9 დეკემბერი, 2023

იცით ვინ იყო გვანჯ აფაქიძის პროტოტიპი “მთვარის მოტაცებაში”?

კონსტანტინე გამსახურდიას რომანში “მთვარის მოტაცება” ერთ-ერთი მთავარი  პერსონაჟის გვანჯ აფაქიძის პროტოტიპი თავადი გვანჯი ჩიქოვანი გახლავთ.

გვანჯი ჩიქოვანი პირველი მსოფლიო ომის მონაწილე იყო – შემდგომში არაერთხელ დაპატიმრებული, გარეგნობითა და ჭკუა-გონებით ყველასგან გამორჩეული პიროვნება. სხვა თავადებისგან განსხვავებით, თავმდაბალი ადამიანი გახლდათ  და დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ხალხში. ქართული ტრადიციების მოყვარული მუდამ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი დადიოდა.

წმინდა გიორგის ორდენის კავალერი ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც გამოიქცა და სალომე დადიანის შუამდგომლობით საოფიცრო კურსებზე მოეწყო. რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, აჭარაში პოლიციის უფროსად დაინიშნა. საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ კი, ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვე იმუშავა და მშობლიურ სოფელში დაბრუნდა.

გვანჯი ჩიქოვანს ბევრჯერ ურჩიეს ემიგრაციაში წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ახლოს იცნობდა ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილს, საშა გეგეჭკორი კი მისი დეიდაშვილი იყო,  მაცდურ წინადადებაზე უარი თქვა და სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა.

1924 წლის აჯანყების დღეებში გვანჯი ჩიქოვანი დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაუშვეს.  ის დაპატიმრებული იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც და სასჯელის 8 წელი მოიხადა.

ერთხელ ის და კონსტანტინე გამსახურდია სუფრაზე გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, სადაც მწერალმა განაცხადა:

„ეს ჩემი გვანჯი აფაქიაა და კიდევ მეტს ვიტყვი: „მთვარის მოტაცება“ ამ დიდებულმა კაცმა დამაწერინა“.

გვანჯი ჩიქოვანი ნაწარმოებში ცხენების აღწერის ეპიზოდში მწერლის კონსულტანტი გახლდათ.

ზუგდიდელი უხუცესი კოლორიტი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. გვანჯი ჩიქოვანი ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშის სასაფლაოზეა დაკრძალული.