უნიჭიერესი რეჟისორის ოთარ იოსელიანის გენიალური ფილმის “გიორგობისთვე” შექმნას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ეს ამბავი აკაკი ბაქრაძემ თავის მოგონებებში “13 წელიწადი კინოში” აღწერა და ის ლაშა ბაქრქძემ გაგვიზიარა:
“ოთარ იოსელიანის ფილმის „გიორგობისთვე” ისტორია – აკაკი ბაქრაძის მოგონებებიდან “13 წელიწადი კინოში”.
1968 წელს მამაჩემი მოხსნეს “იდეურად სუსტი ფილმების “გიორგობისთვის”, “დიდი მწვანე ველის”, “არაჩვეულებრივი გამოფენის” გადაღების გამოც, კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან.
ფილმისა და ხალხის ბედი
1966 წელი იდგა. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ცხოვრება მშვიდად და მდორედ მიედინებოდა. ოთარ იოსელიანმა დაამთავრა ფილმის „გიორგობისთვე“ გადაღება. სტუდიის სამხატვრო საბჭომ ფილმი მოიწონა. დადგა დღე, როცა „გიორგობისთვე“ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლისათვის უნდა ჩაგვებარებინა. ასეთი იყო წესი. „გიორგობისთვის“ სანახავად მოვიდა საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი დევი სტურუა. სხვებიც ახლდნენ, ცკ-ს თანამშრომლები.
ნახეს ფილმი. დიდი აღტაცება გამოიწვია. დევი სტურუამ კარგახანს ილაპარაკა. აქო ფილმის ავტორები – რეჟისორი ოთარ იოსელიანი, სცენარისტი ამირან ჭიჭინაძე, მსახიობები.
კინოსტუდია კმაყოფილებით იყო სავსე.
ფილმი კინოგაქირავების კანტორას გადაეცა. ყველა მოუთმენლად ელოდა, როგორ მიიღებდა მაყურებელი „გიორგობისთვეს“. სწორედ აქ მოხდა მოულოდნელი ამბავი.
ქალაქში დაიწყო ფილმის დემონსტრირება. მხოლოდ ერთი, დილის სეანსი იყო ნაჩვენები, რომ კინოთეატრ „სპარტაკში“ კინოსურათის სანახავად მოვიდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ფილმის ჩვენება ჩვეულებრივ დაიწყო. არავინ ელოდა ქარიშხალს, მაგრამ იგი „გიორგობისთვის“ დამთავრებისთანავე ამოვარდა. გამძვინვარებული თავმჯდომარის მოადგილე დარბაზიდან გავარდა. მინისტრთა საბჭოში მისვლისთანავე გასცა განკარგულება – ყველა კინოთეატრში შეწყვიტეთო „გიორგობისთვის“ ჩვენება.
კინოსტუდიას თავზარი დაეცა. ძველი კმაყოფილების ნამცეციც აღარ დარჩა.
კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი თენგიზ გორდელაძე და მე, გაოგნებული ვიყავით. არ ვიცოდით, რა გვექნა. გვიკვირდა, ცენტრალური კომიტეტის მდივნის მოწონებული და მიღებული ფილმი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ როგორ მოხსნაო, მაგრამ ფაქტი ფაქტი იყო და გაოცება-გაკვირვება საქმეს ვერ უშველიდა. ერთადერთი გზა დაგვრჩენოდა: უნდა მიგვემართა საქართველოს კპ ცკ პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძისათვის. მაგრამ ვიდრე იქამდე მივაღწევდით, სუბორდინაცია არ უნდა დაგვერღვია და ყველა ინსტანცია გაგვევლო: გადავწყვიტეთ, ჯერ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს გივი ჯავახიშვილს ვხლებოდით. ვითხოვეთ მიღება. შეგვპირდნენ, ოღონდ მოსვლის დღესა და საათს ცალკე გაუწყებთო.
ამასობაში შეგვატყობინეს, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში გამოცხადდითო.
კომიტეტის თამჯდომარეს შეეკრიბა კომიტეტის კოლეგიისა და კინოსტუდიის სამხატვრო საბჭოს წევრები.
თავშეყრილთ თავმჯდომარემ გამოგვიცხადა: ზემდგომი ორგანოების მითითებით უნდა განვიხილოთ ფილმი „გიორგობისთვე“, დავიწუნოთ, დავგმოთ იგი და სათანადო ოქმი გავგზავნოთო ცენტრალურ კომიტეტში.
დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. ვინც სულ რამდენიმე დღის წინათ ხოტბას ასხამდა „გიორგობისთვეს“, ახლა უშვერი სიტყვებით აძაგებდა ფილმსა და მის ავტორებს. ისეთი ერთსულოვანი და თავგადადებული ლანძღვა-გინება გაჩაღდა, რომ კინოკომიტეტის წევრმა ივლიტე მესხიშვილმა ვერ აიტანა და იყვირა: რა მოგდით, ამხანაგებო, არ გრცხვენიათ. ჩვენ არ ვიყავით, რომ ვაქებდით ამ ფილმს? თუ დაცვა არ შეგვიძლია, ის მაინც ვთქვათ, რომ ფილმი მოგვწონდა, მაგრამ შევცდით. ახლა ვაღიარებთ ამ შეცდომას.
არავის უღია ყურად ივლიტე მესხიშვილის რეპლიკა. ფილმი ერთხმად დაასამარეს.
როცა მსჯელობა დაამთავრეს კინოკომიტეტის თავმჯდომარე მომიბრუნდა და მკითხა, რას იტყვიო. მე მივუგე: „გიორგობისთვე“ მომწონდა და მომწონს. მისი აკრძალვა შეცდომაა. ამიტომ ფილმის დასაცავად უნდა ვიბრძოლოთ-მეთქი. კინოკომიტეტის თავმჯდომარე გაბრაზდა და დამიყვირა: ნუ გიყვარს ორიგინალობა და თავის გამოჩენა. ჩვენ განკარგულება მოგვცეს დავიწუნოთ ფილმი და უნდა დავიწუნოთ კიდეც. ამიტომ ვემსახურებით პარტიას. ახლავე უნდა აღიარო, რომ ფილმი არ მოგწონს და ცდებოდი, როცა „გიორგობისთვეს“ უჭერდი მხარს. თავმჯდომარის მუქარამ წონასწორობა დამაკარგვინა და აღელვებულმა ვუპასუხე: აღმაშფოთებელ თავხედობად მიმაჩნია, რომ რიგით ჩინოვნიკს შეუძლია ასე მოექცეს მთელი შემოქმედებითი კოლექტივის ნაშრომს და ჩვენ კი ასე მუნჯურად ვეთანხმებოდეთ მას. თავმჯდომარე ფეხზე წამოვარდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ შეაჩერა საქართველოს კპ ცკ კულტურის განყოფილების გამგემ – დაანებე თავი. ბაქრაძეს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი. ძალას ნუ დაატან. თავმჯდომარე ისევ დაჯდა, გამგემ კი გააგრძელა – დღევანდელმა სხდომამ ნათელყო, რომ კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტი და კინოსტუდიის სამხატვრო საბჭო იწუნებს ფილმს. არ მიაჩნია მიზანშეწონილად მისი ჩვენება. მე მოვახსენებ ცენტრალურ კომიტეტში თქვენს ამ აზრს.
ნათელი გახდა: ფილმის გადარჩენისათვის ბრძოლა გართულდებოდა. საქმეს ისე აჭახრაკებდნენ, ისეთ დოკუმენტებს ქმნიდნენ, რომ თითქოს ფილმის აკრძალვას ჩვენ ვითხოვდით და არა ხელისუფლება. მაგრამ არც თენგიზ გორდელაძე და არც მე არ ვფიქრობდით ბრძოლისათვის თავი დაგვენებებია და პოზიცია იოლად დაგვეთმო.
არც მოწინააღმდეგეთა ბანაკი იჯდა გულხელდაკრეფილი. მოეწყო პროვოკაციული წერილების ორგანიზაცია. ცენტრალურ კომიტეტში წერილებს აგზავნიდნენ კოლექტიურად და ინდივიდუალურად. ვინ არ აწერდა ხელს ამ წერილებს: პარტიის რაიკომის მდივნები, რაიაღმასკომების თავმჯდომარეები, კომკავშირის რაიკომის მდივნები, მეცნიერებათა დოქტორები და კანდიდატები, გაზეთების რედაქტორები. ჩინიანთ და ხარისხიანთ არც უჩინონი და უხარისხონი ჩამორჩებოდნენ.
აი, რას წერდნენ ისინი (სტილი და მართლწერა ყველგან ზუსტად დაცულია):
„ფილმის თვითეული კადრი უხამსობა, დამცირება და აგდებაა ქართველი ერისა; საბჭოთა ხალხის ინტერნაციონალური სოლიდარობისა. ფილმში შებილწულია ქართული ენა, მუსიკალური ხელოვნება, ჩვენი ერის მაღალი ეთნიკური თვისებები. ქართველმა ხალხმა, ქართულმა კინემატოგრაფიამ ასეთი რეჟისორი, მისი ასეთი ნახელავი თავიდან უნდა მოიცილოს.
მაყურებელთა წინადადებაა კინო-ფილმი „გიორგობისთვე“ მოიხსნას ეკრანიდან, განადგურდეს“.
ამ წერილის ავტორი მაშინ რაიკომის მდივანი იყო.
„ახალგაზრდა რეჟისორის ო.იოსელიანის ეს ფილმი მთელი ჩვენი ცხოვრების უნდობლობით, ადამიანთა უნდობლობით, ცინიზმით, მოტყუებით და ჩვენი დღევანდელობისადმი ურწუმნოებითაა გაჟღენთილი“.
ამ წერილის ავტორი კი მაშინ კომკავშირის რაიკომის მდივანი იყო.
„დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ №49 ბუტში წითელი ღვინო უვარგისია, დავა და ჩხუბი მის გარშემოა. სცენარის ავტორს და რეჟისორს გონიათ აქ უსუსური ალეგორიის გამოყენებით ჯვარი დაუსვან ჩვენს სინამდვილეს, ისე როგორც ჯვარი დაუსვეს №49 ბუტს, რას ნიშნავს ის, რომ უვარგის ღვინოს ქართველები სხვებს ასმევენ. როდის იყო ქართველები ასე ექცეოდნენ თავიანთ სტუმრებს? ბოლოს და ბოლოს რა უნდათ გვითხრან ამ „ხელოვნების ვირტუოზებმა“.
ამ წერილის ავტორი მაშინაც და დღესაც ერთ-ერთი პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორია.
„ფილმში გამასხარავებულია საერთოდ სოფლის მეურნეობა (მხედველობაში მაქვს რადიო გადაცემა) და განსაკუთრებით კი მეღვინეობა. ძველი თაობა; მუშები, სპეციალისტები, წარმოების ყველა უარყოფითი ტიპებია, საცინად არის აგდებული ახალგაზრდობა, მთელ ფილმში თითქმის არ არის არცერთი დადებითი ტიპი“.
ამ წერილის ავტორი პროფესორია. თუმცა ზემორე ციტირებული სტრიქონების წაკითხვის შემდეგ არავის გასჩენია კითხვა: შეიძლება თუ არა წერა-კითხვის უცოდინარი კაცი პროფესორი იყოს?
„ჩემი აზრით ეს არის სურათი რომელიც ღვარძლიანად, ყოვლად უხეშად და დაუმსახურებლად ლაფს ასხამს ჩვენს სამშობლოს საქართველოს.
სურათი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას ეკრანიდან და ასეთი ღვარძლით სავსე ადამიანებს, როგორიც მისი დამდგმელია, საჭირო რჩევა უნდა მიეცეს, რომ ქართულ კინემატოგრაფიას მეორედ სახელი არ გაუტეხოს“.
ამ წერილის ავტორიც პროფესორია და მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე.
„საოცარია, ახალგაზრდა ავტორებს, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ საბჭოთა ეპოქაში, როგორ დაუგროვდათ ამდენი ღვარძლი მშობლიური ქვეყნისადმი. საბჭოთა საქართველოს ყველაზე დიდი მტრებიც, უკიდურესად რეაქციონერი ადამიანებიც კი ვერ მოახერხებდნენ ასეთი პასკვილის შექმნას“.
ამ წერილის ავტორი კი დღესაც გაზეთის რედაქტორია.
ეს ამონაწერები წვეთია ზღვაში. მაგრამ ეს წვეთიც ნათელ წარმოდგენას იძლევა იმ ზღვაზე, რომელიც მაშინ ფილმ „გიორგობისთვეს“ და მის ავტორებს წარღვნით ემუქრებოდა.
ჩვენ კი ვისხედით და ველოდით მინისტრთა საბჭოში გამოძახებას. 1966 წელიც მიიწურა. 1967 წლის იანვარი დადგა. დაგვიძახეს მინისტრთა საბჭოში სამს – თენგიზ გორდელაძეს, კინოსტუდიის პარტკომს და მე. წასვლის წინ თენგიზ გორდელაძემ პარტკომს უთხრა – თუ ფილმის დაცვა არ შეგიძლია ან არ გინდა, მაშინ ნუ წამოხვალო. პარტკომმა იწყინა: რას ქვია, არ მინდა და არ შემიძლია, თქვენთან ერთად, თავგამეტებული დავიცავო ფილმს.
წავედით მინისტრთა საბჭოში. მიგვიღეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ გივი ჯავახიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ჩოგოვაძემ.
ხეირიანად არც მოგვისმინეს, ისე გამოგიცხადა გ. ჯავახიშვილმა – „გიორგობისთვე“ ანტისაბჭოთა, ანტიქართული ფილმია. ჩემი ნება რომ იყოსო, ამ ფილმს გავანადგურებდი და რეჟისორს დადგმის უფლებას ჩამოვართმევდიო. ჩვენმა ცდამ, აგვეხსნა ფილმის ავ-კარგი, მისი აზრობრივი მიზანდასახულება, ნაყოფი არ გამოიღო. არაფრის მოსმენა არ სურდათ. მაშინ სასოწარკვეთილმა თ. გორდელაძემ სცადა მოეშველებინა მოსკოვი და გ. ჯავახიშვილს უთხრა – მოსკოვში ფილმი ძალიან კარგად მიიღეს და დიდად მოეწონათო. გ. ჯავახიშვილისგან გამაოგნებელი პასუხი მივიღეთ – მოსკოვში საქართველოს ცუდი უხარიათ და, ცხადია, მოეწონებოდათო.
აშკარა იყო, ჩვენი არგუმენტაცია არ ჭრიდა. მაინც არ ვანებებდით თავს დავას.
პაექრობის დროს გაგვახსენდა: იმ ხანებში მიმდინარეობდა მეღვინეთა პროცესი. მათ ბრალად ედებოდა ღვინის ფალსიფიკაცია და სახელმწიფო ფულის მითვისება. გადავწყვიტეთ, ეს ფაქტი გამოგვეყენებინა, ამით დაგვესაბუთებინა – „გიორგობისთვე“ არ იყო არავითარი ცილისწამება. იგი სინამდვილეს ასახავდა. როგორც კი ეს სასამართლო პროცესი ვახსენეთ, გაცეცხლებულმა გ. ჩოგოვაძემ იყვირა: როგორ, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელები ქუჩის ჭორს აჰყევით… არავითარი პროცესი არ მიმდინარეობს… არავინ დაუპატიმრებიათ… არავითარი ღვინის ფალსიფიკაცია არ მომხდარაო.
ეს იყო ურცხვი ტყუილი. გ. ჯავახიშვილი გაწითლდა. უხერხულობა რომ გაეფანტა, ჩოგოვაძე დაამშვიდა. მერე აქამდე ჩუმად მყოფ პარტკომს არ შეეკითხა – თქვენ სად იყავით? რატომ მიაქციეთ ყურადღება? ხომ ხედავდით, როგორ ფილმს იღებდნენო? მაშინ პარტკომმა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს მოახსენა – მე ორჯერ მოვიწვიე პარტკომის სხდომა. ფილმის გადაღების შეჩერება მოვითხოვე, მაგრამ არ დამიჯერესო. პარტკომი გადაღების წინააღმდეგი ყოფილაო, ეს რომ გაიგონა გ. ჩოგოვაძემ, იყვირა, მაგრამ რა იყვირა – ხომ ხედავთ, გივი დიმიტრიევიჩ, რა ხდება კინოსტუდიაში, რა თვითნებობაა, არავის უგდებენ ყურს. თუმცა ესენი პარტკომს დაუგდებენ ყურს, როცა ჩვენ არ გვეპუებიან… სრული განუკითხაობაა. მისი შედეგიც „გიორგობისთვეა“. ფილმი კი არა, ჩვენ კინოსტუდიის ხელმძღვანელების საკითხი უნდა განვიხილოთო.
ლაპარაკის გაგრძელება უკვე შეუძლებელი იყო. სიმტკიცე დაკარგული გვქონდა. პარტკომი სიცრუეს ამბობდა, მაგრამ ჩვენ უკვე აღარ გვისმენდნენ. მართალია, პარტკომის სხდომა ორჯერ მოიწვიეს, მაგრამ იგი იხილავდა გადაღების ვადების დარღვევის საკითხს და არა ფილმის აზრობრივ შინაარსს. როგორც წესი, ფილმის გადაღების ვადები კინოსტუდიაში ყოველთვის ირღვეოდა. არც „გიორგობისთვე“ იყო გამონაკლისი. ამის გამო ხშირად მსჯელობდნენ საერთოდ და პარტკომის სხდომაზეც.
ჩვენ აღარ შეგვეძლო ამ განმარტების მიცემა. საუბარი დამთავრებულად მიიჩნიეს. ფილმის აკრძალვა მიზანშეწონილად ჩათვალეს.
დამარცხებული დავბრუნდით სტუდიაში.
ფილმის გადარჩენის იმედი დაკარგული მაინც არ გვქონდა. იგი ჯერ კიდევ არ ენახა ვასილ მჟავანაძეს. სანამ ისიც არ დაიწუნებდა „გიორგობისთვეს“, შანსი კიდევ არსებობდა. ჩვენს იმედს აძლიერებდა დ.სტურუას დაპირებაც: ყოველ ღონეს ვიხმარ „გიორგობისთვე“ ბიურომაც ნახოს და პირადად მჟავანაძემო.
ვ. მჟავანაძე ფილმის ნახვას აჭიანურებდა. მოთმინების ფიალა კი ივსებოდა. ერთ დღეს შეგვატყობინეს: მართალია, თავად მჟავანაძე ფილმს ვერ ნახავს, არ სცალია, მაგრამ ბიუროს წევრებს აჩვენეთო.
წავიღეთ ფილმი ცენტრალურ კომიტეტში. კინოდარბაზში ბიუროს წევრები შეკრებილიყვნენ. ფილმის ჭირისუფალნი უკან კუთხეში მივიჭუჭკეთ. მოთმინებით ველოდით ბიუროს წევრების მსჯავრს. სამარისებურ სიჩუმეში მიმდინარეობდა ფილმის ჩვენება. არავითარი რეაქცია – არც აღტაცების, არც აღშფოთების – არ გამოხატულა. დამთავრდა ფილმი. კაციშვილი ხმას არ იღებს. ყველა დუმს. ადგილიდან არ იძვრის. რამდენიმე წუთს გაგრძელდა ასე. მერე წამოდგა ალექსი ინაური. ამოიოხრა – Напрасно потерял два часа – და გავიდა დარბაზიდან. ბიუროს დანარჩენი წევრებიც უხმოდ გაიძურწნენ. დავრჩით მარტონი ფილმის ჭირისუფალნი. ცხადი იყო, ბიუროს წევრებსაც არ მოეწონათ ფილმი. თუმცა შეიძლება მოეწონათ კიდეც, მაგრამ არავინ იცოდა, როგორი იქნებოდა ვ.მჟავანაძის დამოკიდებულება ფილმისადმი და ამჯობინებდნენ დუმილს. აშკარად ჩანდა, ვ.მჟავანაძის გარდა, ვერავინ გადაწყვეტდა ფილმის ბედს. ჩვენც მოთმინებით უნდა გვეცადა, როდის ინებებდა იგი „გიორგობისთვის“ ნახვას.
ეს დღეც დადგა.
გამოიძახეს ცენტრალურ კომიტეტში ფილმის ავტორები და სამხატვრო საბჭოს რამდენიმე წევრი. შეხვედრას ესწრებოდა დ. სტურუაც. როგორც კი დავსხედით პირველი მდივნის კაბინეტში, ვ. მჟავანაძემ უკმეხად გვითხრა – აქ იმიტომ მოგიყვანეთ, რომ მე ვილაპარაკო და არა თქვენ. არ გვჭირდებოდა ეს გაფრთხილება. ყველამ ვიცოდით, რომ თუ ვ. მჟავანაძე არ მოგვცემდა ნებას, არავის ჰქონდა ხმის ამოღების უფლება. მერე ვ. მჟავანაძემ დიდხანს, დიდხანს გვიყურა ჩუმად და გვითხრა – ძალიან, ძალიან მაწყენინეთო. ამან დაგვაბნია. ვიფიქრეთ, ალბათ, ფილმი არ მოსწონს და უკმაყოფილება ასე გამოხატაო. ოთ. იოსელიანი წამოდგა და უპასუხა – ბატონო ვასილ, არავის წყენინება არ მინდოდა, არც მიფიქრია. მე ფილმი გადავიღე. შევეცადე ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა მოვლენებისადმი. რატომ უნდა იყოს ეს ვისმესთვის საწყენი? ვ. მჟავანაძემ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. თქვა – მე ახლა ფილმზე არ გელაპარაკებით. თქვენ, ამხ. იოსელიანო, იცით, რაც მაწყენინეთ. ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დაგვაბნია. ყველა გაშტერებული მივაჩერდით ოთ. იოსელიანს. ოთარიც გაოგნებული იდგა. ვერ მიმხვდარიყო, რას გულისხმობდა ვ.მჟავანაძე. პირველი მდივანი ერთხანს დუმდა. მერე ოთ.იოსელიანს ჰკითხა – ამხ. იოსელიანო, ვინ არის ის კაცი, ფილმის დასაწყისში ჯამით ღვინოს რომ სვამს?
ცხადია, ყველას გვახსოვდა ფილმის პროლოგში დიდი პლანით გადაღებული ბერიკაცი. მას დაშაშხულ-დაკოჟრებული ხელები ჰქონდა. თასი ეჭირა. ღვინოს ისე სვამდა, თითქოს მღვდელთმსახურებას ასრულებსო. ძალიან კოლორიტული და შთამბეჭდავი სახე ჰქონდა იმ მოხუცს. მაგრამ რატომ დაინტერესდა ვ. მჟავანაძე ამ ბერიკაცით? ვინ უნდა ყოფილიყო იგი? ჩვენ არ ვიცოდით. მოუთმენლად ველოდით ოთ. იოსელიანის პასუხს.
ოთარმა თქვა: არ ვიცი, ბატონო ვასილ, მე მჭირდებოდა გლეხები მასობრივი სცენისათვის. ჯგუფის დირექტორმა შემიკრიბა ისინი. მათ შორს იყო ის მოხუციც. მე მომეწონა მისი გარეგნობა და გადავიღე დიდი პლანით. მეტი არაფერი ვიცი. შეიძლება ჯგუფის დირექტორმა იცოდეს – ვინ არის და რა გვარია.
ვ. მჟავანაძემ არ დაიჯერა ოთ. იოსელიანის ნათქვამი. თვალები მოწკურა და ოთარს ნიშნის მოგებით უთხრა – იცი, იოსელიანო, იცი, კარგად იცი… ისიც იოსელიანია და შენც…
ჩვენ ხომ რეტდასხმული ვისხედით, მაგრამ არც ოთ. იოსელიანი იყო უკეთეს დღეში. იგი აქეთ-იქით იყურებოდა. არ იცოდა, რა ეპასუხა. ფიცი დაიწყო – ყველაფერს გეფიცებით, არ ვიცოდი ვინ იყოო ის კაცი. მერე ვ. მჟავანაძე რომ დაემშვიდებინა, შესთავაზა – თუ ეს კადრი არ მოგწონთ, სულ ამოვჭრიო მას ფილმიდან. ამის გაგონება და ვ. მჟავანაძის სახის გაბრწყინება ერთი იყო. მიამიტად იკითხა – ეს შეიძლებაო? – თუ გნებავთ, ახლავე გავიქცევი სტუდიაში, ამოვჭრი და ისე გაჩვენებთ ფილმს. ამით „გიორგობისთვეს“ არაფერი დააკლდებაო – დაამშვიდა ოთარმა.
უცბათ შეიცვალა ვ. მჟავანაძის განწყობილება ჩვენდამი. იგი მეგობრული და შინაურული გახდა. ცნობისმოყვარეობით ვიწვოდით. გვინდოდა გაგვეგო, რატომ აუმხედრდა ვ. მჟავანაძე ფილმში გადაღებულ ბერიკაცს, მაგრამ კითხვა ვერ გაგვებედა. პირველმა მდივანმა უკითხავად მოგვცა პასუხი.
20-იანი წლების ბოლოს კულაკობის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობდა. მაშინ ქუთაისის მაზრის კომკავშირული აქტივის წევრი ვ. მჟავანაძეც ყოფილა. იგი, სხვებთან ერთად, მონაწილეობდა ქართველი გლეხობის საკუთარი მიწა-წყლიდან აყრასა და ციმბირს გადასახლებაში. დასჯილ გლეხებს შორის ის იოსელიანიც მოხვედრილა, ოთარმა „გიორგობისთვეში“ რომ გადაიღო, შემდგომ რის ვაი-ვაგლახით შინდაბრუნებული. საქართველოს კპ ცკ-ის პირველ მდივანს ძველი ნაცნობი ფილმში რომ დაუნახავს, ელდა სცემია – ამას ჩემს წინააღმდეგ აკეთებენ, ამით ქართველ ხალხს ეუბნებიან: აი, ვინ არის ვ.მჟავანაძე, ჩვენი გლეხობის მტერი, უდანაშაულო ადამიანებს ციმბირში რომ მიერეკებოდა.
რა თქმა უნდა, ოთ. იოსელიანმა არაფერი ეს არ იცოდა, მაგრამ, ეტყობა, ძველი დანაშაულის გამო ვ. მჟავანაძეს სინდისი ქენჯნიდა. ის ეჩვენებოდა, რაც არავის უფიქრია. თავი რომ ემართლებინა და დაემტკიცებინა, ქართველ ხალხს არასოდეს ვმტრობდიო, შემზარავი ამბავი მოგვითხრო.
– აი, ამ ტელეფონით – და მაგიდაზე მდებარე თეთრ ტელეფონს დაადო ხელი – დამირეკა ხრუშჩოვმა და მითხრა: ჯარიც მზად არის, ვაგონებიც, ქართველები ციმბირში გადასასახლებლად მოემზადეთო. მე მოურიდებლად და პირდაპირ ვუპასუხე – ნუ გვაშინებთ, ქართველები ციმბირშიაც ქართველებად დავრჩებით. იმავე დღეს მოსკოვში გავფრინდი, – ყვებოდა ვ. მჟავანაძე, – ხრუშჩოვს შინ მივაკითხე. მიმიღო. დავუწყე ხვეწნა-მუდარა – ნუ იზამთ ამას, ნუ გაგვრეკავთ ციმბირში. ხრუშჩოვი გაკვირვებული მეუბნებოდა – არ მესმის რატომ წუხარ, შენ ხომ ციმბირშიაც ცენტრალური კომიტეტის მდივანი იქნები. როცა მუდარით ვერაფერს გავხდი, ფეხებში ჩავუვარდი, მუხლებზე მოვეხვიე. ამ დროს ოთახში ხრუშჩოვის ცოლი ნინა პეტროვნა შემოვიდა. მუხლებზე დაჩოქილი რომ დამინახა, გაოცებულმა იკითხა – რა ხდებაო. ახლა მას მივვარდი. შევევედრე: გვიშველეთ, განკარგულებაა გაცემული ქართველების ციმბირში გადასახლებისა, გვიხსენით. ეს ქალი უცბათ ხრუშჩოვისკენ მიბრუნდა. ქმარს ყბაში გამეტებული სილა გაულაწუნა. – ახლავე დაურეკე სამხედრო მინისტრს. უთხარი, რომ მთვრალი იყავ და არ იცი, რა განკარგულებას იძლეოდი, – უბრძანა ცოლმა ხრუშჩოვს. ხრუშჩოვმა მორჩილად აიღო ტელეფონი. დარეკა: ქართველების გადასახლების განკარგულება გაუქმებულიაო.
ასე შემთხვევით გადარჩენილა ქართველი ხალხი. ვისღა ახსოვდა „გიორგობისთვე“. ყურებჩამოყრილი, დაჩაგრული და დამუნჯებული ვისხედით. ხელშესახებად ნათელი გახდა, რა უძლური, უსუსური და საცოდავი ხალხი ვიყავით. რა სასაცილო იყო ჩვენი ფაფხური „გიორგობისთვისათვის“. ქართველი ხალხის ყოფნა-არყოფნის საკითხი მდგარა. მთელი ერის ბედ-იღბალი კრემლში მოკალათებული არარაობის ხუშტურზე ეკიდა. რა გვექნა? რა უნდა გვეღონა? როგორც შორეული უპუ, ისე გავიგონეთ ვ. მჟავანაძის გადაწყვეტილება – „გიორგობისთვე“ კარგი ფილმია. მისი ჩვენება განაახლეთ.
კინოსტუდიაში ნაცემი ძაღლივით წელმოწყვეტილი ვბრუნდებოდით.
„გიორგობისთვე“ კი გადარჩა, მაგრამ სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის მუშაობას დაუწყეს ალმაცერად, ეჭვის თვალით ყურება…”