25 დეკემბერი, 2023

როდის აღვნიშნოთ შობა – 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს?

როდის აღვნიშნოთ შობის დღესასწაული – 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს? – ეს კითხვა წლებია ქართველებისთვის საკამათოა.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

მოკლედ დავწერ: 1918 წლამდე საქართველოში შობა მუდამ იყო 25 დეკემბერს, ოღონდ ეს 25 დეკემბერი მე-16 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული არ ემთხვეოდა ევროპის 25 დეკემბერს და ჩამორჩებოდა რამდენიმე დღით. ანუ ჩამორჩენილი მექანიკური საათივით იყო ჩვენი კალენდარი 1589-1918 წლებში და რეალურ თარიღთან აცდენილი იყო.

1918 წელს დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებამ ჩამორჩენილი კალენდარი გაასწორა საქართველოში და გაუთანაბრა ევროპის და მთელი მსოფლიოს კალენდარს, იგივე ქნა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ რუსეთში იმავე 1918 წელს. მაგრამ ეს არ ქნა ქართულმა და რუსულმა ეკლესიამ, ამიტომ 1919 წლიდან მოყოლებული შობა საქართველოში და რუსეთში აღმოჩნდა 7 იანვარს!

1923-1925 და 1927-1928 წლებში ამბროსი ხელაიას და ქრისტეფორე ციცქიშვილის პატრიარქობების დროს ქართულმა ეკლესიამ გაასწორა კალენდარი და შობა 25 დეკემბერზე დააბრუნა, მაგრამ მოსახლეობაში არევდარევის გამო, მათ მიერ დღესასწაულების კვლავ ძველი გაუსწორებელი კალენდრით აღნიშვნის გამო, ჯერ ამბროსი ხელაიამ და მერე ქრისტეფორე ციცქიშვილმა დროებით შეაჩერეს საეკლესიო კალენდრის გასწორება და სამოქალაქო კალენდართან მისი სწორება. ასე აღმოჩნდა შობა 7 იანვარს, მაგრამ დღეს ის დიდი სხვაობაა, რომ მაშინდელი ქართველობა ძველ გაუსწორებელ კალენდარს ცხოვრებაში კვლავ იყენებდა და მოქმედი იყო, დღეს კი ის ცნობიერება სრულიად გამქრალია და რეალურად შობის რიცხვი 25 დეკემბერი ობივატელის ცნობიერებიდან გამქრალია და წაშლილი და შობის თარიღად 7 იანვარი დამკვიდრდა, რაც საეკლესიო ცნობიერებას ეწინააღმდეგება და კურიოზია.

შესწორებული კალენდარი ანუ გროგორიუსის (და ასევე მილანკოვიჩის) კალენდარი იგივე იულიუს კეისრის კალენდარია, მაგრამ გასწორებულ-გაუმჯობესებული.

კალენდრის შესწორებას და შობის 7 იანვრიდან 25 დეკემბერზე გადატანის საკითხს წერტილი დაუსვა ტირანმა სტალინმა 1948 წელს, როდესაც მისი სურვილით და კონტროლით მოწვეულმა საერთომართლმადიდებლურმა საეკლესიო კრებამ მოსკოვში დაადგინა, რომ შობა დარჩებოდა 7 იანვარს და რუსული საეკლესიო კალენდარი არ გასწორდებოდა. რატომ გააკეთა ეს სტალინმა? მას სურდა დასავლეთის სამყაროსთან უფრო მეტად დაეშორებინა საბჭოთა იმპერიის ქრისტიანები და მათი გებეშნიკური წითელი ეკლესიები რაც შეიძლება ანაქრონისტული და ჩაბნელებულ-კომედიანტური ყოფილიყვნენ, მეცნიერებას, საერო ცხოვრებას, საღ აზრს და ქრისტიანულ ცივილიზებულ მსოფლიოს მოწყვეტილები.

სტალინს ასევე სურდა ამ კრებით კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს პირველობის გაუქმება, მოსკოვის საპატრიარქოს პირველობის აღიარება მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, მაგრამ მსოფლიო საპატრიარქოს და რიგი ბერძნული ეკლესიების წინააღმდეგობამ ეს კრემლისტური გეგმა ჩაშალა. გეგმის მიზანი ბუნებრივია: გებეშნიკური კრემლისტური მოსკოვის წითელი საპატრიარქოს იდელოგიურ-პოლიტიკური გავლენების გაზრდა მსოფლიოში, კერძოდ კაპიტალისტურ ქვეყნების ეკლესიებზე და მოსახლეობაზე, თორემ სოცბანაკის ეკლესიებზე ისედაც დამყარებული ჰქონდა 1943 წლიდან მოყოლებული მოსპატის (ანუ მოსკოვის საპატრიარქოს) ბატონობა.”