამბობ
არ ვქარგავ,
ფეხით ვთელავ
სუ ნარს.
მოვკვდე, როცა
დავკარგავ –
სიყვარულის უნარს.
სულ ჭენებით –
გავთანგავ,
ჩემგან ნახედნ
ქურანს.
მოვკვდე, როცა
დავკარგავ
კაცად ყოფნის უნარს…”